სკანდალის კვალდაკვალ - კვირის პალიტრა

სკანდალის კვალდაკვალ

გასულ კვირას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" დროს მომხდარი ინციდენტისათვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი დათუნაშვილი (74კგ) სამწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შემთხვევა ტურნირის მეოთხედფინალში, დათუნაშვილისა და ირანელი საიდ აბდვალის შეხვედრისას მას შემდეგ მოხდა, რაც ჩოქბჯენში მყოფ ქართველ მოჭიდავეს არბიტრმა ალეკო პატარქალიშვილმა თავში ხელი წამოარტყა (როგორც ამბობენ, მანამდე დათუნაშვილმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა). დათუნაშვილმა მსაჯზე გაიწია, მას შემდეგ კი, რაც ამ უკანასკნელმა ხელი ჰკრა, არბიტრს ცხვირში მუშტი დაარტყა და სისხლი ადინა, რასაც რამდენიმეწუთიანი არეულობა მოჰყვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი დათუნაშვილი ჭიდაობიდან სამი წლით მოკვეთეს, ინციდენტმა კი დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით "კვირის პალიტრის" რედაქციამ წერილი მიიღო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მამა ვაცხოვე ზიდანის!

თითქოსდა, არა აქვს გამართლება მოჭიდავის ქცევას, რომელმაც მსაჯის უხეშობას უხეშობითვე უპასუხა, მაგრამ გამაოცა ტელეეკრანზე ნანახმა, პირველ რიგში კი მსაჯის ქმედებამ, რომელმაც ორჯერ მოახდინა (თავში ხელი წამოარტყა და ხელი ჰკრა) ახალგაზრდა სპორტსმენის აშკარა პროვოცირება.

სამაგალითოა ირანელი მოჭიდავის სულგრძელობა, რომელიც თავის ქართველ მეტოქეს შარს არიდებდა, მაგრამ ქართველი მსაჯი ჯერ კისრიდან იხსნის მსაჯის ნიშანს, რაც იმას ნიშნავს, რომ იხსნის "მსაჯობას" და "ქუჩურს აწვება", შემდეგ, სუმოისტივით ჰკრავს ორივე ხელს მოჭიდავეს, რასაც ამ უკანასკნელისგან "არასანქცირებული ნოკდაუნი" მოჰყვება.

არბიტრის ადგილზე, ჩავიხუტებდი "მოკრივეს" და მსაჯთა კოლეგიას მისთვის მკაცრი განაჩენის გაუქმებას ვთხოვდი, რაც სამაგალითო გაკვეთილად დარჩებოდა როგორც მსაჯებისთვის, ისე სპორტსმენებისთვის.

გვეყო დაპირისპირება, ქრისტიანებო!

P.S. რატომღაც გამახსენდა დიდი მარადონას "პატარა" ხელით გატანილი გოლი. სამწუხაროდ, ლეგენდარულ ფეხბურთელს არ ეყო გამბედაობა სიმართლის ასაღიარებლად, რაც შავ ლაქად დარჩა მის ბიოგრაფიაში.

P.P.S. გავიგე, თითქოს მსაჯს სინანული გამოუთქვამს მოჭიდავის მკაცრად დასჯის გამო. და თუ ასეა, მამა ვაცხონე მსაჯისაც, ოღონდ, თუ საქმეს ბოლომდე, განაჩენის გაუქმებამდე მიიყვანს!

P.P. P.S. არც ერთის და არც მეორის გვარი არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ორივე ქრისტიანი ქართველია. შემინდეთ თქვენს მონა-მორჩილს, თუ რამ უხამსი გაკადრეთ".

ზურაბ ჩიქოვანი