ხიზანა დაშავდა - კვირის პალიტრა

ხიზანა დაშავდა

თურქული "ქაისერისფორი", რომლის მთავარი მწვრთნელიც შოთა არველაძეა, ახალი სეზონისთვის ჰოლანდიაში ემზადება. კლუბმა უკვე ორი საკონტროლო მატჩის ჩატარებაც მოასწრო - არველაძის შეგირდებმა ჯერ შოთას ყოფილ კლუბთან - "ალკმაართან" წააგეს, კვირის მიწურულს კი მადრიდის "ხეტაფეს" ეთამაშნენ და 3:0 გაიმარჯვეს. დიდი ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად ქართველი მწვრთნელი დიდად ნასიამოვნები ვერ დარჩებოდა. საქმე ის არის, რომ "ხეტაფესთან" მატჩის მე-5 წუთზევე შესაცვლელი გახდა "ქაისერისფორის" ახალწვეული - საქართველოს ნაკრების მცველი ზურაბ ხიზანიშვილი. მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს ხიზანამ მარცხენა ფეხი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. რამდენად მძიმეა ტრავმა, ამ დღეებში გახდება ცნობილი.