"შავი ლომი" ოქტომბერში იწყებს - კვირის პალიტრა

"შავი ლომი" ოქტომბერში იწყებს

პირველი ქართული ფრანჩაიზი-კლუბი "შავი ლომი" ევროპის სუპერთასისთვის იბრძოლებს

ევროპის მიერ ორგანიზებული ახალი საკლუბო ტურნირი - "რაგბი ევროპის სუპერთასი" გასულ შაბათ-კვირას დაიწყო. ჩვენთვის საინტერესო კი ეს ამბავი იმით არის, რომ ახალ ტურნირში პირველი პროფესიული ქართული ფრანჩაიზი/კლუბი - "შავი ლომიც" ჩაებმება! პროფესიული ქართული კლუბი გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებია, სულ "ფრანჩაიზი, ფრანჩაიზი" გვესმის და სარაგბო სამყაროს წარმომადგენელთა დიდ ნაწილს სწორედ ეს გზა მიაჩნია ქართული რაგბის განვითარების მთავარ პერსპექტივად, ახალი ტურნირის დაწყებას გაორმაგებული მოლოდინით ველით. რატომ "შავი ლომი"? ამ კითხვას რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე პასუხობს:

"ამ დასახელებაზე არჩევანი რამდენიმე მიზეზის გამო შევაჩერეთ - მსგავსი სახელით სპორტულ სივრცეში აქამდე არც ერთი გუნდი არ ყოფილა, გულშემატკივრები კი ბორჯღალოსნებს ხშირად მოიხსენიებენ ლომებად. გარდა ამისა, არაოფიციალურ სარაგბო ჰიმნში არის ფრაზა "თავისუფლება ლომთა ხვედრია". ინსპირაცია იყო ცნობილი ქართველი მხატვრის ნახატი "შავი ლომიც"...

სამწუხაროდ, წესებს გლობალური პანდემია გვკარნახობს და ამ შემთხვევაშიც, იმის გამო, რომ საქართველო ისრაელისთვის წითელ ზონაშია, სექტემბერში თამაშების გამართვა ვერ ხერხდება. მეორე მხრივ, მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვაქვს. გუნდი ახალი შექმნილია და შეთამაშებას დრო სჭირდება. ვეცდებით, რომ ადგილობრივ გუნდებთან სპარინგთამაშები გავმართოთ, რადგან პანდემიის გამო საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება ვერ ხერხდება, - ევროპისა და მისი მონაწილე ქვეყნებისთვის "რაგბი ევროპის სუპერთასი" გარდამტეხი ტურნირია. მის დაწყებას მოუთმენლად ველოდით და გვინდოდა პირველი მატჩები რაც შეიძლება მალე გვქონოდა. სამწუხაროდ, პირველი თამაშის თარიღმა ერთი თვით გადაიწია, თუმცა მთლიანობაში კალენდარი მისაღებია".

შესავალშიც ვთქვი, რომ ახალი ტურნირი უკვე დაიწყო, თუმცა ქართველი ლომები ასპარეზობაში ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. პირველადი კალენდრის თანახმად, საწყისი ორი მატჩი "შავ ლომსაც" სექტემბერში უნდა გაემართა ისრაელის "თელ-ავივ ჰითთან", თუმცა კოვიდპანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა გეგმები შეცვალა და "შავი ლომი"-"თელ-ავივ ჰითი" 16 ოქტომბერს ჩატარდება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილია და სანამ ის გამოჯანმრთელდება, "ლომებს" მისი ასისტენტი - "უმცროსი ბორჯღალოსნების" თავკაცი ილია მაისურაძე გაწვრთნის.

სუპერთასის პირველ გათამაშებაში მონაწილეობს 8 გუნდი, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში არიან გაწევრებული. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ექვს ტურად, "შინ და გარეთ" იმართება, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გადის. ნახევარფინალური ეტაპი აპრილშია ჩანიშნული, იქ გამარჯვებული გუნდები კი თასისათვის მაისში იბრძოლებენ.

16 ოქტომბრის შემდეგ "შავი ლომი" რუსეთში გაემგზავრება და მესამე ტურში, 23 ოქტომბერს, "ლოკომოტივ პენზას", ხოლო მეოთხე ტურში, 30 ოქტომბერს - "ენისეის" ეთამაშება.

ქართული ფრანჩაიზი "ლოკომოტივთან" საპასუხო მატჩს 4 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე გამართავს, "ენისეის" კი 11 დეკემბერს უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს, მეორე რაუნდიდან გადადებულ მატჩს, ჩვენი გუნდი 8 დეკემბერს, ისრაელში გამართავს.

ევროპის სუპერთასის განაცხადში "შავმა ლომმა" 34 მორაგბე შეიყვანა:

ბურჯები: მიხეილ ორაგველიძე ("არმაზი"), გოგა ქადარია ("ბათუმი"), ნიკოლოზ ხატიაშვილი ("ჰიუსტონის კიბერ კატები"), დავით ლაზვიაშვილი, გიორგი პერტაია (ორივე "ლელო-სარასენსი"), ნიკა პატარაია ("სტიაუა");

ჰუკერები: შალვა მამუკაშვილი ("ლესტერი"), თენგიზ ზამთარაძე ("ლელო-სარასენსი"), გიორგი ხუროშვილი ("არმაზი");

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი (ორივე "აია"), ლაშა ჯიანი ("ვოსპსი"), დავით გიგაური ("ტარბი"), იოსებ გუშარაშვილი ("ყოჩები");

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი ("ბათუმი"), ნიკო აფციაური ("კრასნი იარი"), ლუკა ივანიშვილი ("არმაზი"), სანდრო მამამთავრიშვილი ("ლელო-სარასენსი"), თორნიკე აქუბარდია ("აია");

9 ნომრები: გიორგი ბეგაძე ("ყოჩები"), თენგიზ პერანიძე ("ლელო-სარასენსი");

მგეზავები: გიორგი ბაბუნაშვილი ("აია"), დავით მოძღვრიშვილი ("აკადემია");

გარემარბები: აკაკი ტაბუცაძე, ოთარ ლაშხი (ორივე "ლელო-სარასენსი"), სანდრო სვანიძე ("არმაზი"), სანდრო თოდუა ("ბათუმი"), მირიან მოდებაძე ("აია");

შუამარბები: მერაბ შარიქაძე (კლუბის გარეშე), დემე თაფლაძე ("ლელო-სარასენსი"), ლაშა ლომიძე ("აია"), გურამ ყანდაურაშვილი ("ბათუმი");

15 ნომრები: ლაშა ხმალაძე ("ბათუმი"), სოსო მათიაშვილი ("ლელო-სარასენსი").

რატი შელეგია