ზესტა-ფონს გასულები და ერთი სტადიონი სამისთვის - კვირის პალიტრა

ზესტა-ფონს გასულები და ერთი სტადიონი სამისთვის

ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან და რაც უნდა საკვირველი იყოს, მათ შორის სამი ქართული კლუბიც არის.შეიძლებოდა, მომდევნო ეტაპზე ჩვენი მეოთხე გუნდიც გვენახა, მაგრამ კვიპროსში 0:3 წაგების შემდეგ "გაგრას" მხოლოდ 2:0-ისთვის ეყო ძალა. მიუხედავად ამისა, ვის მოუბრუნდება ენა იმ გუნდის სასაყვედუროდ, რომელმაც გასული სეზონი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გაატარა? "გაგრას" ახალგაზრდული და ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავს, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და ცოტა რომ გაემართლებინა, იქნებ მესამე გოლიც გაეტანა გაცილებით გამოცდილი "ანორთოსისისთვის", თუმცა საქართველოს თასის მფლობელთა თავკაცის თქმისა არ იყოს, "გაგრას" დროც მოვა!

ჩვენი მეტოქეების მწვრთნელებზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. "ლანელის" თავკაცზე სალაპარაკო ბევრი არაფერია - ენდი ლეგა ისეთივე მოკრძალებული ადამიანი გამოდგა, როგორიც მისი ნახევრად სამოყვარულო კლუბი და აღიარა კიდეც, "დინამომ" დამსახურებულად მოგვიგო, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, პირველი მატჩის მოგებით ვიამაყოთო. თბილისელებმა მართლაც დამსახურებულად გაიმარჯვეს, მე კი ამ მატჩის ანგარიშმა კიდევ ერთი ქართულ-უელსური დუელი გამახსენა - ქართველებმა მაშინაც 5:0 მოიგეს, ოღონდ სანაკრებო დონეზე. მომდევნო ეტაპზე "დინამოს" ისლანდიური "რეიკიავიკი" ელის, დასანანი კი მხოლოდ ერთი რამაა, - "ლანელისთან" გატანილი ხუთი გოლიდან "ქართული" არც ერთი არ ყოფილა - ოთხი ბურთი ესპანელი ახალწვეულების ანგარიშზეა, ერთიც ბრაზილიელმა რობერტინიომ გაიტანა.

"ჩვენი წყვილიდან შემდეგ ეტაპზე ღირსეული გავიდა. "ირტიში" ჯერ ვერ აკმაყოფილებს მესამე ეტაპის მოთხოვნებს. მართალია, წავაგეთ, მაგრამ ქართული გუნდის წარმატება გულწრფელად მიხარია", - ეს სიტყვები ყაზახური "ირტიშის" მთავარ მწვრთნელს ტალგატ ბაისუფინოვს ეკუთვნის. მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო რუსთავის "მეტალურგთან" და ბრძოლას გამოეთიშა, თუმცა, ბაისუფინოვს არც ობიექტურობის გრძნობა დაუკარგავს და არც ადამიანობა.

იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით კიშინიოვის "დაჩიას" თავკაც იგორ დობროვოლსკიზე. "ბოღმის ბუკეტი" რომ იყო, დობროვოლსკის ზესტაფონში 0:3 წაგების მერეც შეეტყო. მაგრამ თუ აქ ყოფნისას "დაჩიას" მწვრთნელი სარგადაყლაპულივით იყო, კიშინიოვში ჩასვლისთანავე გაილექსა და ბოღმისა და ირონიის ღვარცოფიც ამოანთხია. მის მიერ წამოსროლილ "მარგალიტებზე" ახლა არ შევჩერდებით და მხოლოდ ერთ ფრაზაზე გავამახვილებთ ყურადღებას: "წელიწადში ერთხელ ჯოხიც ისვრის", - ბრძანა "დაჩიას" მწვრთნელმა განმეორებითი მატჩის წინ. "ზესტაფონის" 3:0 გამარჯვება მოეჩვენა "ჯოხის" გასროლად" თუ საკუთარი ფეხბურთელებისგან ელოდა რამეს, ვერ გეტყვით, ის კი ფაქტია, რომ პირველ მატჩში ზესტაფონში "დაჩიავებულმა" მოლდაველებმა და მათმა ვაიმწვრთნელმა საკუთარ კედლებში ბევრი უმსგავსობა იკადრეს - მოედანზეც და მის გარეთაც.

მსაჯი რომ მასპინძლების "დაკრულზე უსტვენდა", ვინც თამაშს უყურა, ყველა დაგვეთანხმება, თუმცა, არც მოთამაშეებს დაუკლიათ და ამიტომ იყო, ნამატჩევს მაისურებშემოხეული და დაჩეხილი ზესტაფონელები ომგადახდილებს რომ ჰგავდნენ. და დობროვოლსკი სადღა იყო? "დაჩიას" მწვრთნელი სასურველი ანგარიშით მოუგებლობამ ისე გაამწარა, რომ ირაკლი ძარიას... ხელი დაარტყა! გასახდელში კი ფეხბურთელებს შორის ჯგუფური ჩხუბიც მოხდა. ამ ყველაფრის შემდეგ, დობროვოლსკი უცოდველი სახით გამოცხადდა პრესკონფერენციაზე და ურცხვად იცრუა, არავის შევხებივარ, შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩვენ გვეკუთვნოდა და არა "უღირს" "ზესტაფონსო" და დასძინა, - ჩვენი მეტოქე ევროტურნირებზე მეტს ვეღარაფერს გააკეთებს, თავის საჯდომზე(?!) მაღლა ვერაფრით ახტებაო.

ვინ სად ახტება და ვინ რაზე დარჩა, ყველანი ვხედავთ. მთავარია, მოლდაველთა უმსგავსო დახვედრის და 2:0 წაგების მიუხედავად, ფონს მაინც "ზესტაფონი" გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიის "შტურმს" შეხვდება.

P.S. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონს" "შტურმი" ელის, "დინამოს" - "რეიკიავიკი", რუსთავის "ოლიმპს" კი ფრანგული "რენი" გამოცდის. ევროთასებს შემორჩენილი ქართული კლუბების "წარმომავლობა" თვალს კი ახარებს, მაგრამ მხოლოდ გეოგრაფია რად გინდა? - ზესტაფონიც, რუსთავიცა და თბილისიც მაინც ერთ მოედანზე მოიყრიან თავს. რადგან სხვა სტადიონები მესამე ეტაპისთვის საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, საშინაო მატჩების ჩატარება სამივე ქართულ კლუბს თბილისში ეროვნულ სტადიონზე მოუწევს.