რატომ გამოდის საქართველოს პირველი ჩოგანი რუსეთის სახელით? - კვირის პალიტრა

რატომ გამოდის საქართველოს პირველი ჩოგანი რუსეთის სახელით?

თითქმის ერთი თვეა,  ATP-ს (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) რეიტინგში ერთადერთი ჩოგბურთელიღა გვყავს - ლადო ჩიხლაძე. ფორმალურად, შეგვიძლია, სწორედ ის მივიჩნიოთ საქართველოს უძლიერეს ვაჟ ჩოგბურთელად, მაგრამ ჩიხლაძე, რომელიც ბოლოს მსოფლიოს 836-ე ჩოგანი იყო, უკვე თვეებია, აღარსად გამოჩენილა.

ასე რომ, ფაქტობრივად, საქართველო პირველი ჩოგნის გარეშეა დარჩენილი! მანამდე? მანამდე საქართველოს პირველი ჩოგანი 19 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი (604) გახლდათ, თუმცა, უკვე რამდენიმე კვირაა, მისი გვარის გასწვრივ "რუსეთის ფედერაცია" წერია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, ბასილაშვილს რუსები აფინანსებენ, ბოლო დრომდე ის საქართველოს სახელით თამაშობდა, სანამ... ზოგიერთებმა უკვე მიაწებეს "მოღალატის" იარლიყი, თუმცა, თავად ამბობს, რომ არჩევანი არ ჰქონდა - ან რუსეთის სახელით გამოსვლას უნდა დათანხმებოდა, ან ჩოგბურთისთვის თავი დაენებებინა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნიკოლოზ ბასილაშვილთან, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე ლაპარაკობს.

- რუსეთის ჩოგბურთის ფედერაცია 14-15 წლის ასაკიდან მაფინანსებს. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, გადამევადებინა მათი სახელით გამოსვლა და ტურნირებზე საქართველოს სახელით ვთამაშობდი, მაგრამ ბოლოს არჩევანის წინაშე დამაყენეს და იძულებული ვარ, რუსეთის სახელით გამოვიდე.

- რამდენი ხანია, რაც თქვენი გვარის გასწვრივ  GEO-ს ნაცვლად RUS   წერია?

- დაახლოებით თვე-ნახევარია, რაც რუსეთის ფედერაციის სახელით გამოვდივარ. ისე კი, ორი წელი იქნება, რაც რუსული პასპორტი ავიღე და ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ჩოგბურთი ძვირად ღირებული სახეობაა - სპონსორი თუ არ გყავს, წარმოუდგენელია, რამეს მიაღწიო. რუსები წელიწადში დაახლოებით 170 ათასი დოლარით მაფინანსებენ, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას კი მიზერულ თანხას ვთხოვდი,  თუმცა...

- რა თანხაზე იყო ლაპარაკი?

- ქართველებს წლიურად 30-50 ათასით მაინც რომ დავეფინანსებინე, ჩემი ქვეყნის სახელით ასპარეზობას გავაგრძელებდი, თუმცა რა დაფინანსებაზეა ლაპარაკი, როცა თბილისში ყოფნისას კორტით სარგებლობის ფულსაც კი მახდევინებენ?! დაახლოებით წლინახევრის წინ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და კარიერის საუკეთესო რეიტინგი (მსოფლიოს 506-ე ჩოგანი იყო - ავტ.) მქონდა. მაშინ "რუსთავი-2"-ზე სიუჟეტიც გაკეთდა ჩემს შესახებ, სადაც ისიც იყო ნათქვამი, რა სიტუაციაში ვიყავი და ისიც, რომ თუ სპონსორი გამოჩნდებოდა, საქართველოს სახელით გავაგრძელებდი თამაშს. ყურიც არავინ შეიბერტყა...

- მაგ თემაზე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებთან არ გილაპარაკიათ?

- რა თქმა უნდა. ორთვე-ნახევრის წინ მამაჩემი კიდევ ერთხელ მივიდა სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და უთხრა - თუ შეგიძლიათ, მინიმალური დაფინანსება მაინც გამოგვიყოთ, რუსებს უარს ვეტყვითო, მაგრამ კატეგორიულად იუარეს - მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ვერ დაგაფინანსებთო... თანაც, ბოლო პერიოდში რუსები უკვე კატეგორიულად მთხოვდნენ ჩემი გვარის გასწვრივ "რუსეთის" ჩაწერას. ასე რომ, არჩევანი აღარ მქონდა - ან რუსეთის სახელით გამოსვლას უნდა დავთანხმებოდი, ან ჩოგბურთისთვის თავი დამენებებინა! საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩოგბურთელი აღარ ვიარსებებდი თუ სხვა ქვეყნის სახელით ვითამაშებდი?! ეს იმათ გასაგონად, ვინც სამშობლოს მოღალატეს მეძახის...

- თქვით, უკვე რამდენიმე წელიწადია, რუსეთის ჩოგბურთის ფედერაცია მაფინანსებსო. ახლა გასაგებია, მაგრამ სანამ საქართველოს სახელით თამაშობდით, რუსები რატომ იხარჯებოდნენ?

- აშშ-ის ერთ-ერთ ტურნირზე თამაშისას ჩემით რუსი მენეჯერი - ვიტალი გორინი დაინტერესდა, რომელსაც თავადაც აქვს საჩოგბურთო აკადემია კალიფორნიაში. სწორედ გორინმა დამაკავშირა რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან. მერე რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა შამილ ტარპიშევმაც მნახა მოსკოვში, მოვეწონე და დღესდღეობით ჩემი მენეჯერია. რუსები ფიქრობდნენ, რომ მალევე გადავიდოდი მათ ბანაკში, მე კი ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა, გადამევადებინა ეს დღე...

- ისინი, ვისაც "მოღალატედ" მიაჩნიხართ, ამბობენ - ნებისმიერი სხვა ქვეყნის სახელით გამოსულიყო, ოღონდ არა რუსეთისო...

- პოლიტიკაში არ ვერევი, სხვა სპონსორი კი არ მყავს და არც შემოთავაზება მქონია ვინმესგან.

- ფულს რუსები რომ გიხდიდნენ, ქართული მხარე იმიტომ ხომ არ გეუბნებოდათ დაფინანსებაზე უარს?

- საქართველოს არასდროს დავუფინანსებივარ - არც ათი, არც ხუთი და არც ორი წლის წინ. 12 წლის ასაკამდე მამაჩემი ტურნირებზე საკუთარი ფულით დამატარებდა. რაც შეეხება რუსებს, უკვე ვთქვი, რომ თუ საქართველო მიზერულ თანხას მაინც გადაიხდიდა, მათ უარს ვეტყოდი. როგორც გითხარით, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. თუ სპონსორი გამოჩნდება და თუნდაც 50 ათასით დამაფინანსებენ, ნებისმიერ წუთს შემიძლია, ისევ საქართველოს სახელით გამოვიდე...

- ასე ადვილად გამოგიშვებენ რუსები, რომლებმაც ამდენი ფული დაგახარჯეს?

- რა თქმა უნდა, გამომიშვებენ. ტარპიშევთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, რომ ხელს ნამდვილად არ შემიშლიან.

- ახლახან ერევნის ტურნირის მერვედფინალში 17 წლის ალექსანდრე მეტრეველს მოუგეთ. ქართველ ჩოგბურთელთან თამაშისას უხერხულობის გრძნობა არ დაგეუფლათ?

- კარგი თამაში გამოვიდა. მე და სანდრო დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და ჩვენ შორის ყველანაირი უხერხულობა, ან მით უმეტეს - მტრობა გამორიცხულია.  საერთოდ კი, არ დაგიმალავთ - ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა, ჩემი გვარის შემდეგ "რუსეთს" რომ აცხადებენ და ამ ქვეყნის სახელით გამოვდივარ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...

- ბოლოს, კალიფორნიაში გქონდათ ბაზა, მწვრთნელობას კი მამათქვენი გიწევდათ. შეიცვალა რამე?

- ჩემი მწვრთნელი ისევ მამაჩემია, კალიფორნიიდან კი უკვე წამოვედი. ესპანეთში ვაპირებ ვარჯიშს და ვნახოთ, რა იქნება. საუკეთესო ფორმაში გასული წლის გაზაფხულზე ვიყავი და ეს რეიტინგსაც ეტყობოდა, თუმცა მერე ტრავმებმა გამაწამა და ფსიქოლოგიურადაც გამიჭირდა. აშშ-ში რამდენიმე ახალი მწვრთნელი მავარჯიშებდა, რომლებმაც ტექნიკა შემიცვალეს; შეიძლება ითქვას, თითქმის ორი წელი დავკარგე და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ. ამჟამად საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და მინდა,  US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოვხვდე...