გორგოძე საუკეთესო უცხოელია - კვირის პალიტრა

გორგოძე საუკეთესო უცხოელია

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი კარგა ხანია დამთავრდა, სეზონის ნომინანტები  კი ფრანგებმა ახლახან გამოავლინეს. ამ ქვეყნის პირველობის სხვადასხვა ლიგაში არაერთი ქართველი მორაგბე თამაშობს, მაგრამ მამუკა გორგოძისდარი აღიარებით, ჯერჯერობით, ვერც ერთი ვერ დაიკვეხნის - ფრანგულმა გაზეთმა "ეკიპმა" "გორგოძილა" (ასე მოიხსენიებენ ფრანგები საქართველოს ნაკრების მესამეხაზელს. - ავტ.) საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ დაასახელა!

გორგოძეს მართლაც შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა და "მონპელიე" არსებობის ისტორიაში პირველად რომ გავიდა თოპ-14-ის ფინალში, დიდწილად სწორედ  ქართველი გოლიათის დამსახურებაა, მაგრამ ამ აღიარებამ მაინც სასიამოვნოდ გაგვაოცა. ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში არაერთი ბრიტანელი, აფრიკელი, ზელანდიელი, არგენტინელი თუ სხვა ჯურის უძლიერესი მორაგბე ასპარეზობს. მაგალითისთვის ჯონი ვილკინსონის ან ფელიპე კონტეპომის დასახელებაც იკმარებდა და ამიტომაც გორგოძის საუკეთესო ლეგიონერად აღიარება კიდევ უფრო დასაფასებელია.