თუ გავედით... - კვირის პალიტრა

თუ გავედით...

"ზესტაფონმა" კი გაგვახარა, მაგრამ სხვა ქართული კლუბებისგან ნამდვილად მეტს ველოდით. ეს განსაკუთრებით თბილისის "დინამოზე" ითქმის, რომელიც ფავორიტის რანგში კი ესტუმრა უელსურ "ლანელს", მაგრამ ნახევრად სამოყვარულო კლუბისგან ორი გოლი მიიღო და ბოლო წუთებზე ოდიკაძეს ანგარიში რომ არ შეელამაზებინა, განმეორებითი მატჩის წინ თბილისელები მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ. ახლა "დინამომ" უკვე ისიც იცის, რომ შინ 1:0 მოგება ეყოფა და ისიც - "ლანელის" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, სლოვაკურ "ჟილინასა" და ისლანდიურ "რეიკიავიკს" შორის უფრო ყოჩაღს რომ შეერკინება. ჯერჯერობით, "დინამოსთან" უფრო ახლოს  არიან ისლანდიელები, რომლებმაც საკუთარ მოედანზე 3:0 მოუგეს "ჟილონას".

ნამდვილად არ გაუმართლა რუსთავის "მეტალურგს". თუ ყაზახური "ირტიშის" ბარიერი გადალახეს (პირველი მატჩი რუსთავში 1:1 დასრულდა. - ავტ.) ქვემოქართლელებს ფრანგულ "რენთან" მოუწევთ საქმის დაჭერა, ფრანგული ფეხბურთის "კერკეტ კაკალთან" დუელი კი საჩუქარი ნამდვილად არ არის. მომავალ მეტოქეებში ყველაზე მეტად "გაგრას" გაუმართლა - თუ ეს ეტაპი გადალახა, საქართველოს თასის მფლობელი სან მარინოს "დოგანასა" და მაკედონიურ "რაბოტნიჩკის" შორის გამარჯვებულს გადაეყრება, თუმცა... სწორედაც რომ "თუ გავიდაა" საქმე, რადგან კვიპროსის "ანორთოსისთან" სტუმრად ჩატარებული მატჩი "გაგრამ" 0:3 წააგო და ასეთი სხვაობის "ამოქაჩვა" ძალიან გაუჭირდება.