"დაველოდები, სანამ მინისტრი აზრს შეიცვლის, ან მინისტრი შეიცვლება" - კვირის პალიტრა

"დაველოდები, სანამ მინისტრი აზრს შეიცვლის, ან მინისტრი შეიცვლება"

გასულ კვირას ჩატარებულმა სამბოს ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო ყრილობამ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელად აირჩია თემურ გიორგაძე, რომელიც საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსია, ბოლო თვეებში კი ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო.

რაც შეეხება სამბოს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ ლევან თედიაშვილს, ის ვიცე-პრეზიდენტ და იმავდროულად ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოლეგ იაძესთან ერთად რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. თედიაშვილის ამბავი გასაგებია - პოლიტიკური შეხედულებების გამო ხელისუფლებას ისედაც არ ეხატებოდა გულზე, აი, იაძის მოხსნას კი უფრო კონკრეტული მიზეზი აქვს - ნაკრების აწ უკვე ყოფილ თავკაცს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის თასზე სამინისტროს დაუკითხავად წასვლა არ აპატიეს.

არადა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ დიდწილად სწორედ ოლეგ იაძის დამსახურებაა, ქართული სამბო აქამდე რომ მოვიდა. უამრავი ჩემპიონის აღმზრდელი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მოხსნას არ იმსახურებდა.

- მოსკოვში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო ტურნირი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თასზე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო რვა ნაკრებს იწვევენ. წლევანდელი ტურნირი მაისის მიწურულს ჩატარდა, ორგანიზატორებმა საქართველოს ნაკრებიც მიიწვიეს და ხარჯიც საკუთარ თავზე აიღეს. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მოსკოვის ტურნირზე სპორტის სამინისტროსთან შეუთანხმებლად გავემგზავრეთ. სწორედ ეს გახდა თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლების მიზეზი. რუსეთიდან რომ დავბრუნდით, ძალიან აგრესიულად დაგვხვდნენ, სპორტის მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა პირდაპირ მითხრა, უნდა წახვიდეთო და მეც და ფედერაციის პრეზიდენტი ლევან თედიაშვილიც იძულებული გავხდით, განცხადებები დაგვეწერა.

- თედიაშვილი რატომღა?

- ვერ გეტყვით... ყოველ შემთხვევაში ის ჩვენთან ერთად ნამდვილად არ ყოფილა მოსკოვში.

- ახლა რას აპირებთ?

- პროფესიონალი მწვრთნელი ვარ და ამ საქმის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. დარბაზი ჩემი გაკეთებულია, ნაკრები ჩემი შექმნილი. ასე რომ, ამჟამად რიგით მწვრთნელად ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფილი ვარ. მოსახსნელი რა მჭირდა? ნაკრების წევრების 90% ჩემი მოსწავლეები არიან, მათ ბოლომდე მივყვები, ბიჭებთან სამუშაოდ ახლა უფრო მეტი დრო მექნება და დაველოდები იმ დროს, როცა ან მინისტრი შეიცვლის აზრს, ან მინისტრი შეიცვლება. ნებისმიერ დროს შემიძლია ფედერაციის პრეზიდენტად ვიყარო კენჭი. გასულ კვირას გამართულ არჩევნებზეც შემეძლო ამის გაკეთება და მოვიგებდი კიდეც, მაგრამ რა აზრი აქვს? თუ მინისტრს მიაჩნია, რომ ქართულ სამბოს ოლეგ იაძე არ სჭირდება, კი ბატონო, გავერიდები.

- როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის თასზე შარშანაც იყავით მიწვეული, მაგრამ არ გაგიშვეს.

- დიახ და ამის გამო, კინაღამ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დავკარგეთ. საქმე იქამდე მივიდა, ლამის გაგვიუქმეს კარგა ხნით ადრე დაგეგმილი ტურნირი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რათა რუსებს თბილისში დაგეგმილი ტურნირი არ გაეუქმებინათ.

- აშკარაა, რომ მხოლოდ დაუკითხავად წასვლისთვის არ მოუხსნიხართ. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის მოსკოვის ტურნირის სახელიც მიუღებელია და ისიც, მესამე ადგილზე გასვლისთვის ჯილდო თავად რუსეთის პრეზიდენტმა რომ გადმოგცათ.

- მე ის ვიცი, რომ ბიჭებს ძალიან უნდოდათ მოსკოვის ტურნირზე გამოსვლა,  იქ მოსაგებად წავიდნენ. შემადგენლობის გასაძლიერებლად ორ წონაში ძიუდოისტებიც დაიმატეს. დარწმუნებულნი იყვნენ, შეგვიძლია რუსეთს მოვუგოთო. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მართლაც რომ მოგვეგო და ის თასი თბილისში ჩამოგვეტანა. პრეზიდენტიც კმაყოფილი იქნებოდა, მთავრობაც და ხალხიც. თუმცა, მესამე ადგილზე გავედით და ამას რაც მოჰყვა, უკვე იცით. არადა, უკრაინას, ბულგარეთსა და ყაზახეთს მოვუგეთ,  ნახევარფინალში კი ბელორუსიასთან 4:5 წავაგეთ. ვისგანაც მოგებას ველოდით - ხერგიანმაც და კუზანაშვილმაც წააგეს, თორემ ერთ-ერთს მაინც რომ მოეგო, ფინალში რუსებს შევხვდებოდით და... სხვათა შორის, ბიჭებმა მითხრეს, გიორგევიჩ, თუ გინდათ, თქვენ ნუ წამოხვალთო, მაგრამ ეგ რაღა გამოდიოდა, სამბისტები მიდიოდნენ და მე აქ ხომ არ დავრჩებოდი სირაქლემას პოზაში? სადაც თქვენ, მეც იქ-მეთქი და ერთად წავედით.

- როგორც ვიცი, შარშან მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რუსეთის გუნდიც იყო ჩამოსული თბილისში. რა, გამარჯვებული რუსი სპორტსმენები არ უნდა დაგვეჯილდოებინა?

- მართალი ხართ. დავუშვათ, არ წავსულიყავით მოსკოვში, ქართული სამბოს გარდა, ამით ვინ დაზარალდებოდა? როცა რაიმეთი აზარალებ მტრულად განწყობილ ქვეყანას, შეიძლება უარი თქვა მონაწილეობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით არ იყო? თავიანთი ხარჯით მიგვიწვიეს და თანაც, ჩემპიონობაში ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტები ვიყავით და ჩვენი ჩაუსვლელობა უფრო არ აძლევდათ ხელს რუსებს?! უნდა წავსულიყავით, თუმცა სამინისტრო საქმის კურსში უნდა ჩაგვეყენებინა.

- ისე, საკვირველი კია, არ ელოდით, ასეთი რეაქცია რომ მოჰყვებოდა დაუკითხავად წასვლას, თუ რატომ არ გააფრთხილეთ ხელმძღვანელობა?

- ხომ გეუბნებით, ბიჭები საომრად მიდიოდნენ და ვიფიქრე, მხოლოდ საყვედურს დაგვაჯერებენ-მეთქი. ვფიქრობ, ეს საბაბი იყო ჩვენს გასათავისუფლებლად, მიზეზი კი სხვა რამ მგონია. როგორც ჩანს, ვიღაც არაკაცებმა რაღაც სიტყვა მიიტანეს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, თორემ მინისტრთანაც და მის მოადგილეებთანაც ყოველთვის საუკეთესო ურთიერთობა მქონდა.

- სამბოს ფედერაციის პრეზიდენტად თემურ გიორგაძე აირჩიეს. ნაკრების მწვრთნელად ვის ნიშნავენ?

- თემურ გიორგაძე ყოფილი სამბისტი და ჩემი უმცროსი მეგობარია. ჩვენ ერთმანეთში კონკურენცია არ გვექნება, ისე კი, არჩევის შემდეგ თემური ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. მწვრთნელად ვის დანიშნავენ, ვერ გეტყვით. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, კარგი იქნება, თუ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად ბადრი ჯანიაშვილს ან ჭაბუკთა მწვრთნელს, ემილ რაშს დანიშნავენ.

კარგად მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში მე მიხდებოდა როგორც ფედერაციის პრეზიდენტის, ისე ვიცე-პრეზიდენტის საქმეების მოგვარება, სამბისტების მოსამზადებელი თუ ტურნირებზე გასამგზავრებელი თანხების, თანამშრომლების ხელფასების მოძიება და ათასი რამ, ახლა კი მეტი დრო მექნება ჩემი მოსწავლეებისთვის და ისევ დარბაზში ვიქნები ბიჭებთან ერთად.