აქაც რუმინეთი! - კვირის პალიტრა

აქაც რუმინეთი!

თითქოს რაგბიში არ გვეყოფოდაო და - მეტოქედ ქართველ წყალბურთელებსაც რუმინეთი ერგოთ. "ევრო-2012"-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო სტადიაზე ჩვენს გუნდს სწორედ ვლახები დაუპირისპირდებიან. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებმა პირველი შესარჩევი ეტაპის გადალახვა მოახერხა და იმ თორმეტ ნაკრებს შორის მოხვდა, რომლებიც კონტინენტის პირველობის ფინალური სტადიის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ. აქვე დანარჩენ წყვილებსაც გაგაცნობთ და თავად განსაჯეთ - გაგვიმართლა თუ არა: გერმანია-მალტა, რუსეთი-ესპანეთი, საბერძნეთი-სლოვაკეთი, საფრანგეთი-მაკედონია, სლოვენია-თურქეთი. რუმინეთი ჩვენზე გაცილებით გამოცდილი გუნდია - კარპატელებმა რვაჯერ იასპარეზეს ოლიმპიურ თამაშებზე და 1976 წელს მე-4 ადგილიც კი დაიკავეს. წლების წინ ქართველ წყალბურთელებს რუმინელები არაერთხელ დაუმარცხებიათ, თუმცა მას მერე დიდი დრო გავიდა - ვლახებმა წყალბურთის ძლიერი სკოლა დღემდე შეინარჩუნეს, ჩვენთან კი, საბჭოეთის დაშლასთან ერთად, სპორტის ეს სახეობაც "მოკვდა" და ქართულმა წყალბურთმა ორიოდ წლის წინ ძლივს წამოიწია წელი...  ამის მიუხედავად, იმედი ვიქონიოთ, რომ ბალკანელი წყალბურთელებით გაძლიერებული ჩვენი ნაკრები რუმინული ბარიერის გადალახვას შეძლებს და ევროპის ჩემპიონატის საგზურს დაისაკუთრებს. ფლეი-ოფის პირველი მატჩი პირველ ოქტომბერს თბილისში ჩატარდება, განმეორებით შეხვედრას კი ბუქარესტი 29 ოქტომბერს უმასპინძლებს.