ფაჩულია თურქეთში ითამაშებს! - კვირის პალიტრა

ფაჩულია თურქეთში ითამაშებს!

ძაზა ფაჩულია საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამოცხადებული ლოკაუტის გამო, არაერთმა ოკეანისგაღმელმა მოთამაშემ დაიწყო ევროპაში გადმობარგებაზე ფიქრი. მათ შორის ერთ-ერთი პირველი სწორედ საქართველოს ნაკრების ლიდერი გახლავთ.

ზაზა უკვე შეუთანხმდა სტამბოლის "ბეშიქთაშს" და როგორც გვითხრა, თუ არაფერი შეიცვალა, თურქულ კლუბთან კონტრაქტს რამდენიმე დღეში მოაწერს ხელს. რა არის ლოკაუტი, რატომ აირჩია მაინცდამაინც თურქული კლუბი და  NBA-ს რომელ ვარსკვლავთან ერთად ითამაშებს "ბეშიქთაშში", თავად ზაზა ფაჩულიასგან გაიგებთ:

- ჯერ ხელშეკრულებაზე არ მოგვიწერია ხელი, თორემ "ბეშიქთაშთან" ყველაფერი შეთანხმებულია და თითქმის გადაწყვეტილი, რომ სანამ ლოკაუტი იქნება, თურქული კლუბის შემადგენლობაში ვიქნები. ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ, მერე კი თურქეთს მივაშურებ და სანამ  NBA-ში სეზონი არ დაიწყება, ანუ მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში, იქ ვიქნები.

- კარიერა თურქეთში რომ დაიწყეთ და იქაურ კალათბურთს კარგად იცნობთ, ყველამ იცის. მაინც ჩნდება კითხვა, რატომ მაინცდამაინც "ბეშიქთაში"?

- იქ წლების განმავლობაში ვთამაშობდი და კლუბის მწვრთნელსაც და მენეჯერსაც კარგად ვიცნობ. მათაც აძლევდა ხელს ისეთი კალათბურთელის დამატება, რომელმაც გარდა იმისა, რომ რვა წლის განმავლობაში  NBA-ში ითამაშა, თურქული ენაც იცის, იქაურ კალათბურთსაც კარგად იცნობს და როგორც ადგილობრივი, ისე თამაშობს. სამწუხაროდ, ჩემი პირველი კლუბი - "ულქერი" აღარ არსებობს, თორემ იქ უფრო დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი (იცინის).

- სხვა ევროპული კლუბებიდან არ გქონიათ შემოთავაზება?

- შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, რატომ არ გადავედი ევროპის რომელიმე უძლიერეს ლიგაში - ესპანეთში ან თუნდაც იტალიაში, მაგრამ გარწმუნებთ, ამ ვითარებაში ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი სწორედ თურქეთი იყო. თანაც, ეს ყველაფერი ხომ დროებითია და რაც მთავარია, "ბეშიქთაშში" მარტო არ მივდივარ,  NBA-ს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი - დერონ უილიამსიც მოდის ჩემთან ერთად. ჩემი აზრით, უილიამსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო გამთამაშებელთა სამეულში შედის და ასეთ ძლიერ კალათბურთელთან ერთად თამაში განსაკუთრებით სასიამოვნოა.

- ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბეშიქთაშში" თქვენი გადასვლა ჩაიშალა. საბოლოო პასუხი როდის გვეცოდინება?

- კონტრაქტი უკვე მზად არის (ინტერვიუ ჩაწერილია შაბათს, გამთენიისას. - ავტ.) თურქული კლუბის ხელმძღვანელებს გავუგზავნით, ხელს მოაწერენ და უკან გამოგვიგზავნიან, რომ მეც მოვაწერო ხელი. თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ამ საქმეს მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდებ

- ზაზა, მკითხველთა ნაწილმა არც კი იცის, რას ნიშნავს ლოკაუტი. იქნებ განვუმარტოთ, რატომ არ გაიმართება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მომავალი სეზონი?

- ბოლოს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტი 1999 წელს იყო. საქართველოში კი არა, NBA-ში ვთამაშობდი და ზუსტად მეც არ ვიცოდი რა არის, სანამ თავად არ გავხდი მოწმე (იცინის). გარდა იმისა, რომ მოთამაშეებს იმ კლუბებთან აკავშირებთ ხელშეკრულებები, სადაც თამაშობენ, მათ დამატებითი კონტრაქტები აქვთ თავად ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასთანაც.

NBA-ს წელიწადში მილიარდობით შემოსავალი აქვს სპონსორებისგან, გაყიდული ბილეთებისგან, მაისურებისგან, ტელეტრანსლაციებისგან, რეკლამებისგან და ა.შ. საერთო შემოსავლის 57% NBA  ყველა კლუბზე ნაწილდებოდა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მფლობელები კი 43%-ს იღებდნენ.

წელს ლოკაუტი, ანუ გაფიცვა, იმან გამოიწვია, რომ  NBA-ს ხელმძღვანელებმა შემოსავლის 60% მოითხოვეს, კლუბებს კი 40% რჩებოდათ, რაც ავტომატურად ნიშნავს მათი ბიუჯეტის შემცირებას. გარდა ამისა, ასოციაციის ხელმძღვანელებს სურთ, რომ გუნდების შემადგენლობები რაც შეიძლება თანაბარძალოვანი იყოს, კონტრაქტების მაქსიმალური ვადაც შეამცირონ და ა.შ. ჯერჯერობით, ამ ყველაფერზე შეთანხმება არ ხერხდება და ლოკაუტიც სწორედ ამის გამო გამოცხადდა.

- ბუნებრივია, კონკრეტული თანხის დასახელებას არ გთხოვთ, მაგრამ დაახლოებით მაინც ვთქვათ, "ბეშიქთაშში" იმ თანხის ნახევარს მაინც აიღებთ, რაც "ატლანტაში" გქონდათ წლიურად?

- რა თქმა უნდა,  NBA-სა და თურქეთის ჩემპიონატის კლუბის ანაზღაურების შედარებაც კი არ შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში, ფული გადამწყვეტი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ევროპული მასშტაბით კარგი ანაზღაურება შემომთავაზეს, მაგრამ მთავარი მაინც კალათბურთის სიყვარულია. ამ თამაშის გარეშე არ შემიძლია, მით უმეტეს, როცა სპორტსმენისთვის საუკეთესო ასაკში ვარ. შემიძლია ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში ვითამაშო ისეთი სუპერვარსკვლავის მხარდამხარ, როგორიც დერონ უილიამსია და რატომაც არა?

- ბუნებრივია, ახლა მხოლოდ ახალ კონტრაქტზე ფიქრობთ, მაგრამ უახლოესი გეგმებიც გაგვიმხილეთ...

- ვარჯიში უკვე განვაახლე და სანამ 24 ივლისს საქართველოს ნაკრებს შევუერთდები ავსტრიულ შეკრებაზე, ინდივიდუალურად ვივარჯიშებ. საქართველოს ნაკრებისთვის ეს ევროპის პირველი ჩემპიონატია და ყველანი განსაკუთრებულად ვემზადებით. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მეც ხშირად ვამბობდი ხოლმე ამა თუ იმ თამაშის წინ, მოვიგებთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ-მეთქი, მაგრამ მოვლენები რეალურად უნდა შევაფასოთ, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები ვართ და ძალიან რთული მატჩები გველის. ისეთი მეტოქეები გვყავს, როგორიც სლოვენია, რუსეთი, თუნდაც ბელგია არიან. თუმცა, პირობას გაძლევთ, რომ ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- წარმატებას გისურვებთ. ისე კი, თუ მომავალ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში ითამაშებთ, სამშობლოსთან უფრო ახლოსაც იქნებით...

- ჩემს აგენტს სწორედ მაგას ვეუბნებოდი - თურქეთის ვარიანტი იმითაც არის კარგი, რომ როცა "ბეშიქთაშს" მნიშვნელოვანი მატჩები ექნება, ჩემი სამშობლოდანაც ბევრი გულშემატკივარი ჩამოვა-მეთქი, მით უმეტეს, თუ დერონ უილიამსიც ჩემთან ერთად ითამაშებს. სხვათა შორის, სწორედ მე და დერონი ვართ პირველები NBA-ს მოთამაშეებს შორის, ვინც ევროპულ კლუბთან შეთანხმებასთან ყველაზე ახლოს არის, ამიტომაც საყოველთაო ყურადღების ცენტრში ვართ - ამერიკაშიც და ევროპაშიც.