"ასეთ საშინელ ჯგუფს, ალბათ, სპეციალურადაც ვერ შევადგენდი" - კვირის პალიტრა

"ასეთ საშინელ ჯგუფს, ალბათ, სპეციალურადაც ვერ შევადგენდი"

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 10 აგვისტოს, პოლონეთის ქალაქ ლიუბინში მასპინძელთა ნაკრებთან "ამხანაგურად წააგო" - 0:1. 3 სექტემბერს, ლატვიასთან გასამართი ოფიციალური მატჩის წინ, თემურ ქეცბაიას გუნდისთვის ეს ბოლო რეპეტიცია იყო.

გასულ კვირას ის გუნდები გახდა ცნობილი, რომლებიც საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდნენ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ქვეჯგუფში: ესპანეთი, საფრანგეთი, ბელორუსია, ფინეთი - ბრაზილიაში ჩასატარებელ მუნდიალზე მოსახვედრად ჩვენს გუნდს სწორედ ამ ნაკრებებთან მოუწევს ბრძოლა. მომავალი მეტოქეების დადგენის შემდეგ, ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო რესპონდენტად თემურ ქეცბაია იქცა. ეროვნული ნაკრების თავკაცს ჩვენთვის უიღბლო კენჭისყრაზეც ვკითხეთ და სხვა სიახლეებზეც:

- როდესაც საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელიც კი ამბობს, რომ მის გუნდს საშინლად არ გაუმართლა, მე რაღა მეთქმის? ურთულეს ქვეჯგუფში მოვხვდით. ვინმეს რომ ეთქვა, წინასწარ შეარჩიე ყველაზე არასასურველი მეტოქეებიო, ასეთ საშინელ ჯგუფს, ალბათ, მაშინაც კი ვერ შევადგენდი. თუმცა, ვერაფერს ვიზამთ, ვინც შეგვხვდა, იმათ უნდა ვეთამაშოთ. მეორე მხრივ, კარგია, რომ ქართველი გულშემატკივარი თბილისში ნახავს ისეთი ძლიერი ნაკრებების თამაშს, როგორიც ესპანეთი და საფრანგეთი არიან. ფეხბურთელებისთვისაც სტიმული უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან სათამაშოდ მოედანზე გასვლა. უნდა მოვემზადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვითამაშოთ.

- არადა, შეიძლებოდა რომელიმე კალათიდან მაინც შეგვხვედროდა შედარებით სუსტი მეტოქე.

- შეიძლებოდა, მაგრამ პირიქით, უძლიერესი მეტოქეები გვერგო. ესპანეთსა და საფრანგეთზე აღარაფერს ვიტყვი, ბელორუსია და ფინეთიც ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებები იყვნენ თავიანთ კალათებში და მაინცდამაინც ჩვენს ჯგუფში აღმოჩნდნენ.

- ხუთგუნდიან ქვეჯგუფში რომ მოვხვდით, კარგია თუ ცუდი?

- ძალიან ცუდია, ჯობდა, ექვსგუნდიან ჯგუფში მოვხვედრილიყავით. იმ დღეებში, როცა სხვა გუნდები შესარჩევ მატჩებს ჩაატარებენ, ჩვენ ამხანაგური შეხვედრებისთვის მოგვიწევს მეტოქეების ძებნა, რაც რთული საქმე იქნება, რადგან ძნელი სავარაუდოა, იმ დროისთვის რომელიმე ევროპულმა ნაკრებმა ჩვენთან სათამაშოდ გამონახოს დრო.

- მომავალი მეტოქეებიდან სამ ნაკრებს - ესპანეთს, ბელორუსიასა და ფინეთს - საქართველო აქამდე არასდროს შეხვედრია. ამას თუ ანიჭებთ მნიშვნელობას?

- საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი მიმდინარე შესარჩევი ციკლის ბოლომდე მაქვს, ამიტომაც ძალიან მეუხერხულება იმაზე ლაპარაკი, რა იქნება მომავალ შესარჩევ ეტაპზე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, შევხვედრივართ თუ არა აქამდე რომელიმე ნაკრებს - მე ვიქნები თუ სხვა მწვრთნელი, არა მგონია, მეტოქეებზე ინფორმაციის მოძიება გაგვიჭირდეს.

- მე ვიქნები თუ სხვაო, ბრძანეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, მომავალ შესარჩევ ციკლშიც იმუშავებთ თუ არა საქართველოს ნაკრებში?

- არ დაგიმალავთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესებულია ამ საკითხით. მეც მინდა, რაც შეიძლება მალე გავარკვიო საკუთარი მომავალი. როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდება, შევხვდები სფფ-ის ხელმძღვანელობას და ვისაუბრებთ ამაზე. მნიშვნელოვანია ისიც, დასრულების შემდეგ, როგორ შეფასდება მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი. ამიტომაც მირჩევნია ამჯერად იმ მატჩებზე ვილაპარაკო, რომლებიც მიმდინარე შესარჩევ ციკლში დაგვრჩა, ვიდრე ახალი შესარჩევი ეტაპის შეხვედრებზე.

- იმ სამუშაოთი თუ ხართ კმაყოფილი, რაც აქამდე გასწიეთ?

- ყველაზე მეტად იმ მხარდაჭერით ვარ კმაყოფილი, რასაც ნაკრებში მუშაობის მთელი დროის განმავლობაში ვგრძნობ ფეხბურთის ფედერაციისგანაც, სახელმწიფოსა და გულშემატკივრებისგან. დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება არ მჩვევია, ამიტომაც ჩემი უპირველესი არჩევანი ყოველთვის საქართველოს ნაკრები იქნება, თუმცა, გააჩნია, რას შემომთავაზებს ფეხბურთის ფედერაცია... მე ვიქნები თუ სხვა, ასეთი ძლიერი ქვეჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას არც ერთ მწვრთნელს არ დაუსახავენ აუცილებელ ამოცანად. ამიტომაც მომდევნო ორწლიანი ციკლი შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება გუნდის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებლად.

- მიმდინარე შესარჩევ ციკლში სამი მატჩი დაგვრჩა. რა იქნება ჩვენი გუნდის მიზანი ლატვიასთან, მალტასა და საბერძნეთთან შეხვედრებში?

- ბუნებრივია, მოგებისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ წინასწარ იმის თქმა, რა მოხდება, ძნელია. ლატვიასა და საბერძნეთს საკუთარ მოედანზე ვეთამაშებით, მალტას კი - სტუმრად. ბევრი ფიქრობს, რომ მალტაში იოლი მატჩი გველის, თუმცა, ჩვენი ჯგუფის არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონია იქ "გასეირნება" და ჩვენც მძიმე მატჩი გველოდება. მოკლედ, შევეცდებით, დარჩენილ მატჩებში ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ, ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ შესარჩევი ეტაპის შვიდი ტურის შემდეგ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ჯგუფიდან გასვლის თუნდაც თეორიული შანსი. ეს იმ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც ყველა მატჩში თავდაუზოგავი ბრძოლით ქართულ ფეხბურთს მაყურებელი დაუბრუნეს.

- ლატვიასთან მატჩამდე თვეზე ნაკლები დარჩა, ეროვნული სტადიონის მოედნის საფარი კი ისევ ყანას ჰგავს.

- იმედია, ისინი, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ევალებათ, ყველაფერს გააკეთებენ მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუ არა და, სექტემბრისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საფარიც განახლდება და შესაძლოა, იქ ვითამაშოთ. ისე კი გვპირდებიან, რომ სექტემბრის დასაწყისში ეროვნული სტადიონის მინდორიც სათანადო კონდიციაში იქნება.

- დასასრულ, ევროტურნირებზე ქართული კლუბების გამოსვლაც შევაფასოთ.

- ძალიან დამწყდა გული ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურიდან "ზესტაფონის" გამოთიშვის გამო. იმერული კლუბი გაცილებით უკეთ თამაშობდა, ვიდრე "შტურმი" და დიდი შანსი იყო, ისტორიაში პირველად ქართულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ეთამაშა, მაგრამ...

იმედია, "ზესტაფონი" ევროპის ლიგის ფლეი-ოფშიც ისე კარგად ითამაშებს, როგორც აქამდე თამაშობდა. მიხარია ისიც, რომ თბილისის "დინამომ" ორივე მატჩი მოიგო და ისე გავიდა ფლეი-ოფში. რაც უფრო მეტი კლუბი გვეყოლება ევროთასების ბოლო ეტაპზე, მით უკეთესია ქართული ფეხბურთისთვის.