ცოტა, მაგრამ ყველა სინჯის - კვირის პალიტრა

ცოტა, მაგრამ ყველა სინჯის

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან საქართველოს ნაკრებმა ყველა სინჯის მედლები წამოიღო. ვერ ვიტყვით, რომ "ტრაბზონი 2011" ჩვენი დელეგაციისთვის ძალიან შედეგიანი იყო, თუმცა, თითო ოქრო-ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მაინც შევძელით. როგორც მოსალოდნელი იყო, მედლების უმრავლესობა ძიუდოისტების ანგარიშზეა - ერთი ოქრო და ოთხი ბრინჯაო.

ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი გახდა, რომელმაც ტრაბზონში ჩინებულად იჭიდავა, თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი მუზიაშვილი, ლევან გუგავა და გიორგი ლაზუაშვილი კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ. სხვა სახეობებში ერთადერთი მედალი მოვიგეთ - მძლეოსან ლაშა ღულელაურს ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი სანტიმეტრი დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 24-ე ადგილზე გავიდა, 2015 წელს კი, როგორც ცნობილია, ანალოგიურ ფესტივალს თბილისი უმასპინძლებს.