ლიცენზია სკანდალის შემდეგ - კვირის პალიტრა

ლიცენზია სკანდალის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრებს ალალად მოგებული გუნდური ოლიმპიური ლიცენზია სკანდალურად ჩამოართვეს, ჩვენმა სპორტსმენებმა ერთი ინდივიდუალური ლიცენზიის მოგება მაინც მოახერხეს. ფლეი ოფის პირველ წრეში, საქართველოს ნაკრები მასპინძლებს - იტალიის ეროვნულ გუნდს შეხვდა და დამატებით სროლებში დაამარცხა კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულად ჩვენი ნაკრები გამოცხადდა, იტალიელებმა ბოლო სროლის წინ ელექტროტაბლოს გათიშვა (რაც, სავარაუდოდ, მათივე მოწყობილი იყო) მოიმიზეზეს და შედეგი გაასაჩივრეს. შედეგად, სააპელაციო კომიტეტმა, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, განმეორებითი სროლები დანიშნა, რომელშიც იტალიელებმა გაიმარჯვეს და ჩვენი გუნდი ულიცენზიოდ დატოვეს.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ლიცენზიის დაბრუნების მოთხოვნით ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლებს, თუმცა, მანამდე კიდევ ერთი ინდივიდუალური ლიცენზია ისედაც მოვიგეთ -  მსოფლიო თასის მერვედფინალში ერთბაშად ორი ქართველი მშვილდოსანი გავიდა - ქრისტინე ესებუა და ხათუნა ნარიმანიძე. მეტიც, მოგვიანებით, ესებუამ ნახევარფინალშიც გააღწია, თუმცა, ის  კვირას გაიმართა და მის შედეგზე ვერაფერს გეტყვით.