"ნახევარწუთიანიდან" ნამდვილ ჩემპიონობამდე - კვირის პალიტრა

"ნახევარწუთიანიდან" ნამდვილ ჩემპიონობამდე

სერბეთის ქალაქ ზრენჯანინში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი ჩინებული შედეგით დაასრულა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა. ნუგზარ სხიერელის შეგირდებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კონტინენტის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55კგ) და დავით მარსაგიშვილი (84კგ) გახდნენ. მარსაგიშვილზე გამორჩეულად უნდა ვისაუბროთ, რადგან სერბეთში ისე შთამბეჭდავად იჭიდავა, ყველა გაოცებული დატოვა. 20 წლის სტეფანწმინდელმა ფალავანმა ოთხივე შეხვედრა ისე მოიგო, საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს ქულაც არ ააღებინა - ახლახან თბილისში ჩატარებული "ოქროს დიდი პრიზის" თურქი ჩემპიონი მურატ ოზკონი "მოკრძალებულად" - 4:0 დაამარცხა, უკრაინელ დავით კალაშიანს და რუს ალბერტ ციპინოვს ერთნაირი ანგარიშით - 13:0 მოუგო, ფინალში კი სომეხ ვაჩე ტამარაზიანს 5:0 "აკმარა".

ასეთი შთამბეჭდავი ასპარეზობის შემდეგ რა გასაკვირია, ამ სახეობაში ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ სწორედ დავით მარსაგიშვილი რომ დაასახელეს. 20 წლის ფალავანი დარწმუნებულია, რომ უკვე მზად არის, უფროსებშიც წარმატებით იჭიდაოს.

- ამ ტურნირისთვის კარგად ვიყავი მომზადებული როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და სერბეთშიც მეტად მოვინდომე. განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - პირველივე ორთაბრძოლიდან კარგად დავიწყე და...

- და ყველა მეტოქეს "მშრალი" ანგარიშით მოუგეთ, არადა, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები გყავდათ...

- დიახ, ძლიერ ქვეჯგუფში მოვხვდი. წინა ღამით კი ვინერვიულე ცოტა, მაგრამ ტურნირი კარგად დავიწყე და ბოლომდე ასე მივედი. აქამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალი სამჯერ მქონდა წაგებული. მიმდინარე წელი ბოლოა ჩემთვის ახალგაზრდებში და ძალიან მოვინდომე.

- ოქროს მედალთან ერთად, თქვენს სახეობაში საუკეთესო მოჭიდავედ დაგასახელეს, რაც ჩემპიონობაზე დიდი აღიარებაა...

- დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ  ცალკე გამომიძახეს და FILA-ს პრეზიდენტმა სპეციალური თასი გადმომცა წარწერით - "საუკეთესო მოჭიდავე", რამაც განსაკუთრებით გამახარა.

- 2009 წელს ევროპის ახალგაზრდული პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდით, შარშან ბალავაძისა და კარტოზიას მემორიალზეც ფინალში დამარცხდით, მერე კი საკმაოდ ხანგრძლივი ჩავარდნა გქონდათ. ეს რისი ბრალი იყო?

- როგორც ჩანს, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შემექმნა და ისეთი პასუხისმგებლობით აღარ ვვარჯიშობდი, როგორც საჭირო იყო. თუმცა, წარუმატებელი წლის შემდეგ "თვალები ამეხილა" და გაბრაზებულ გულზე ორმაგად მოტივირებულმა დავიწყე ვარჯიში. მწვრთნელებმაც მეტი ყურადღება მომაქციეს და წელს დორტმუნდში ვერცხლის მედალი მოვიგე უფროსებში, ახლა კი ევროპის ჩემპიონიც გავხდი.

- დორტმუნდის ტურნირი, ალბათ, დღემდე მწარედ გახსოვთ. ფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, რუს ანზორ ურიშევს პირველი პერიოდი მოუგეთ, მესამეშიც ორქულიანი გდება შეასრულეთ და მსაჯებმა გამარჯვებულადაც გამოგაცხადეს, თუმცა...

- არ ვიცი, რა მოხდა მაშინ, მწვრთნელები მილოცავდნენ გამარჯვებას, ურიშევიც დარწმუნებული იყო, რომ მე მოვიგე... ბოლო მომენტში რატომ გამოაცხადეს ჩემი მეტოქე გამარჯვებულად, დღემდე ვერ გამიგია...

- მერე ამბობდით კიდეც, ნახევარი წუთით ვიყავი ევროპის ჩემპიონიო...

- დიახ, ემოციის გამოხატვაც ვერ მოვასწარი, რომ გამარჯვებულად ურიშევი გამოაცხადეს. ისე დავიბენი, ვეღარ გავიგე, რა ხდებოდა ჩემს თავს. ჭიდაობაში მსაჯთა უსამართლობა იშვიათი არ არის, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო. ძალიან დამწყდა გული - დიდებში ევროპის პირველივე ჩემპიონატზე ძალიან ახლოს ვიყავი ოქროს მედალთან.

- დიდებში პირველივე ევროპის ჩემპიონატზე ჩინებულად იჭიდავეთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, უკვე ხართ მზად მსოფლიოს საუკეთესო ფალავნებთან საპაექროდ?

- რა თქმა უნდა! შარშან უფროსებში მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიჭიდავე და ორი ორთაბრძოლაც მოვიგე, ახლა ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც ვიასპარეზე. უკვე მზად ვარ მედლისა და, რაც მთავარია, ოლიმპიური ლიცენზიისთვის საბრძოლველად.

- მამათქვენიც მოჭიდავე იყო და თქვენი ძმებიც ნაკრების კანდიდატები არიან. ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვის კვალს გაჰყევით.

- მყარად დავდექი თუ არა ფეხზე, მამამ მაშინვე ჭიდაობა დამაწყებინა. ჩემი მომავალი წინასწარ იყო განსაზღვრული - მამაჩემი მწვრთნელი გახლდათ, ჩემი ძმები უკვე სპორტსმენები იყვნენ, საჭიდაო დარბაზი კი ჩემს მშობლიურ სტეფანწმინდაში სახლის გვერდით მქონდა, ასე რომ... 6 წლიდან ვვარჯიშობ, ჩემი პირველი მწვრთნელი მამაჩემი იყო და დღემდე ყველაზე მეტად ის მგულშემატკივრობს. 15 წლისამ ჭაბუკებში საქართველოს პირველობა მოვიგე. მას შემდეგ თბილისში ვცხოვრობ და დავით ხურციასთან ვვარჯიშობ. სწორედ მის ხელში გავხდი ახალგაზრდებში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი, ახლახან კი კონტინენტის ჩემპიონობაც მოვიპოვე.