"ექვს ერთან" ერთად - კვირის პალიტრა

"ექვს ერთან" ერთად

ცოტა ხნის წინ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელები ესპანეთიდან დაბრუნდნენ, სადაც  FIRA   AER-ის გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ.  ასამბლეაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, თუმცა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის ინფორმაციაა, რომელიც 18-წლამდელთა ნაკრებს ეხება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძის თქმით, ამ ასაკობრივ ჯგუფში მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატის ახალი ფორმატით ჩატარება გადაწყდა. კერძოდ, კონტინენტის პირველობაზე სულ რვა ნაკრები ითამაშებს, საიდანაც ექვსი გუნდი ელიტური, ანუ "ექვსი ერის" ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებები იქნება, დანარჩენი ორი კი ჩვენი დივიზიონის საუკეთესო ორი გუნდი. რადგან წელს ამ ასაკში მესამე ადგილი დავიკავეთ, ევროპის ჩემპიონატის საგზური ავტომატურად გვეკუთვნოდა.

მიუხედავად ამისა,  FIRAAER-ის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში მაინც მოგვიწევს რუმინეთში, იმ ტურნირში მონაწილეობა, რომელმაც 2012 წლის ჩემპიონატის უკანასკნელი, მერვე საგზურის მფლობელი უნდა გაარკვიოს. ამ საგზურისთვის ბელგია და პორტუგალია იბრძოლებენ, ჩვენს ბიჭებს კი, რომელთაც ადგილი უკვე დაჯავშნილი აქვთ, ბუქარესტის ტურნირი გამოცდილების მისაღებად წაადგებათ.