ვიკმაიერმა ერთი გვაკმარა - კვირის პალიტრა

ვიკმაიერმა ერთი გვაკმარა

დიდი იმედი გვქონდა, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (118) უიმბლდონის ძირითად ბადეში მეორე მატჩის მოგებასაც მოახერხებდა, მაგრამ...

ბელგიელმა იანინა ვიკმაიერმა ერთი გვაკმარა -  სეტიც და ეტაპიც. 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მე-19 ჩოგანს პირველი სეტი მოუგო (6:3), მეორეშიც ტოლ-სწორად ეომა, მაგრამ გაცილებით გამოცდილ მეტოქესთან მაინც ვერაფერი გააწყო და 2:1 დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, წლევანდელ უიმბლდონზე ჩვენებურის გამოსვლა მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ - ანა ხომ მხოლოდ მეორედ თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში! ტატიშვილისთვის პირველი ცდა წარუმატებელი გამოდგა - რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ღია პირველობაზე მასპინძელ მარიონ ბარტოლისთან შეხვედრაში მხოლოდ ერთი სეტის მოსაგებად ეყო ძალა, მაშინ პირველივე წრეში დამარცხდა, ლონდონში კი ერთი ეტაპის გავლა მაინც მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ვიკმაიერთან წაგებამდე ანამ თანატოლ რუს ანასტასია პივოვაროვას (114) მოუგო (3:6, 6:2, 6:3), 20 ათას 125 გირვანქა სტერლინგთან ერთად 100 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა და რეიტინგში 13-14-ადგილიანი წინსვლა გაინაღდა.

P.S. პივოვაროვას დამარცხება კი ყველაზე მნიშვნელოვანი იმით გახლდათ, რომ 17-წლიანი პაუზის შემდეგ "დიდი სლემის" ტურნირის მატჩის მოგება ისევ მოახერხა ქართველმა  ჩოგბურთელმა ქალმა - ბოლოს ეს ლეილა მესხმა შეძლო შორეულ 1994 წელს.