მეცხრე ც(დ)ის და ცხრა წლის თავზე - კოსოვო 1:2 საქართველო - კვირის პალიტრა

მეცხრე ც(დ)ის და ცხრა წლის თავზე - კოსოვო 1:2 საქართველო

სანამ ხუმრობას ან პოლიტიკური სარჩულის ძებნას დაიწყებთ, სათაურს მანამდე განვმარტავ: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეცხრედ ითამაშა ბერძნების წინააღმდეგ და მეშვიდედ წააგო (ორი ფრეც გვაქვს "აქტივში"). სამაგიეროდ, სამი დღის შემდეგ სტუმრად ვაჯობეთ კოსოვოს ნაკრებს და ცხრაწლიანი ნავსი გავტეხეთ. არა, "ვაჯობეთ" ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მოგებით ნამდვილად მოვიგეთ და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისევ გავიხსენეთ გამარჯვების გემო. პირველად - 2012 წლის 7 სექტემბრის შემდეგ! იმ დღეს თორნიკე ოქრიაშვილის ლამაზი გოლით სტუმრად ბელარუსის ნაკრები დავამარცხეთ, მერე კი... მერე მუნდიალის შესარჩევ ეტაპებზე 23 მოუგებელი მატჩი ვითამაშეთ.

მოკლედ, ბერძნებთან მეცხრე ცდამ არ გაამართლა. სამაგიეროდ, მომდევნო შეხვედრის შემდეგ ვართ მეცხრე ცაზე - კოსოვოს მოვუგეთ!

როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო, ქართველი კაცის ნათქვამია და ვითომ რატომაც არ უნდა შეგვეფერებოდეს?! დიახაც, ჩვენი დონის მეტოქეს თუ დავამარცხებთ (ხანდახან მაინც), აბა, "ბობოლა" ნაკრებებისთვის ჯერ მზად არ ვართ. ჰოდა, რაკი დავამარცხეთ ჩვენი კბილა, თუნდაც აუღიარებელი ქვეყნის ნაკრები, რატომაც არ უნდა გავიხაროთ?! მით უმეტეს, რომ ოფიციალურ მატჩებში ეს ვილი სანიოლისთვისაც პირველი გამარჯვებაა.

მეორე საკითხია, როგორ მოვიგეთ და რა იქნება მომდევნო შეხვედრებში, მაგრამ ხვალისა ხვალემ იკითხოს, დღეს კი ის შევირგოთ, რაც გვაქვს და არარსებულ (არაღიარებულ) ქვეყანასთან რევანშით მაინც გავიხაროთ, რევანშით - ბათუმში წაგებისა და პრიშტინის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის დროს ატეხილი სტვენისთვის. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რომ არ ვაღიარებთ, ალბათ, კოსოვოელები ამიტომ გვერჩიან. ისიც კარგად ვნახეთ, რომ არც ქართულ ფეხბურთს უყურებენ კარგი თვალით: საქართველოს ვინც შეხვდა, ყველამ მოუგო, მხოლოდ თქვენ წააგეთო, ამუნათებენ ნაკრების ფეხბურთელებს კოსოვოელი ქომაგები. ჩვენთან წაგებას "კატასტროფას" უწოდებენ და მარცხს ნაკრების თავკაცი გადააყოლეს.

გვეწყინოს? რას ვიზამთ, სიმართლე მწარეა. საქართველოს ნაკრების თამაშისა და სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, ჩვენთან შეხვედრამდე ყველა მორიგი სამი ქულისთვის რომ ემზადება?! დაბოღმილ კოსოვოელ ფანებს რას ვთხოვთ, როცა ეროვნულ ნაკრებზე ქართველი გულშემატკივრების დიდმა ნაწილმაც ჩაიქნია ხელი? არა, ფეხბურთის ყურებას კი არ შეეშვნენ, ჩემპიონთა ლიგისა და წამყვანი საფეხბურთო ლიგების მატჩების გარდა, ჩვენი ნაკრების თამაშებსაც უყურებენ, მაგრამ... აღარ ბრაზდებიან! ზოგიერთი გულშემატკივრისთვის, ვინც აქამდეც ფეხბურთით ცხოვრობდა, საქართველოს ნაკრების შედეგები (თამაშიც!) სულერთი გახდა!

იმედია, საფეხბურთო აპათიით ქართველ ქომაგთა მხოლოდ ნაწილი "დაავადდა". იქნებ კოსოვოსთან მატჩმა ისინიც მოაფერიანოს და ნაკრების ფეხბურთელებიც. რადგან მეტ-ნაკლებად, სწორედ პრიშტინაში შევატყვეთ ჩვენს მოთამაშეებს ის, რასაც ყველა მატჩში ვითხოვთ: ჟინი, ბრძოლა, თავდადება! დიახ, არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველა შეხვედრაში მოგებას კი არა - ყველა შეხვედრაში თამაშს ვითხოვთ! მონდომებას, თავდადებას, ბრძოლას!

როცა ნაკრების მაისურს იცვამს, ფეხბურთელს მოტივირება რაღად უნდაო?! სამწუხაროდ, მოტივირებაც საჭირო ყოფილა, დამუნათებაც და ბევრი სხვაც. ამაში წინა მატჩებმაც დაგვარწმუნა და პრიშტინაში გამართულმა შეხვედრამ, მით უმეტეს.

საჭირო ყოფილა! მაგრამ მე ის მიკვირს, აქამდე რა გვიშლიდა ხელს? ცხადია, ყველას არ ეხება, მაგრამ მაინცდამაინც ხელი უნდა ჩაიქნიონ შენზე, მაინცდამაინც მიწა უნდა მოგაყარონ, რომ გამოფხიზლდე?! ვარსკვლავები არც პრიშტინაში მოგვიწყვეტია, თამაშის ხარისხი არც ახლა მოგვწონს, მაგრამ რაკი დავინახეთ, რომ მოსაგებად ყველაფერი გააკეთეთ და მოედანზე "ზრდილობისთვის" არ გირბენიათ, ემოცია ჰიმნის დროსაც გეტყობოდათ და თამაშშიც, მეორე პლანზე გადადის ყველა ის ხარვეზი თუ შეცდომა, რაც კოსოვოსთან მატჩშიც ბევრი იყო.

ცხადია, იქნებოდა კიდეც: რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მოედანზე ხომ ამჯერადაც ის ფეხბურთელები იყვნენ, ვინც წინა მატჩებში ითამაშა. ჩვენი ფეხბურთელებისა არც კლასი შეცვლილა და არც კლუბები. განწყობა, საქმეზე მიდგომა შეიცვალა, თანაც კოსოვოს მეკარის და ოქრიაშვილის კლასის წყალობით თამაშის სტარტზევე დავწინაურდით, რამაც მასპინძლებს თამაშის გახსნა აიძულა, სანიოლის შეგირდებს კი კონტრშეტევებზე თამაშის შესაძლებლობა მისცა.

"კარის გაჯახუნება" სულ გვეხერხებოდა. ახლაც, როცა სატურნირო მოტივაციაც დავკარგეთ და ბევრი სხვა რამის იმედიც, "უკუდო ამპარტავნების" სტუმრად დამარცხებამ ცოტათი მაინც მოგვაფერიანა. მართალია, სულაც არ ვაპირებ ეიფორიაში ვიყო იმ გუნდის დამარცხებით, რომელსაც შემადგენლობაში ჰყავს ორი კასტრატი (ორივეს ლირიმი ჰქვია) და ერთი ბე-ქაჯი, რომელსაც არც ქვეყნად ვაღიარებთ და ჯერჯერობით არც საფეხბურთო კაბადონს სწყვეტს ვარსკვლავებს, მაგრამ გამარჯვებაც მიხარია და ცხრაწლიანი ნავსის გატეხაც!

საქართველოსთან "კატასტროფულ" წაგებას კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეეწირა. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, 11 ნოემბერს ბათუმში გასამართი შეხვედრისთვის ჩვენებს ისევ ვილი სანიოლი მოამზადებს. ისევ მგონია, რომ ფრანგი მწვრთნელი ჯერაც ვერ გაერკვია, სად მოხვდა. ბოლო ორ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, მატჩის სტატუსისა და შემადგენლობის დამთხვევაც უჭირდა და მოთამაშეების მოტივირებაც, მაგრამ... ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ გასულ კვირას მოპოვებული გამარჯვება მოთამაშეებსა და მწვრთნელზეც თანაბარი წარმატებით იმოქმედებს.

ასეა თუ ისე, ღვინობისთვის თამაშები მოვილიეთ. მთლად "ღვინის სალევი" და მით უმეტეს, ეიფორიაში ჩასავარდნი არაფერი მომხდარა - ბოლო შედეგის გარდა, საქართველოს ნაკრების თამაშშიც ბევრი არაფერია მოსაწონი, მაგრამ ნავსი გავტეხეთ...