ბორჯღალოსნები 4 ივლისს იწყებენ - კვირის პალიტრა

ბორჯღალოსნები 4 ივლისს იწყებენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბუქარესტი მოიარა, სადაც IRB-ის ერთა თასზე სამი მატჩიდან ორი მოიგო და მეორე ადგილზე გავიდა.

ჩვენები სამხრეთ აფრიკის "კინგზთან" დამარცხდნენ, არგენტინის  A ნაკრებსა და რაც მთავარია (სარეიტინგო მატჩი გახლდათ. - ავტ.), ნამიბიის ეროვნულ გუნდს კი დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს. ბუქარესტში ნაკრების თავკაცის, რიჩი დიქსონის მიზანი ახალი მოთამაშეების საქმეში გამოცდა გახლდათ და სწორედ ამაზე ილაპარაკა პრესკონფერენციაზე შოტლანდიელმა მწვრთნელმა: "გვინდოდა, საქმეში გვენახა ახალი მოთამაშეები.

გაგვერკვია, რა მდგომარეობაში არიან ის მორაგბეები, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო კარგა ხანია, ნაკრებში აღარ უთამაშიათ და აუცილებლად მოგვეგო სარეიტინგო მატჩი. სამივე ამოცანა შევასრულეთ და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ". მსოფლიო თასისთვის მზადებას ნაკრები 4 ივლისს თბილისში დაიწყებს. 18 ივლისს ბორჯღალოსნები საფრანგეთში გაემგზავრებიან, აგვისტოში რამდენიმე საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ, სექტემბრის დასაწყისში კი ზელანდიას მიაშურებენ.

"როცა ნაკრები ჩავიბარე, ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიო თასზე წასვლის პრეტენზია 40 მორაგბეს ექნებოდა, ახლა კი საქმე ისეა, რომ 40 კი არა, 45 კანდიდატი გვყავს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თან თავსატეხსაც მიჩენს, რადგან მათგან მხოლოდ 30 უნდა შევარჩიო," - არ დამალა რიჩი დიქსონმა.