სირცხ-ვილის კორიდორი - კვირის პალიტრა

სირცხ-ვილის კორიდორი

ბულგარეთი 4:1 საქართველო

თუ კორიდორი არ მოგწონთ, ღია კარი დაარქვით, ტრიალი მინდორი, გამშვები პუნქტი... სახელს აღარც აქვს მნიშვნელობა (ძნელიც არის, რამე დაარქვა იმას, რაც დღეს, უფრო სწორად, წლებია, ჩვენს ფეხბურთში ხდება!) ყველა ისე გუთანივით გადი-გამოდის ქართულ ფეხბურთში, ჩვენებურ კლუბებსა თუ ნაკრებში, როგორც უნდა და აწყობს. საქართველოს ნაკრებისა თუ ქართული კლუბების დაცვაში ყველა "უპრაგონოდ" დასეირნობს და ისტორიულ შედეგს, სტატისტიკასა თუ სატურნირო მდგომარეობას იუმჯობესებს.

სირცხვილი კი... ვგონებ, ქართულ ფეხბურთში ყველაფერია სირცხვილის და პასუხისმგებლობის გარდა! გინდა 6 ბურთი გაუშვი ფარერელი მეცხვარეებისგან, გნებავს, ზედიზედ სამ მატჩში განადგურდი სანაკრებო დონეზე უთავმოყვარეო ანგარიშებით -თავის გასამართლებელ მიზეზს ყოველთვის მოძებნი.

არადა, სამარცხვინო მხოლოდ დიდი ანგარიშით წაგება კი არ არის (ჩვენც ვიცით, რომ იმავე ესპანეთმა გერმანიას მოუგო 6:0), სამარცხვინო ის "თამაში", საქმისადმი ის მიდგომაა, რასაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ვხედავთ. წინა კვირას დავწერე, რომ კოსოვოსთან ბათუმურ მატჩში კიტეიშვილის მოედნიდან გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევითი პოტენციალი "ზღვის დონეზე დაბლა" დაეცა, ოღონდ კარგა ხანია, ეს აღარ არის ერთი კონკრეტული მატჩის ან შესარჩევი ციკლის პრობლემა, ათწლეულებია გრძელდება და თუ ხანდახან მაინც ავწევთ უსუსურობისა და იმედგაცრუებისგან ჩაქინდრულ თავს (ვისაც ჯერ კიდევ შეგვრჩენია სირცხვილის გრძნობა), ზემოთ მხოლოდ დამოკლეს მახვილივით დაკიდებულ კითხვას ვხედავთ: კიდევ რა სიღრმეზე უნდა "ჩაყვინთოს" ქართულმა ფეხბურთმა, რომ ვაღიაროთ - მყრალი ჭაობიდან ცხვირის წვერიღა გვიჩანს! კიდევ სადამდე უნდა დავეცეთ, რომ ვინმემ რეალურად აიღოს პასუხისმგებლობა?!

წლებია, ველით, რომ მორიგი შერცხვენის შემდეგ კლუბ(ებ)ის, ნაკრების ან ფეხბურთის ფედერაციის რომელიმე წარმომადგენელი მაინც იგრძნობს, რომ სამარცხვინო წაგებებში დამნაშავეები მხოლოდ მოედანზე, სტადიონის თავზე ან მშპ-ს სტატისტიკაში არ უნდა ვეძებოთ. იგრძნობს და საქმით აიღებს პასუხისმგებლობას. ვილი სანიოლის დანიშვნიდან ნახევარი წლის თავზე გულშემატკივრის ნაწილი უკვე მისტირის ვლადიმერ ვაისს - მის დროს დიდი ანგარიშით მაინც არ ვაგებდითო... როგორც ჩანს, ქართული ფეხბურთის მიზანთა მაქსიმუმიც მხოლოდ ის არის, "დიდი ანგარიშით არ წავაგოთ", რაკიღა, ბოლო მატჩებია, ვისაც არ ეზარება, ყველა დიდი სხვაობით გვარცხვენს.

ოქტომბერ-ნოემბერს იმედიანად ველიო - ვილი სანიოლმა. და იქამდე რა შეიცვლება?! კი ბატონო, დაბრუნდება კვარაცხელია, მაგრამ ბოლო თვეებია, ამ ბიჭს ისედაც დიდი პასუხისმგებლობა ავკიდეთ ყოველდღიური ქება-დიდებითა და ევროპულ გრანდში "ჰა და ჰა" გადასვლაზე ლაპარაკით ("პერეგავორებმა" არ გაამართლა!) და ახლა, "გადამრჩენლის" და "ერთადერთი იმედის" ძახილით მაინც ნუღარ დავუმატებთ წნეხს! იქნებ ნოემბრამდე მართლაც შეიცვალოს რამე ან ვინმე, მაგრამ შემოდგომის ბოლომდე ხომ უნდა მივაღწიოთ? საფეხბურთო სამყაროს შუბლის ძარღვგაწყვეტილ წარმომადგენელთა მსგავსად (ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ), ქართველი გულშემატკივარიც საბოლოოდ რომ ჩაიქნევს ხელს ჩვენს ფეხბურთზე, მერე გნებავთ, "ოქტომბერში დაბდღვენით ყველაფერი" და გნებავთ, კარი გაიჯახუნეთ.

ძარღვი ვახსენეთ (ჩვენ მაინც ვახსენოთ ხოლმე, იქნებ ვინმეს შეუტოკდეს!) და ისიც ვთქვათ, რომ შუბლის ძარღვის გაწყვეტას ფეხბურთშიც "მუხლის ძარღვის" გაწყვეტა სჯობს...

ოქტომბერ-ნოემბერში რას ველით -ბათუმში აღარ იწვიმებს, რთველი იქნება ჩავლილი თუ - არჩევნები?! საკითხავი ის არის, ვინ და სად შერჩება ნოემბრამდე და კიდევ რამდენს დააინტერესებს ქართული ფეხბურთის ბედი? თანაც, დიდი ალბათობით, სტადიონზე მოხვედრას ისინიც ვერ შეძლებენ, რადგან საქართველოს ნაკრების ბოლო საშინაო მატჩებმა გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის მმართველებისთვის ახალი კორონავირუსი ყველაზე საშიში სწორედ სტადიონის ტრიბუნებზეა.

რადგან ფედერაცია ვახსენეთ, რამდენიმე სიტყვა ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოზეც ვთქვათ. უფრო სწორად, მისი პოზიცია გავიხსენოთ: ახალ ბაზებს, სტადიონებს, აკადემიებს ვაკეთებთ, ეროვნულ ნაკრებს ყველანაირ პირობას ვუქმნით, სახელმწიფოს დახმარებით ეროვნული ლიგის კლუბებს არსებობის საშუალებას ვაძლევთო და ა.შ. ნაკრების ფეხბურთელების ნაცვლად სირბილს არც არავინ სთხოვთ, ახალი ინფრასტრუქტურისთვისაც მადლობას ვეუბნებით და ბევრი სხვა კარგი პროექტისთვის, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის საზომი ეროვნული ჩემპიონატი და ნაკრებია და როცა ორივე წყალწაღებულია, პასუხისმგებლობა მხოლოდ ფეხბურთელებს ეკისრება?!

ევროთასებზე ქართული კლუბების შედეგები წლიდან წლამდე უარესდება. ლამის ყველა ქვეყნის კლუბმა ითამაშა რომელიმე დონის ევროთასზე. ყველამ - ჩვენ გარდა! როცა ხედავ, რომ ვისთვისაც სტადიონებს და ბაზებს აშენებ, არასწორი გზით მიდიან, მიეხმარე, შეუსწორე, რაღაც ან ვიღაც შეცვალე!

იმის მიუხედავად, რომ თვითონ დანიშნა, ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მწვრთნელის საქმიანობაში ვერ ჩაერევა და არც უნდა ჩაერიოს, თუმცა, თუ მწვრთნელი უკვე ისეა "აჭრილი", რომ ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებს ვეღარ არჩევს, ან ნაკრების თავკაცი უნდა შეიცვალოს, ან მისი დამნიშნავი.

ამ ამბავში ყველაზე ცუდი სწორედ ის არის, რომ ახალი მწვრთნელის დანიშვნიდან შვიდ თვეში უკვე იმაზე ვლაპარაკობთ, უნდა გააგრძელოს თუ არა სანიოლმა საქართველოში მუშაობა. არადა, ფრანგმა მწვრთნელმა გაზაფხულზე კარგად დაიწყო და იმედიც გაგვიჩინა, ზაფხულში არა უშავდა, შემოდგომის დადგომისთანავე კი... "ვილისიც" გაიჭედა. წინა-მძღოლი, რომელსაც ოღროჩოღრო გზებიდან უნდა გავეყვანეთ, ჩვენთან ერთად აღმოჩნდა ჭაობში.

არ ვიცი, ოქტომბერ-ნოემბერში ვინ რას იზამს, მაგრამ ფაქტია, სექტემბერში, ვილი სანიოლი აგვისტოს მზეზე დარჩენილ რძესავით აიჭრა!

ჯერ კიდევ თებერვალში, სანიოლის დანიშვნიდან ცოტა ხანში, დავწერე, ფრანგმა მწვრთნელმა ჯერ არ იცის, სად მოხვდა და იმედია, მალე გაერკვევა-მეთქი. ესპანეთთან მატჩის შემდეგ ვილის გაღიმებულ სახეს თუ გავიხსენებთ, მგონი, ჯერ კიდევ არ იცის. დიახ, გაღიმებული დარჩა ბადახოსის სტადიონზე, ესპანეთთან 0:4-ის შემდეგაც. ნამატჩევს სანიოლი ისეთი ნეტარი სახით ემუსაიფებოდა ესპანელ კოლეგა ლუის ენრიკეს, ლამის ჩვენც დავიჯერეთ, რომ ოფიციალურ შეხვედრაში კი არ გადაგვახიეს თავზე ოთხი ბურთი, საკონტროლო შეხვედრაში ბრაზილიას ვეთამაშეთ ტოლ-სწორად.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვერ თუ არ აქცევს ყურადღებას მატჩების სტატუსს - შვედეთთან წაგებით გავეშებულ ესპანეთს დებიუტანტები შეატოვა და მაინცდამაინც პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან შეხვედრაში დააპირა იმის გარკვევა, შეძლებდა თუ არა ბათუმის "დინამოს" არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი ზარია თავდასხმაში თამაშს, ან გაუძლებდა თუ არა ნაქებ ესპანურ ნახევარდაცვას ლოჩოშვილ-მამუჩაშვილის დუეტი. ამ საქმიდან რაც გამოვიდა, ყველამ ვნახეთ, თორემ ესპანეთთან 0:4 მარცხი მართლაც არ არის ისეთი ტრაგედია, როგორიც ბულგარეთთან თითქმის იმავე ანგარიშით შერცხვენა. ექსპერიმენტებისთვის ამხანაგური შეხვედრები არსებობს, უთამაშებლობით ისედაც დათრგუნვილი და სანაკრებო დონეზე გამოუცდელი ახალგაზრდების პირდაპირ ესპანეთის წინააღმდეგ გაყვანა კი საუკეთესო ანდალუზიურ ხართან პირტიტველა მატადორის შეშვებას ჰგავს. როგორღა უნდა ააშენო "მომავლის გუნდი", თუ ახალგაზრდა მოთამაშეს სადებიუტო მატჩშივე გაწირავ დიდი ანგარიშით წაგებით გამოწვეული სტრესისთვის?!

შემადგენლობის სწორად შერჩევა ძლიერი მწვრთნელის ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა. გავიგეთ, რომ ვილი სანიოლს ყველა გამოძახებულის ფეხბურთელის საქმეში ნახვა სურს, მაგრამ ექსპერიმენტსაც გააჩნია და მეტოქესაც! როგორც კი ესპანეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ვნახეთ, ყველა მივხვდით, რომ ჩვენს გუნდსა და ნერვებს კარგი დღე არ ელოდა. არადა, მესიე ვილი, პირიქით არის ეგ, პირიქით - მოედანზე 0:3-ზე შეშვებულ მოთამაშეებს სასტარტოში რომ დაეწყოთ, ახალბედები კი მეორე ნახევარში გამოგეცადათ, არც არაფერი დაშავდებოდა. მეტიც, იქნებ დიდი ანგარიშით მარცხსაც გადარჩენოდით და კრიტიკასაც.

მივადექით ჩვენთვის ავადსახსენებელ ბულგარეთის ნაკრებს და ჩვენი "ოცნებების სასაფლაოს" - ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონს. ვილი სანიოლს ქართველი მრჩევლები საკმარისად ჰყავს და ფეხბურთელებთან ერთად, მატჩამდე მასაც ეცოდინებოდა, რომ "ლევსკის" ხსენებაზე, დიდი ანგარიშით მარცხის მეტი არაფერი გვახსენდება. ჰოდა, როცა ფეხბურთელი ხარ და იცი, რომ ყოველ ჯერზე "რაც შეიტანე, ისევე ის გამოიტანე" სოფიის მთავარი არენიდან, ორმაგად უნდა მოინდომო, ბოლომდე იბრძოლო და შენ მაინც ჩამოირეცხო წინამორბედების სამარცხვინო ბულგარული სტატისტიკა.

ეჰ, წინაპრების "ცოდვების ჩამორეცხვას" ვინ ჩივის, სამარცხვინო თამაშ-ანგარიშების ჩვენებაში, ლამის რეკორდი დავამყარეთ და ყოველ წელს ახალი ჯუჯა საფეხბურთო ქვეყნის ისტორია მდიდრდება ქართველ ფეხბურთელებზე გამარჯვებებით. პრინციპში, სადღა არიან "ჯუჯა ქვეყნები"?! სანამ საშუალო დონის ბულგარელი მოთამაშეები საქართველოს ნაკრების დაცვის "კორიდორში" დასეირნობდნენ, ანდორა მხოლოდ 1:2 დამარცხდა ბუდაპეშტში, ლიხტენშტაინმა და ესტონეთმა კი სულაც ქულები წამოიღეს ერევნის და კარდიფის სტადიონებიდან.

ჩვენ რა წამოვიღეთ? სამ მატჩში - მხოლოდ ერთი გოლი. ცხრა გაშვებულიც არ დაგვავიწყდეს. ლიდერები გვაკლდა, შეტევის წამომწყები არ გვყავდა, მეტოქეებს ყველა საგოლე შეტევისას გაუმართლათ, ჩვენ - მხოლოდ ერთხელ? არ დაგვავიწყდეს, რომ უფრო ხშირად ძლიერებს უმართლებთ. ჩვენთვის კი ყველა ძლიერია. ესპანელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბულგარელი ველკოვსკიც, ილიევებიცა და კოსოვოელი კასტრატიც კი!

საქართველოს ნაკრებისთვის ყველა "ველკოვსკია"!

ესპანეთთან მოგება არც სანიოლისთვის მოგვითხოვია და არც ფეხბურთელებისთვის. ბრძოლის, მინიმუმ, თამაშის მცდელობის მოლოდინი გვქონდა, მით უმეტეს, დაახლოებით ჩვენივე დონის ბულგარეთთან. თუმცა რომელი "ჩვენი დონის"?! ჩვენსავით ანდორა, ლუქსემბურგი და ლიხტენშტაინიც აღარ აგებს!

რაც უნდა სამწუხარო იყოს, ქართული ფეხბურთისგან სახელიღაა დარჩენილი. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთო, მწარე სიმართლე სწორედ ეს არის, ჩვენი კლუბებისა და ნაკრების შედეგები სწორედ ამას აჩვენებს - ვილი სანიოლივით გაღიმებული დავრჩით!

ბოლოს, მოთამაშეებზეც ვთქვათ: ვიცით, რომ ძნელია ახალ, უჩვეულო პოზიციაზე თამაში, ეროვნულ გუნდში დებიუტსაც დიდი მღელვარება ახლავს, მაგრამ თუ ნაკრების ფეხბურთელობაზე გაქვს პრეტენზია, თუ აცნობიერებ, რომ ეროვნული გუნდის მაისურის ჩაცმისთანავე ხდები შენი სამშობლოს დესპანი, სადაც მწვრთნელმა მიგიჩინა ადგილი, იქ ითამაშე! მოინდომე, ირბინე, თავი კი არ იმართლო - შეაკალი!

ვიცით, რომ სუსტ გუნდებში თამაშობთ, სათამაშო პრაქტიკა არა გაქვთ, რომ ის გვაკლდა, ეს გვაკლდა... სინამდვილეში მხოლოდ კვარაცხელია, კიტეიშვილი ან სხვა რომელიმე ფეხბურთელი კი არა, მთავარი გვაკლდა - ჟინი, მონდომება, გამარჯვების წყურვილი!

სამწუხაროდ, მხოლოდ სანიოლს კი არა, ჩვენს მოთამაშეებსაც ეგონათ, რომ "ვარჯიშზე" იყვნენ. სანიოლი რა შუაშია, მოედანზე ხომ ფეხბურთელები იყვნენ და მამარდაშვილის კართან კორიდორიც მათ მოაწყვესო?! ჯერ ერთი, ის მოთამაშეები სწორედ სანიოლმა შეარჩია და ათამაშა, მერე კიდევ, თუ არც ვილია შუაში, არც მოთამაშეები და არც ფეხბურთის ფედერაცია, სამ მატჩში 9 ბურთი მე და თქვენ გავუშვით?!

დაბეჩავებულ ქართულ ფეხბურთს წამიერად არც უბრალოდ ვილის შეცვლა უშველის და არც კობიაშვილის. პირველ რიგში, იმის დადგენა და აღიარება გვჭირდება, რატომ ვართ ამ დღეში. წლებია, ის ვერ გაგვირკვევია, რა გვჭირს, რა მდგომარეობაში ვართ და რა არის ჩვენი უპირველესი ამოცანა? თორემ, ვიმეორებ, ესპანეთთან წაგება სამარცხვინო არ არის - სამარცხვინო ის "თამაში", საქმისადმი ის მიდგომაა, საქართველოს ნაკრებში რომ ვხედავთ.

...აღარც მახსოვს, ბოლოს როდის გავიტანეთ ერთ მატჩში 4 ბურთიო, ნამატჩევს ალალად თქვა ბულგარელთა თავკაცმა იასენ პეტროვმა. დიახ, ყველაფერი "იასენია", ბატონო იასენ: საქართველოს ნაკრების საცოდაობის ამბავს თქვენი მოკლე ფრაზაც ნათლად აჩვენებს!