"ქართველა" ისევ გაიხსენეს - კვირის პალიტრა

"ქართველა" ისევ გაიხსენეს

მესამე წელიწადია, კუს ტბა ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელიც პირველი ქართველი ლიბეროს, ფრენბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრის - დავით ქართველიშვილის ხსოვნას ეძღვნება. "ქართველა-2011" წელსაც საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებული იყო, მის მხარდამჭერთა შორის კი, სპონსორების გარდა, დავით ქართველიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრებიც იყვნენ. ასეთი მემორიალების დროს მოგება-წაგებაზე მეტად ტურნირში მონაწილეობა ფასობს, თუმცა, "ქართველა 2011" იმითაც გამოირჩეოდა, რომ მონაწილე გუნდები საოცარი აზარტით იბრძოდნენ "ქართველას" თასისთვის და ფინალის დროს ამინდის მოულოდნელი გაუარესება და ძლიერი წვიმა ფინალის არც ერთი მონაწილის შემართებას არ დასტყობია.

ტრადიციისამებრ, ქართველ პროფესიონალ ფრენბურთელებთან ერთად ტურნირში აზერბაიჯანელი და სომეხი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. შარშანდელის მსგავსად, ჩემპიონობა წელსაც დავით ლიპარტელიანისა და თემურ ჭაბუკიანის წყვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე სოსო ლობჟანიძე და თენგიზ ჯანხოთელი გავიდნენ, მესამეზე კი არტურ ავეტისოვისა და ირაკლი ცინცაძის დუეტი. პრიზიორები დავით ქართველიშვილის ოჯახის წევრებმა დააჯილდოეს, - სოლიდურ ფულად ჯილდოებთან ერთად გამარჯვებულებს სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ. წლევანდელი ტურნირი იმითაც იყო გამორჩეული, რომ სპეციალური ჯილდოები იყო დაწესებული უიღბლო მონაწილეებისთვისაც. ეს ორიგინალური პრიზები ნომინანტებს დავით ქართველიშვილის დამ - თამარმა გადასცა, რომელიც ტურნირისთვის ლონდონიდან სპეციალურად ჩამოვიდა.