რუსთავული "დარი" და დუ ბალა - კვირის პალიტრა

რუსთავული "დარი" და დუ ბალა

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "ბანანცთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ, რუსთავის "მეტალურგმა" განმეორებითი შეხვედრაც სასურველი ანგარიშით დაასრულა და რუსთავულ პაპანაქებაში სომხებს 1:1 დაუზავდა.

გასულ კვირას როგორი "სიგრილეც" იყო საქართველოში, კარგად მოგეხსენებათ, თუმცა იმის გამო, რომ რუსთავის სტადიონზე განათების სისტემა არ არის მწყობრში, "ბანანცთან" მატჩი... 17.00 საათზე დაიწყო - მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა ლამის +40 გრადუსს აღწევდა! ჰოდა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა დღეში იქნებოდნენ ფეხბურთელები. სანამ "ჯანზე" იყვნენ, მასპინძლებს კიდევ არა უშავდათ და მე-18 წუთზე ანგარიშიც გახსნეს, მაგრამ თანდათან სიცხემ იძალა. რუსთავულ "დარს" ერევნელი დუ ბალაც ("ბანანცის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა დუ ბალამ ანგარიში 74-ე წუთზე გაათანაბრა. - ავტ.) დაემატა და...

სტუმრებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ, შეუტიეს და კიდევ ორჯერ გვარიან "დარდუბალას" გადავურჩით. საბედნიეროდ, მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და მეორე წრეში "მეტალურგს" ყაზახური "ირტიში" ელის. სამწუხაროდ, რუსთავის პრობლემა მხოლოდ განათების სისტემა არ არის და თუ არ მოუმატა, ასეთი თამაშით "მეტალურგი" შორს ვერ წავა. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი უკვე აღარ ეკუთვნის ჯოზეფ ქეის, ასე რომ, მეპატრონე საფეხბურთო კლუბსაც შეეცვლება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ქართულ კლუბს, შინ 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ, თბილისის "დინამომ" სტუმრადაც დაამარცხა მოლდავეთის "მილსამი" (3:1) და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის "ლანელი" ელის.