"სულ ვცდილობ ახალ გამოწვევებს შევეჭიდო" - კვირის პალიტრა

"სულ ვცდილობ ახალ გამოწვევებს შევეჭიდო"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი და მწვრთნელი დავით ასუმბანი, რომელიც ირაკლი უზნაძესთან ერთად 2017 წლიდან წარმატებით მუშაობს თურქეთის ნაკრებში, საქართველოშია. მწვრთნელად მუშაობის თითქმის ცხრაწლიანი გამოცდილების და თვალში საცემი შედეგების წყალობით, საერთაშორისო მასშტაბის მოთხოვნად სპეციალისტად ჩამოყალიბდა, შეთავაზება რამდენიმე ქვეყნიდან აქვს და არჩევანს წლის ბოლომდე გააკეთებს.

- დავით, აქტიური კარიერა ნაადრევად - 26 წლის ასაკში დაასრულეთ და, მაშინვე დაიწყეთ მწვრთნელად მუშაობა. ტატამიდან წასვლა ტრავმამ გაიძულათ?

- ყველაფერს ვაკეთებ, რათა ჩემმა შეგირდებმა მაინც გამახარონ იმ ტიტულებით, რასაც მე ვერ მივაღწიე. 2010 წელი ყველაზე წარმატებული იყო ჩემს კარიერაში: გავხდი ევროპის ჩემპიონი, მოვიგე თბილისის მსოფლიო თასი და პარიზის გრანდ-სლემი. თუმცა მომდევნო სეზონში მიღებული ტრავმების შემდეგ დავრწმუნდი, რომ კარიერას სრულფასოვნად ვეღარ გავაგრძელებდი და გადავწყვიტე ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გამეზიარებინა ცოდნა და გამოცდილება. 2012 წლის გაზაფხულიდან ექვსი თვე ახალგაზრდულ ნაკრებთან ვიმუშავე, იმავე წლის ბოლოდან კი ირაკლი უზნაძესთან ერთად შევუდექი მუშაობას ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში.

- და მალევე მიაღწიეთ წარმატებას: მომდევნო რამდენიმე სეზონი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო ქართული ძიუდოსთვის! - ჩვენი გუნდისთვის პირველივე სეზონი გამორჩეული გამოდგა: ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე ქართული ძიუდოსთვის სარეკორდო რაოდენობის მედლები მოვიპოვეთ: 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო! გარდა ამისა, მოვიგეთ მსოფლიოსა და ევროპის გუნდური პირველობები, ევროპის ძიუდოს კავშირმა სეზონის საუკეთესო გუნდად დაგვასახელა, ავთანდილ ჭრიკიშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა და ა.შ. მთლიანობაში, 2016 წლის ჩათვლით, წარმატებით ვიმუშავეთ. თუმცა სულ ვცდილობ ახალ გამოწვევებს შევეჭიდო და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ გადავწყვიტე მემუშავა ისეთ ქვეყანაში, სადაც ძიუდო ნაკლებად პოპულარულია. ასე რომ, 2017 წლიდან ირაკლისთან ერთად თურქეთის ნაკრებში დავიწყე მუშაობა. თურქეთში ძიუდო დიდი პოპულარობით ვერ დაიკვეხნის. ჰყავთ ნიჭიერი ახალგაზრდები, ჭაბუკთა შეჯიბრებებზე წარმატებითაც ჭიდაობენ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ვეღარ ვითარდებიან, რადგან ქვეყანაში ძალიან ცოტაა პროფესიონალი მწვრთნელი. ბოლო წლებში პოპულარობამაც იმატა და შედეგებმაც. გაიზარდა ძიუდოს დაფინანსებაც.

- გაიზარდა ოლიმპიური ლიცენზიების რაოდენობაც: ტოკიოში ექვსმა თურქმა ძიუდოისტმა იჭიდავა და რომ არა უიღბლო სატურნირო ბადე, მედლის მოპოვებაც შეეძლოთ. - 2012 წლის ოლიმპიადაზე თურქეთიდან მხოლოდ ორმა ძიუდოისტმა იჭიდავა, ოთხი წლის შემდეგ სამი (ერთი მამაკაცი და ორი ქალი) მონაწილე ჰყავდათ, წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებში კი თურქეთი ოთხმა ვაჟმა და ორმა ქალმა ძიუდოისტმა წარადგინა. მედალთან ყველაზე ახლოს მიხაელ ზგანკი (90 კგ) იყო, რომელმაც გამოცდილ ივან მორალესსა და ჰოლანდიელ ვან ტ, ენდს კი მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან (ვისაც ფინალში ლაშა ბექაურმა აჯობა) წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი უზბეკ ბობონოვთან დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა. წილისყრაში არ გაუმართლათ ვედათ ალბაირაკს (81), რომელიც პირველივე წრეში მაინცდამაინც მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაკანორი ნაგასეს გადაეყარა, და ბილალ ჩილოღლუს (73), რომელიც ასევე მომავალ ჩემპიონ შოჰეი ონოს შეხვდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა თურქეთის ქალთა ნაკრების წევრი საით კაირაც (78) და მეხუთე ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში კმაყოფილი ვართ, რომ ჩვენი შეგირდები აღარავისთვის არიან იოლი მეტოქეები.

- რამდენიმე სიტყვა გვითხარით საქართველოს ნაკრებზეც, რომელმაც ძალიან კარგად იჭიდავა ტოკიოს ოლიმპიადაზე. - უძლიერესი ძიუდოისტები გვყავს, სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა ბევრი იმუშავეს და ეს შედეგზეც აისახა.

- ბევრჯერ გვსმენია კამათი იმის შესახებ, ჩვენი სპორტსმენებისთვის ქართველი მწვრთნელი უფრო ჯობს თუ უცხოელი? - ფაქტია, ქართველი მწვრთნელების უმეტესობამ ნაკრებში წარმატებით იმუშავა. შოთა ხაბარელის დროს, იმდროინდელი პირობების გათვალისწინებით, საუცხოო შედეგები გვქონდა, თავად ბატონი შოთაც რამდენჯერმე დასახელდა საუკეთესო მწვრთნელად. იმავეს თქმა შეიძლება ირაკლი უზნაძეზე, ამჟამინდელი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის წარმატებული მუშაობა წლევანდელ ოლიმპიადაზე ნაჩვენებმა სარეკორდო შედეგმაც დაადასტურა და ა.შ. რაც შეეხება საზღვარგარეთელ სპეციალისტებს, მაგალითად, პეტერ ზაიზენბახერი ძალიან ხისტი, მკაცრი მწვრთნელი იყო, არ ითვალისწინებდა სპორტსმენის ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობას. თუმცა სასარგებლო ტრადიციაც დანერგა ხანგრძლივი საზღვარგარეთული შეკრებების სახით. მანამდე უცხოეთში ტურნირის დასრულების შემდეგ თუ დავრჩებოდით 4-5 დღით, ზაიზენბახერმა კი ტრადიციად დაამკვიდრა ერთობლივი წვრთნები იაპონიაში, კორეაში, სხვა ქვეყნებში, რომლებიც თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. თურქეთში ჩვენც ვმართავდით ასეთ შეკრებებს, პანდემიის პერიოდშიც კი ბევრი ძლიერი ნაკრები და ძიუდოისტი გვესტუმრა და ერთობლივი მომზადების შედეგად დიდი გამოცდილებაც შესძინა თურქ ძიუდოისტებს.

- თქვენს კარიერაში რომელი გამარჯვება იყო გამორჩეული? - განსაკუთრებულად მახსენდება 2010 წლის პარიზის დიდ სლემზე მოპოვებული ჩემპიონობა: იმ სეზონში კონტინენტის პირველობა და თბილისის მსოფლიო თასიც მოვიგე, მაგრამ პარიზის ტურნირი სიძლიერით ლამის მსოფლიო ჩემპიონატს უტოლდება, თანაც იქ გამარჯვება ქართველებს სულ გვიჭირდა (1999 წელს, გია გუგავას გამარჯვების შემდეგ, ეს ტურნირი 11 წლის განმავლობაში აღარ გვქონდა მოგებული) და ფინალში რიშოდ სობიროვის დამარცხებით ძალიან გავიხარე.

- თურქეთის ძიუდოს ფედერაციასთან თქვენი კონტრაქტი უკვე ამოიწურა. აპირებთ ხელშეკრულების გაგრძელებას? - ხუთწლიანი დატვირთული რეჟიმის შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. არის რამდენიმე შემოთავაზება, ასე რომ, წლის ბოლომდე გადავწყვეტ, სად გავაგრძელო მუშაობა.