ევროპას ევროპის ლიგით ვიწყებთ - კვირის პალიტრა

ევროპას ევროპის ლიგით ვიწყებთ

30 ივნისს ფეხბურთი გვიბრუნდება, თანაც - ევროპული. სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის საქმე ისეა, ევროთასების კენჭისყრის წინ რაც შეიძლება სუსტ მეტოქეებს ვნატრობთ ხოლმე, თუმცა, ხშირად არც ეს გვშველის და ეს "სუსტები" ისეთ დღეში გვაგდებენ...

აი, ახლაც, ქართულ კლუბებთან დაწყვილებული გუნდებიდან არც ძლიერი საფეხბურთო ლიგიდან არის რომელიმე (რა რეიტინგიც გვაქვს, ისეთებს გვახვედრებენ. - ავტ.) და მით უმეტეს, არც ევროგრანდია, მაგრამ ევროპული სეზონის გახსნას მაინც შიშით ველით. თუმცა, პროგნოზი უმადური საქმეა, ამიტომაც ამჯერად მხოლოდ მეტოქეებსა და მატჩების გამართვის თარიღებს დავჯერდეთ.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს (12 ან 13 ივლისს) მშობლიურ სტადიონზე ჩაატარებს მოლდავეთის ჩემპიონ კიშინიოვის "დაჩიასთან", რომლის ღირსებასაც ჩვენებურები - დავით გამეზარდაშვილი და ლევან კორღალიძე იცავენ. რაც შეეხება ევროპის ლიგას, ქართული კლუბები ამ ტურნირში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმებიან. ზესტაფონელთა მსგავსად, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი თბილისის "დინამოც" მოლდავეთის კლუბს - "მილსამის" გადაეყარა, რუსთავის "მეტალურგი" (ყოფილი "ოლიმპი". - ავტ.) კი ერევნის "ბანანცს" შეხვდება.

პირველი მატჩები 30 ივნისს თბილისსა და ერევანში ჩატარდება. გაირკვა საქართველოს თასის მფლობელის - "გაგრის" მეტოქეც. ევროტურნირების დებიუტანტი ევროპის ლიგის გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 14 ივლისიდან ჩაებმება და მისი მეტოქე თემურ ქეცბაიას ყოფილი კლუბი,  კვიპროსის "ანორთოსისი" იქნება.