ახალი სახელები და სახეები - კვირის პალიტრა

ახალი სახელები და სახეები

დიდი ხანი არ არის, რაც რუსთავის საფეხბურთო გუნდმა ძველი სახელი - "მეტალურგი" დაიბრუნა და ახალი ლოგოთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაც მოასწრო.

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთაველებმა ერევნის "ბანანცს" სტუმრად მოუგეს (1:0) და 7 ივლისს გასამართი განმეორებითი მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა დაიბევეს.

არც "ოლიმპს" (ბოლო წლებში რუსთავის კლუბი ამ სახელით ასპარეზობდა - ავტ.) გადაურევია საფეხბურთო ევროპა და რა გასაკვირია, ქვემოქართლურ კლუბზე ჩვენს მეზობელ სომხებს, მით უმეტეს - სახეცვლილების მერე, არაფერი რომ არ სმენიათ, მაგრამ მატჩამდე მაინც ნამეტნავად თავდაჯერებულები ჩანდნენ და... "მეტალურგი" ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდი ყოფილა" -  აღმოხდენია ნამატჩევს "ბანანცის" თავკაც რაფაელ ნაზარიანს.

რუსთაველებმა აშკარად დაჯაბნეს მასპინძლები და მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე კაცნაკლული რომ არ დარჩენილიყვნენ, მეორე ბურთსაც გაიტანდნენ. თუმცა ერთიც არის - გაძევება სწორედ ჩვენებურთა მიერ გატანილ ბურთს მოჰყვა, - ირაკლი ქობალიამ გოლის გატანით გამოწვეული სიხარული ტრიბუნების წინ დამონტაჟებულ დამცავ ღობეზე აძრომით და გულშემატკივართან ხვევნა-კოცნით გამოხატა და რადგან პირველ ტაიმში უკვე ჰქონდა ერთი გაფრთხილება, მეორე ყვითელი ბარათი მოედნის დატოვებად დაუჯდა.

იმავე დღეს იმავე ტურნირის პირველ ეტაპზე ითამაშა თბილისის "დინამომაც". რუსთაველთაგან განსხვავებით, ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს სახელი არ აქვს ახალი, მაგრამ ახალი სახეა ბლომად. რამდენიმე კვირაა, "დინამოს" თავკაცად ესპანელი ალექს გარსია დაინიშნა, ცოტა ხნის წინ კი, რამდენიმე ქართველი ახალწვეულის გარდა, გუნდმა სამი ესპანელი ფეხბურთელი - ალბერტ იაგუე, კარლეს კოტო და ჩისკო მუნიოსიც დაიმატა.

თუმცა, ევროპის ლიგის პირველ მატჩში თამაშის შესაძლებლობა არც ერთ მათგანს არ მისცემია - "დინამომ" ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ლეგიონერი, ბრაზილიელი რობერტინიო იკმარა. თბილისელებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვური "მილსამი" დაამარცხეს 2:0 და განმეორებით შეხვედრას ჩინებულ განწყობაზე შეხვდებიან. გოლები კი კვეკვესკირმა და ლექვთაძემ გაიტანეს.

ევროპის ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა", რომელსაც კვიპროსის "ანორთოსისი" ელის, 13 ივლისს კი ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგაც დაიწყება - "ზესტაფონს" მოლდავეთის "დაჩიასთან" მოუწევს ძალის მოსინჯვა.