ანჟი-ოტაჟი ეტოოსთვის - კვირის პალიტრა

ანჟი-ოტაჟი ეტოოსთვის

დიდი ხანი არ არის, რაც მრავალთვიანი მოლოდინისა და "გაიწი-გამიშვის" შემდეგ, სესკ ფაბრეგასი, როგორც იქნა, "არსენალიდან" "ბარსელონაში" გადავიდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარიგება უკვე შედგა, ფაბრეგასის გვარზე ხშირად ინტერნეტსივრცეში მაინც სამუელ ეტოოს ახსენებენ.ეს გასაკვირი არც არის - "ინტერის" კამერუნელმა ფორვარდმა ხომ უკვე გადაწყვიტა მილანური კლუბის დატოვება და რობერტო კარლოსის კვალდაკვალ მახაჩყალის "ანჟიში" გადადის. რის სანაცვლოდ უნდა შეელიოს კაცი მოდის დედაქალაქად წოდებულ ქალაქს და მახაჩყალაში თამაშს დასთანხმდეს? ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რის სანაცვლოდაც, თუმცა, ამ შემთხვევაში მართლაც რომ ასტრონომიულ თანხასთან გვაქვს საქმე. თავად სატრანსფერო თანხა ბევრი არაფერი - 25 ან 30 მილიონი ევრო იქნება, სამაგიეროდ, თავად ფეხბურთელის ხელფასი იქნება ზღაპრული - წელიწადში 20 მილიონი ევრო! შკყKY-ს ჟურნალისტებმა ისიც დაადგინეს, რომ 31 წლის კამერუნელმა მოსკოვში უკვე სახლიც შეარჩია. პრინციპში, სიტყვა "სახლი" ნაკლებად შეეფერება 900 კვმ ფართობის საცხოვრებელს, რომელსაც საკუთარი აუზი, ბიზანტიური მოზაიკით მოპირკეთებული კედლები და ა.შ. ამშვენებს. მოსკოვი რაღა შუაშია? ეტოოც, ისევე, როგორც "ანჟის" სხვა ფეხბურთელები, მოსკოვში იცხოვრებს და კლუბის საშინაო მატჩებზე თვითმფრინავით ჩავა...