ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ზესტაფონშიც ესმით - კვირის პალიტრა

ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ზესტაფონშიც ესმით

გასული კვირის გმირი უდავოდ "ზესტაფონია". საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშა და ხმაურიანი გამარჯვებაც გამოაცხო - გია გეგუჩაძის სამწყსომ საკუთარ მოედანზე კიშინიოვის "დაჩიას" უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს იმერელთა მეტოქემაც პირველად გაუსინჯა გემო, თუმცა, ზესტაფონელთაგან განსხვავებით, მოლდაველების დებიუტს აშკარად სიმწარის გემო დაჰკრავდა და იმერული "სტუმართმოყვარეობა" კიდევ კარგა ხანს არ დაავიწყდებათ.

სტუმართა რბევას სათავე ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირმა - ნიკოლოზ გელაშვილმა მე-14 წუთზე დაუდო, მერე კი ორი ერთიმეორეზე უკეთესი ბურთი ჯაბა დვალმა გაიტანა. ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ სტუმრებს მისი გოლები განსაკუთრებულად "ემწარათ": ჯერ ერთი, ჯაბამ მეტოქის მცველები ორივე შემთხვევაში "გაღიმებული დატოვა" (ერთი მოძრაობაზე დაიჭირა, მეორეს კი, სულაც თავზე გადაუგდო ბურთი - ავტ.) და რაც მთავარია, დვალი "ზესტაფონში" სწორედ "დაჩიადან" გადავიდა.

ასეა თუ ისე, მთლიანად ქართულმა "ზესტაფონმა" პირწმინდად დაჩაგრა ლეგიონერებით გაძლიერებული "დაჩია" და განმეორებითი მატჩის წინ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. ზესტაფონელთა ზეიმს მცირედი ჩრდილი მიაყენა უეფას გადაწყვეტილებამ, რომელმაც კიშინიოველებთან მატჩისას სტადიონზე უწესრიგობის გამო "ზესტაფონს" მომდევნო მატჩების საკუთარ მოედანზე გამართვა აუკრძალა. თუმცა, იმერულმა კლუბმა უკვე გაგზავნა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში საგარანტიო წერილი, სადაც პირობას დებს, რომ უბილეთო გულშემატკივარი სტადიონზე ვეღარ მოხვდება და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე არც სხვა უწესრიგობას ექნება ადგილი. საქმეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერია და როგორც "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, შეიძLლება კლუბს სასჯელი მოუხსნან კიდეც. გია გეგუჩაძეს "დაჩიასთან" მატჩის გარდა, მომავალ მეტოქეებზეც ვკითხეთ, - უკვე ცნობილია, რომ თუ მოლდაველებთან მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა, იმერული კლუბი მომდევნო ეტაპზე ავსტრიის "შტურმსა" და უნგრეთის "ვიდეოტონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

- ბატონო გია, გამარჯვებას გილოცავთ. ასეთი ანგარიშით მოგებას, ალბათ, თქვენც არ ელოდით.

- კარგია, რომ მოვიგეთ და განმეორებით მატჩს საკმაოდ დიდი უპირატესობით ვხვდებით. თუმცა, დაველოდოთ კიშინიოვში გასამართავ შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, რთული თამაში გველის.

- არა მგონია, "ზესტაფონსა" და "დაჩიას" შორის კლასში ისეთივე სხვაობა იყოს, როგორიც მატჩის საბოლოო ანგარიშში დაფიქსირდა. რის ხარჯზე მოიგო თქვენმა გუნდმა?

- ფეხბურთში არსებობს ცნება - სულისკვეთება. მთელი გუნდი გამარჯვების სულისკვეთებით იყო აღსავსე და, ალბათ, უპირველესად სწორედ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ფეხბურთელები მოტივირებული იყვნენ, თამაში სიამოვნებდათ და კარგია, რომ ამ ყოველივეს შესაბამისი შედეგიც მოჰყვა.

- თამაშამდეც ბრძანეთ, რომ "დაჩიას" რამდენიმე ახალწვეული ჰყავს. შეიძLლება ისინი ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ ახალ თანაგუნდელებთან შეთამაშება აკლიათო, ამბობდით და მატჩმაც დაადასტურა, რომ "ზესტაფონი" უფრო შეკრული გუნდია.

- მართლაც შეკრული გუნდი გვყავს. ძალიან კარგია, რომ ჩემმა ბიჭებმა ყველას დაუმტკიცეს, ერთიანი, შეკრული გუნდია და შეუძლია ფეხბურთის თამაში. არც ერთ მათგანს არ გამოვარჩევ - თავისი საქმე ყველა მოთამაშემ კარგად გააკეთა. ყველა სათამაშო რგოლი საჭირო სიმაღლეზე იდგა.

- მატჩის დაწყებამდე რა დავალება მიეცით ფეხბურთელებს?

- არავითარი დავალება არ მიმიცია. გამარჯვება მთლიანად ფეხბურთელების დამსახურებაა.

- გასაგებია, რომ საკუთარ დამსახურებაზე ლაპარაკი არ გსურთ, მაგრამ ფეხბურთში მწვრთნელის როლი უმნიშვნელოვანესია, "ზესტაფონს" კი მწვრთნელის ხელი ყოველთვის ეტყობა ხოლმე და გამონაკლისი არც "დაჩიასთან" მატჩი ყოფილა.

- დამიჯერეთ, არანაირი დავალება არ ყოფილა. უბრალოდ, იყო თამაში, რომელიც მოვიგეთ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში გვითხარით, რომ თქვენი ოცნება ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულ თამაშს უკავშირდება. ბუნებრივია, ჯერ ერთი ეტაპიც კი არ გაგივლიათ ბოლომდე და ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ის მაინც გაგვიმხილეთ, როგორი გრძნობაა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს საკუთარი გუნდის თამაშის დაწყების წინ ისმენ?

- საოცარი გრძნობაა, როდესაც ოთხშაბათს მოედნის კიდესთან დგახარ და ჩემპიონთა ლიგის ნაცნობ ჰიმნს ისმენ, თან, სათამაშოდ სხვა რომელიმე კლუბი კი არა, შენი გუნდი ემზადება. ბედნიერი ვარ, ამ ყველაფერს რომ მოვესწარი.

- უკვე გარკვეულია ის წყვილიც, რომელში გამარჯვებულსაც "დაჩიას" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე შეხვდებით.

- ჩვენ არც ერთ მეტოქეს არ დავიწუნებთ. მოწინააღმდეგეს ყოველთვის პატივისცემით მოვეპყრობით - "შტურმი" იქნება თუ "ვიდეოტონი". თუმცა, ჯერჯერობით იქამდე არ მივსულვართ, ჯერ "დაჩიას" ბარიერი უნდა გადავლახოთ და დანარჩენი მერე გამოჩნდება.

- მოლდაველებთან მატჩის შემდეგ თქვით, რომ სავსე ტრიბუნებმა მოთამაშეებზე დადებითად იმოქმედა. საერთოდაც, "ზესტაფონს" ერთგული გულშემატკივარი ჰყავს და საწყენია, თუ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს დისკვალიფიკაციით დასჯიან.

- ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის ცნობილი. ყველაფერი ამ დღეებში გაირკვევა და შეიძლება დისკვალიფიკაციას გადავურჩეთ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, დიდი იმედი გვაქვს. რაც შეეხება ქომაგებს, ფეხბურთი გულშემატკივრისთვის არსებობს, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ, თუმცა, მეტი სიფრთხილე და გონიერება მართებთ. გულშემატკივარი ემოციური უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, უეფას კი თავისი მოთხოვნები აქვს...

- დიდი ანგარიშით გამარჯვება კარგია, მაგრამ ამან ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოსო, თქვით. თუმცა, თქმა ერთია და შესრულება - მეორე. როგორი საქმეა 3:0 მოგების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი არ მოდუნდეს და განმეორებით მატჩსაც სრული კონცენტრაციით შეხვდეს.

- იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, სხვა შემთხვევაში, განმეორებით მატჩში ბევრ რამეს წავაგებთ. ვფიქრობ, მოთამაშეებიც აცნობიერებენ, რომ კიშინიოვში ძალიან რთული თამაში გველოდება და მომავალ შეხვედრას მობილიზებული შეხვდებიან.

- კარგია, რომ ამ წარმატებას ლეგიონერების გარეშე მიაღწიეთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მომავალშიც მოახერხებთ მხოლოდ ქართველი მოთამაშეების ამარა ფონს გასვლას? ცნობილი ამბავია, რომ "ზესტაფონს" პრინციპული მიდგომა აქვს ლეგიონერების ჩამოყვანის საკითხზე.

- ლეგიონერების წინააღმდეგი არა ვართ, მაგრამ ჩვენი ბიჭებიც კარგად ართმევენ თავს საქმეს და მგონი, უცხოელების ჩამოყვანა არ არის საჭირო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოთამაშეები ამტკიცებენ - ქართველებს შეგვიძლია ფეხბურთის თამაში!