მეცამეტე მატჩი და ცალმხრივი "დიალოგი" - კვირის პალიტრა

მეცამეტე მატჩი და ცალმხრივი "დიალოგი"

პოლონეთი 1:0 საქართველო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მე-13 მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ლიუბინის "დიალოგ არენაზე" ჩვენი გუნდი პოლონეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა და მიუხედავად იმისა, რომ კანტიკუნტად ქართულიც გამოერეოდა ხოლმე, ეს "დიალოგი", ძირითადად, პოლონურად წარიმართა. პირველ რიგში, ანგარიშს ვგულისხმობთ, თორემ ვინც მატჩი ნახა, ვერ იტყვის - პოლონელებმა მეტოქე ანგარიშითაც დაჯაბნესო. აკი თქვა კიდეც ქეცბაიამ ნამატჩევს - საგოლე მომენტების გამოუყენებლობის გამო წავაგეთო.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა იმაზეც ილაპარაკა, რაც ისედაც ცხადია - ჩვენი გუნდის ძირითად საფიქრალს "ევრო-2012"-ის შესარჩევი ეტაპის დარჩენილი მატჩები წარმოადგენს, პოლონელებთან შეხვედრა კი სექტემბრის თამაშების გენერალური რეპეტიცია იყო. სხვადასხვა მიზეზის გამო სტუმართა მწვრთნელმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მოისაკლისა, თუმცა, მათი შესაძლებლობები თემურმა ისედაც კარგად იცის, ლიუბინში კი ორი ახალბედაც გამოსცადა - შოთა გრიგალაშვილი და დავით თარგამაძე.

გრიგალაშვილისთვის ეროვნული გუნდი ახალი არ არის - ქვეყნის უმთავრესი გუნდის მაისური ჯერ კიდევ კლაუს ტოპმიოლერის დროს მოურგია, თუმცა, ქეცბაიას მიერ შემოკრებილ მოთამაშეებში პირველად გაერია და ისევე ყოჩაღად გამოიყურებოდა, როგორც "ზესტაფონიდან" გვახსოვს.

გაცილებით შთამბეჭდავი გამოუვიდა პირველი სანაკრებო მატჩი "მართლა" დებიუტანტ დავით თარგამაძეს, რომელმაც ნაკრების მწვრთნელის ყურადღება უკრაინის უმაღლესლიგელ "ოლექსანდრიაში" ჩინებული თამაშით მიიპყრო...

პოლონელებთან მატჩში ახალგაზრდა ნახევარმცველი დებიუტანტისთვის უჩვეულოდ მშვიდად და თავისუფლად თამაშობდა, ჩინებული პასებიც ბლომად დაარიგა და ორჯერ გოლის გატანაც შეეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს, საერთო ჯამში, ქართველებს ცუდად არ უთამაშიათ. ჯანო ანანიძისა და ძირითადი შემადგენლობის კიდევ რამდენიმე მოთამაშის არყოფნაში შეტევას ვახერხებდით და რამდენიმე ეპიზოდში ცოტა მეტი იღბალი და ოსტატობა რომ გვქონოდა, ლიუბინში ფრეს მაინც გამოვრჩებოდით.

წაგება ყოველთვის უსიამოვნოა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ჯერ ფორმაში არ არიან, რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, მატჩი ამხანაგური იყო და თანაც "თარს" - ქეცბაიასთვის მეცამეტე - მატჩს ვატარებდით, ეს დამარცხება ტრაგედიად არ უნდა ვაქციოთ. მით უმეტეს, მანამდე ზედიზედ ორი გაცილებით მნიშვნელოვანი შეხვედრა წავაგეთ. მთავარია, ნაკრები სექტემბერ-ოქტომბერში როგორ ითამაშებს - შემოდგომის პირველივე დღეებში ხომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი გველის - ლატვიასთან თბილისში და მალტაზე - სტუმრად.

პოლონეთთან მატჩს კი, წაგებასთან ერთად, დადებითი მხარეებიც ჰქონდა - ეროვნული გუნდისთვის გამოსადეგი ახალი ფეხბურთელები აღმოვაჩინეთ და ლატვიასთან მატჩის წინ გენერალურად წავივარჯიშეთ. ისიც სასიამოვნო სანახავი იყო, საქართველოს ჰიმნს პოლონელები ოვაციებით რომ შეხვდნენ.

ბოლოსთვის კი თემურ ქეცბაიას მიერ ნამატჩევს ნათქვამი ხუმრობა შემოვინახეთ - პოლონეთს უკეთესი გუნდი რომ ჰყავს, ფაქტია - მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვთო. პოლონეთს ხომ, როგორც ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელ ქვეყანას, საგზური "უკონკურსოდ" ეკუთვნის...