ტატიშვილის ოცნება 100რულდა! - კვირის პალიტრა

ტატიშვილის ოცნება 100რულდა!

იმდენჯერ დავწერეთ, საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი საუკეთესოთა ასეულს მიუახლოვდაო, ალბათ, ბევრს თავიც მოვაბეზრეთ, თუმცა, ამჯერად დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 21 წლის ჩოგბურთელი უკვე მსოფლიოს საუკეთესო მეჩოგნეთა ასეულშია!

ბოლოს გამოქვეყნებულ რეიტინგში ანა 118-ე ადგილზე იყო, თუმცა, მას შემდეგ ბლომად ქულები დააგროვა - 100 ქულა უიმბლდონის ძირითად ბადეში მოგებული მატჩისთვის დაიმსახურა, მერე კი წარმატებით ითამაშა იტალიაშიც და იმდენი ქულა მოიხვეჭა, ასეულში "ჩასასვლელად" საკმარისზე მეტია.

ქალაქ კუნეოს საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 100.000 აშშ დოლარია. - ავტ.) ტატიშვილმა ჩინებულად ითამაშა და იმ დროისთვის, როცა ჩვენი გაზეთი დასაბეჭდად გაიგზავნა, ნახევარფინალში იყო გასული, რისთვისაც დამატებით 70 ქულაც გაინაღდა, ჯამში 170 მოაგროვა და... ასე რომ, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, როგორც იქნა, ახალგაზრდა ქართველი ასი უძლიერესი ჩოგბურთელის მარაქაში გაერია და კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ რეიტინგში, სავარაუდოდ, 96-ე ან 97-ე ნომერი იქნება.