"წყალში კორონავირუსის ნუ შეგეშინდებათ!" - კვირის პალიტრა

"წყალში კორონავირუსის ნუ შეგეშინდებათ!"

"წყალში კორონავირუსის ნუ შეგეშინდებათ!"

- ამბობს წყალბურთის კლუბ "იმედის" მწვრთნელი დავით ხავთასი. ცურვისა და წყალბურთის სტაჟიანმა მწვრთნელმა პირადი გამოცდილებით იცის, რომ აუცილებელი დისტანციის დაცვით წყალში (აუზზე, ზღვასა თუ მდინარეში) "კოვიდ-19"-ის გადადების არ უნდა შეგეშინდეთ.

დავით ხავთასი: - წყალი, მით უმეტეს, აუზის ქლორის შემცველი არ არის ახალი კორონავირუსის გადამტანი. ასე რომ, მშობლებს ვურჩევ და მოვუწოდებ, მოიყვანონ შვილები საცურაო აუზებზე, სადაც პროფესიონალი მწვრთნელების მეთვალყურეობით ჯერ ცურვას ისწავლიან და ორგანიზმს გაიკაჟებენ, მოგვიანებით კი, სურვილის შემთხვევაში, ცურვისა და წყალბურთის პროფესიულ გუნდებშიც გააგრძელებენ ვარჯიშს. ყოველ შემთხვევაში, ცურვა ნამდვილად ეცოდინებათ და აღარ მოხვდებიან საქართველოს მოსახლეობის იმ დიდ ნაწილში, ვინც ცურვა არ იცის.

ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება მდინარეების, ზღვებისა და ტბების სანაპიროებთან დასვენების მსურველთა რაოდენობა. ცურვა არ იციან, მაგრამ წყალს მაინც არ ერიდებიან და ამიტომაც გახშირდა უბედური შემთხვევები. არადა, უდიდესი სირცხვილი და ტრაგედიაა, რომ წყლის რესურსებით ასეთ მდიდარ ქვეყანაში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ცურვა არ იცის. გარდა იმისა, რომ მისი ცოდნა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ცურვა სასარგებლოა ხერხემლისა და კუნთოვანი სისტემისთვის, კიფოზის, სქოლიოზის, ბრტყელტერფიანობის დროს. რაც მთავარია, პროფესიონალი მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშის დროს შედეგი მოკლე პერიოდში ჩანს.

კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მეტია არა უშუალოდ წყალში, არამედ წყლიდან ამოსვლისას. "კოვიდ-19" რესპირატორული დაავადებაა და ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ამიტომ არის აუცილებელი დისტანციის დაცვა (წყალშიც და წყლიდან ამოსვლისასაც) და სამედიცინო ნიღბის ტარება, მათ შორის ვაქცინირებულებისთვისაც.

ცურვა სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით აუცილებელია მისი ცოდნა ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რათა დროულად შეითვისონ წყალთან გამკლავების სასიცოცხლოდ საჭირო უნარი და გაიძლიერონ ორგანიზმი და იმუნიტეტი.

მოდით აუზზე, ისწავლეთ ცურვა და გაჯანსაღდით. რაც მთავარია, წყალშიც და ხმელეთზეც დაიცავით დისტანცია, ატარეთ სამედიცინო ნიღაბი და აიცერით!