ნაგოიაში კარგი არაფერია - კვირის პალიტრა

ნაგოიაში კარგი არაფერია

ცუდად მისდით საქმე ქართველ სუმოისტებს ნაგოიაში მიმდინარე ივლისის ბაშოზე. პარასკევსა და შაბათს (კვირა დღეს  ჩატარებული შეხვედრების შედეგები გათვალისწინებული არ არის. - ავტ.) ჩვენებურებმა ერთი ორთაბრძოლის მოგებაც კი ვერ შეძლეს და ჯერჯერობით სამივე მათგანს უარყოფითი ბალანსი აქვს.როგორც ცნობილია, წინა ბაშოზე ქართველთაგან ყველაზე ცუდად ვეტერანმა კოკაიმ (ლევან ცაგურია) იჭიდავა. ქრონიკული ტრავმების გამო, ევროპული სუმოს პიონერი კარიერის დასრულებაზეც კი დაფიქრდა, თუმცა, რაც უნდა საკვირველი იყოს, ნაგოიაში თანამემამულეთაგან ყველაზე უკეთ გამოიყურება. ლევანი ჯერაც მეორე ელიტურ დივიზიონში - ძურიოშია და ექვსი ტურის შემდეგ ნულოვანი ბალანსიც ჰქონდა, თუმცა, შაბათს მასუნოიამასთან წააგო და ახლა 3-4 ბალანსი აქვს.

გაცილებით ცუდად გამოდიან სხვა ქართველები. განსაკუთრებით ეს ტოჩინოშინისგან (ლევან გორგოძე) გვიკვირს, რომელმაც ორი თვის წინ კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, მხოლოდ იოკოძუნა ჰაკუჰოს ჩამორჩა და კომუსუბის ტიტულიც დაიმსახურა, ახლა კი... შაბათს მან ბარუტოსთან წააგო და საგანგაშო ბალანსი აქვს - 2-5. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს კიდევ ერთ ჩვენებურს - ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც მეშვიდე ტურში ვაკანოსატოსთან დამარცხდა.