"დინამოს" ბერძნები "აეკიდნენ" - კვირის პალიტრა

"დინამოს" ბერძნები "აეკიდნენ"

ოპტიმისტური მოლოდინის მიუხედავად, "ზესტაფონმა" ავსტრიის ქალაქ გრაციდან სასურველი შედეგის წამოღება ვერ შეძლო და ისღა დარჩენია, არა ჩემპიონთა, არამედ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლოს.ახლა გვიანღაა იმაზე ლაპარაკი, რა იქნებოდა, თბილისურ მატჩში ნიკოლოზ გელაშვილს ბურთი ცარიელი კარისთვის რომ არ აეცილებინა, ჩვენს მცველებს საბედისწერო შეცდომა რომ არ დაეშვათ, განმეორებით შეხვედრაში შექმნილი რამდენიმე საგოლე მომენტიდან ერთი მაინც რომ გამოგვეყენებინა და ა.შ. ფაქტია, შინ 1:1-ის შემდეგ "ზესტაფონმა" ავსტრიაში 0:1 წააგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოცნება მომავლისთვის გადადო.

არადა, "შტურმი" ნამდვილად არ იყო დაუმარცხებელი გუნდი. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ ავსტრიელთა ძლევის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ჩემპიონს ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდი კი არა, თურმე... ბელორუსული "ბატე" ელოდა! თუმცა, ვერაფერს იზამ, ჩვენებური "დანა" ავსტრიული "ბაშტურმისთვის" საკმარისად მჭრელი არ გამოდგა, ევროპის ლიგაზე გადანაცვლებულ იმერულ კლუბს კი კენჭისყრამ  მეტოქედ ბელგიის ცამეტგზის ჩემპიონი "ბრიუგე" არგუნა.

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპს ერთი ნაბიჯი აშორებს თბილისის "დინამოსაც". ისლანდიურ "რეიკიავიკთან" სტუმრად 4:1 მოგებული მატჩის შემდეგ, ალექს გარსიას შეგირდებმა თბილისშიც გაიმარჯვეს (2:0) და ფლეი-ოფში ბერძნულ "აეკთან" მოუწევთ "საქმის გარჩევა". ევროპის ლიგაზე აქამდე ჩაბარებული ექვსი მატჩიდან, "დინამომ" ხუთი მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, მეტოქეთა კარში კი 17 გოლი გაიტანა. თუმცა, ათენის "აეკი" თბილისელთა აქამდელ მეტოქეებზე ბევრად გამოცდილი და სახელიანი კლუბია. მართალია, ეს გუნდი საბერძნეთის ჩემპიონი ბოლოს შორეულ 1994 წელს იყო, მაგრამ ევროტურნირებზე თითქმის ყოველწლიურად თამაშობს და რამდენიმე ცნობილი მოთამაშეც ჰყავს, მათ შორის, 2004 წლის ევროპის ჩემპიონი ტრაიანოს დელასი და "ბარსელონის" ყოფილი ფორვარდი ეიდურ გუდიონსენი. ჰო, 1994-97 წლებში "აეკის" მაისურით საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი თემურ ქეცბაიაც თამაშობდა.

"ზესტაფონი" და "დინამო" ფლეი-ოფის მატჩებს 18 და 25 აგვისტოს ჩაატარებენ. ვინაიდან ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე ერთი სტადიონის "გაყოფა" უხდებათ, 18 აგვისტოს თბილისში "ზესტაფონი" ითამაშებს, ერთი კვირის შემდეგ კი, იმერლები "ეროვნულის" გაქუცულ მინდორს "დინამოს" დაუთმობენ.