ფარცვანია ბექჰემთან? - კვირის პალიტრა

ფარცვანია ბექჰემთან?

უკრაინული პრესის მტკიცებით, კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის ცენტრალური მცველით - 20 წლის თემურ ფარცვანიათი "ლოს-ანჯელეს გელექსი" დაინტერესდა, რომლის ღირსებასაც ბრიტანელი სუპერვარსკვლავი - დევიდ ბექჰემი იცავს.თემურ ფარცვანია 1991 წლის 6 ივნისს თბილისში დაიბადა, 2007 წლიდან კი საცხოვრებლად უკრაინას მიაშურა და მალევე ამ ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო. 2009 წელს უკრაინის 19- წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, რამდენიმე დღის წინ კი ვალერი ლობანოვსკის სახელობის ტურნირის ნახევარფინალში უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნობაც ანდეს. კიევის "დინამოს" ძირითად გუნდში თემურს ჯერ არ უთამაშია, "დინამო-2"-ის მაისურით ჩატარებულ 67 მატჩში კი ერთი გოლის გატანა შეძლო. "ლოს-ანჯელეს გელექსი" აქამდე იმით იყო ცნობილი, რომ სიბერეშეპარულ ვარსკვლავებს სთავაზობდა ზღაპრულ კონტრაქტებს, თუმცა, როგორც ჩანს, კალიფორნიელებმა სტრატეგია შეცვალეს და ამჯერად აქცენტს პერსპექტიულ ახალგაზრდებზე აკეთებენ. ასეა თუ ისე, თუ ტრანსფერი შედგა, თემურ ფარცვანია ბექჰემის, ჟუნინიოს და ლენდონ დონოვანის თანაგუნდელი გახდება.