საქართველოს დროშის ამარა - კვირის პალიტრა

საქართველოს დროშის ამარა

მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე მოპოვებული გამარჯვება ქართველებს ნამდვილად არ გვიკვირს. თუმცა, ერთია, როცა მოჭიდავე ან მორაგბე მოუგებს თავისზე დალხენილ მეტოქეს და სხვა, როცა საქმე ისეთ სახეობას ეხება, სადაც ფინანსები და აღჭურვილობა უმნიშვნელოვანესია.

ივნისის დასაწყისში უკრაინის ქალაქ იალტაში გამართული პრესტიჟული ავტორბოლიდან ჩვენი მრბოლელები ამჯერადაც თავაწეული დაბრუნდნენ. თავის კლასში პირველობა არავის დაუთმო არჩილ ბიძინაშვილისა და გოგა არჯევანიძის ეკიპაჟმა, მევლუდ მელაძისა და სანდრო ლომაძის დუეტი კი საკუთარ კლასში მეხუთე პოზიციაზე გავიდა. ქართველი სპორტსმენები იალტაში საკუთარი ხარჯით და... ავტომანქანებით ჩავიდნენ, დანარჩენს კი გამარჯვებული ეკიპაჟის შტურმანი გოგა არჯევანიძე გვიამბობს:

- იალტაში IRC-ს (Intercontinental  Rally  Challenge) მეოთხე ეტაპი ჩატარდა. ეს არის ევროპის ჩემპიონატის უმაღლესი კატეგორია, რომელიც 14 ეტაპისაგან შედგება. იალტაში ევროპის ყველა სპორტულმა გუნდმა იასპარეზა და რბოლაში 21 ქვეყნის 102 ეკიპაჟი მონაწილეობდა. საქართველოდან ორი ეკიპაჟი ვიყავით: მე და არჩილ ბიძინაშვილი 2,0 ლიტრამდე მოცულობის, წინა წამყვანთვლიანი, უტურბინო ავტომანქანების კლასში ვმონაწილეობდით, მევლუდ მელაძე და სანდრო ლომაძე კი - 2,0 ლიტრი მოცულობის, ოთხივე წამყვანთვლიანი, ტურბინირებული ავტომობილების კლასში. ჩვენმა გუნდმა თავის კლასში პირველი ადგილი დაიკავა, საერთო ჩათვლაში კი 102 გუნდს შორის მე-14 ადგილზე გავედით. მევლუდმა და სანდრომ მეხუთე ადგილი დაიკავეს თავიანთ კლასში.

- როგორც ცნობილია, ასპარეზობა სამ დღეს გაგრძელდა.

- 370-კილომეტრიანი დისტანცია სამ დღეზე განაწილდა. ისეთი მაღალი დონის შეჯიბრებაა, რომ ტურნირი უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გახსნა. ჩვენ თავიდანვე ვლიდერობდით და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სპეცმონაკვეთზე ავტომანქანამ გვიმტყუნა (ბლოკირების სისტემა გატყდა) და დრო დავკარგეთ, ისეთი უპირატესობა გვქონდა, რომ ჩვენი კლასის ავტომანქანებში მაინც ყველას ვაჯობეთ.

გარდა ამისა, ცალკე ნომინაციაში მეოთხე შედეგი ვაჩვენეთ წინა წამყვანთვლიან ავტომანქანებს შორის და რადგან მე და არჩილი Honda-ს მარკის ავტომანქანით ვასპარეზობდით, ამ კომპანიას დამატებით 12 ქულა შევძინეთ, რამაც "ჰონდას" შესაძლებლობა მისცა, საავტომობილო კომპანიებს შორის ევროპის მასშტაბით ლიდერი გამხდარიყო. ამის გამო "ჰონდა" ძალიან გვემადლიერება და ჩვენ შესახებ რამდენიმე სტატიაც გამოქვეყნდა IRC-ის ვებგვერდზე. გაკვირვებას ვერ მალავდნენ "რენოშიც", კომპანიის ოფიციალურ საიტზე დაიდო წერილი, რომლის ავტორიც ამბობს, იმ დროს, როცა ყველა სხვა გუნდი მინიმუმ რვაკაციანი შემადგენლობით იყო ჩასული, როგორ მოახერხა დაფინანსებისა და ხელშეწყობის გარეშე ჩასულმა ქართულმა ეკიპაჟმა გამარჯვებაო.

- სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იალტაში საკუთარი ავტომანქანებით ჩახვედით.

- დიახ, სპორტული მანქანებით თითქმის 700 კილომეტრი გავიარეთ, რაც ასეთი ტიპის მანქანებისთვის დაუშვებელია, მით უმეტეს - შეჯიბრების წინ. თბილისიდან ფოთამდე ჩავედით, ფოთის პორტიდან ქერჩში ბორნით გადავიტანეთ ავტომანქანები და ქერჩიდან იალტამდე 300 კილომეტრზე მეტი ისევ ჩვენი მანქანებით ვიარეთ. ჩვენი ხარჯით ვიყავით წასული, ყოველგვარი დახმარების, სერვისის, "ტეხნიჩკის" გარეშე. საქართველოს დროშის გარდა არაფერი გვქონდა თან. თუკი რამ იყო გასაკეთებელი, თავად ვაკეთებდით, არავინ გვყავდა, ვინც სერვისის ზონაში ავტომანქანის შეკეთებაში დაგვეხმარებოდა. საშეჯიბრებო ტრასაც კი ნაქირავები მანქანით ჩავიწერეთ. ორ ქართულ ეკიპაჟს სერვისის ერთი ავტომანქანა გვქონდა განაწილებული, ბორბლებიც იმ მანქანაში ეწყო, ინსტრუმენტებიც, სავარჯიშოდაც მას ვიყენებდით და სასტუმროშიც იმით დავდიოდით.

- ამდენი წელიწადია წარმატებით გამოდიხართ ასეთი რანგის შეჯიბრებებში, თუმცა, სულ საკუთარი ხარჯით. სპონსორების მოძებნა ძნელია, მაგრამ სახელმწიფოც ვერ დააინტერესეთ?

- რამდენჯერმე მივმართეთ სპორტის დეპარტამენტსაც, სამინისტროსაც, მაგრამ... იმედია, ახლა მაინც დაინტერესდება ვინმე. ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ათი ეტაპია დარჩენილი, გარდა ამისა, სექტემბერში ნოვოროსიისკი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და რუსებმა მიგვიწვიეს. თუ დაფინანსების მსურველი გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით გავემგზავრებით.

- თქვენს გამარჯვებას უცხოელებს შორის მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე საქართველოში. იალტაში რა ხდებოდა რბოლის დასრულების შემდეგ?

- ყველა განცვიფრებულია ჩვენი შედეგით. იალტის ტურნირში 2005 წლიდან ვმონაწილეობთ და თითქმის ყოველთვის წარმატებით. შარშანწინ აბსოლუტურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი დავიკავეთ და ორი თასიც წამოვიღეთ - "საუკეთესო უცხოური ეკიპაჟი" და "მეგობრობის თასი". გაოცებას ვერ მალავენ, ჩავდივართ ჩვენი მანქანებით, შედეგიც გვაქვს და უკანაც საკუთარი ავტომანქანებით ვბრუნდებით. მრბოლელებიც და ხალხიც თბილად გვხვდებიან. ჩვენს დროშასთან ფოტოს გადაღების მსურველთა რიგი იდგა.

- მართლაც საოცარია, სპორტულ ავტომანქანას სათუთი მოვლა სჭირდება, თქვენ კი არც ისე ახალი მანქანებით შეჯიბრების წინ ასეულობით კილომეტრი გაიარეთ და მაინც გაიმარჯვეთ.

- იალტაში 2002 წელს გამოშვებული ავტომანქანით ვიასპარეზეთ. ასე ხანდაზმული მანქანით რბოლაში აღარავინ მონაწილეობს. ერთი წლის შემდეგ ამ ავტომანქანით აღარც გვექნება მონაწილეობის უფლება. რის ხარჯზე გავიმარჯვეთ? რადგან იმის შესაძლებლობა არ გვქონდა, ბევრი რამ შეგვეცვალა ავტომანქანაზე, მე და არჩილმა სხვა ტაქტიკა ავირჩიეთ, რაც შეიძლება სწრაფად და ფრთხილად გვევლო, რათა ავტომანქანას მაქსიმალურად გავფრთხილებოდით. რადგან უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრება იყო, ყველა მონაწილეს ჩემპიონობა უნდოდა და... სიჩქარეში იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ 102 მონაწილიდან ფინიშამდე მხოლოდ 47-მა მიაღწია. ჩვენ კი ისე ვიარეთ, არც ერთი საბურავი არ გაგვფუჭებია. არადა, საბურავი თუ დააზიანე, მინიმუმ ხუთი წუთი დაკარგული გაქვს, რადგან სპეცმონაკვეთზე გიწევს შესვლა.

სამწუხაროდ, ტექნიკურ პრობლემას ვერც ჩვენი მეგობრები გადაურჩნენ. ეს რომ არა, მევლუდსა და სანდროს უფრო მაღალი ადგილის დაკავება შეეძლოთ. მათ ავტომობილს "გიტარა" გაუტყდა და ორი სპეცმონაკვეთი მოტეხილი თვლით იარეს. რუსები დაგვეხმარნენ, მათ "წავართვით" და მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოდელის ნაწილი იყო, გადავაკეთეთ და გატეხილის ნაცვლად დავამონტაჟეთ.