"რთულია, მაგრამ შევძლებთ!" - კვირის პალიტრა

"რთულია, მაგრამ შევძლებთ!"

ევრობასკეტს "ლელოს" ჟურნალისტი გააშუქებს

"ცინცხალი" რეპორტაჟები ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ათი დღით ადრე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დასკვნით შეკრებაზე ლატვიაში გაემგზავრა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ლატვიელებთან ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს, 27 აგვისტოსთვის კი ლიტვაში გადაინაცვლებს და ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან შეხვედრით გაივლის გენერალურ რეპეტიციას. ევროპის ჩემპიონატის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 30 აგვისტოს, კლაიპედაში "ლელოს" კორესპონდენტი - ვაჟა სიმონიშვილიც ჩავა. საქართველოს ნაკრების მსგავსად, ისიც სასტუმრო "ამბერტონში" იცხოვრებს და მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდებას არა მხოლოდ კლაიპედის საკალათბურთო დარბაზიდან, არამედ ჩვენი ქვეჯგუფის ყველა ბინადრის დისლოკაციის ადგილიდან, ანუ შიდა სამზარეულოდანაც შეძლებს. გარდა ამისა, ვაჟა რეპორტაჟებს "პალიტრა TV"-სთვისაც მოამზადებს, საქართველოს ნაკრების მატჩების მსვლელობისას კი რადიო "პალიტრას" პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე ჩაერთვება. ქართველი ჟურნალისტები ასეთი დიდი სპორტული ღონისძიებების (მით უმეტეს - საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. - ავტ.) ეპიცენტრიდან გაშუქების ხშირი შესაძლებლობით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. ამიტომაც სპორტული გაზეთის კორესპონდენტის "ცინცხალი" რეპორტაჟები ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება და ამას თავად ჩვენი რესპონდენტი - ვაჟა სიმონიშვილიც კარგად აცნობიერებს:

- ჯერჯერობით ვერც ერთი ქართველი ჟურნალისტი ვერ დაიკვეხნის, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მონაწილეობით ევროპის ჩემპიონატი გაუშუქებია (იცინის). კონტინენტის პირველობაში მონაწილეობის უფლება ჩვენმა ნაკრებმაც რომ მოიპოვა, იმიტომ ატყდა საქართველოში ამხელა აჟიოტაჟი და ჩემი ლიტვაში გამგზავრებაც ამის წყალობით მოხერხდა, თორემ ევროპის ჩემპიონატი წელს ოცდამეჩვიდმეტედ იმართება და არც ერთ წინა ტურნირს ჩვენთან ასეთი რეზონანსი არ გამოუწვევია. ისე, მონაწილეობის არა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის გამოცდილება ქართველებსაც გვაქვს - 1965 წელს კონტინენტის პირველობას მოსკოვმა და თბილისმა ერთად უმასპინძლეს... სხვათა შორის, ქართველების ნაკლებობა არც კლაიპედის დარბაზის ტრიბუნებზე იქნება - ჩვენი ნაკრების მატჩებზე ბილეთების 40% ხომ ქართველებზეა გაყიდული.

- პირველ ეტაპზე ნაკრები ექვს დღეში ხუთ თამაშს ჩაატარებს. ასეთი მარათონის გაძლება მხოლოდ კალათბურთელებისთვის კი არა, ჟურნალისტებისთვისაც ძნელი იქნება.

- ძნელი იქნება, მაგრამ იმედია, მეც გავუძლებ და მოთამაშეებიც. გარდა იმისა, რომ ვრცელ მიმოხილვას "ლელოს" მკითხველებისთვის ყოველდღიურად გამოვგზავნი, რეპორტაჟებსაც მოვამზადებ "პალიტრა TV"-სთვის, ჩვენი ნაკრების თითოეული მატჩის დროს კი რადიო `პალიტრას" პირდაპირ ეთერში ხუთჯერ ჩავერთვები. კარგია, რომ იმავე სასტუმროში ვიცხოვრებ, სადაც საქართველოს ნაკრები და ჩვენი ჯგუფის სხვა გუნდები, თანაც, ჩვენი მატჩები არც ისე გვიან, 17-30 საათზე იწყება. სიძნელეს რაც შეეხება, შარშან, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა, ზაზა ფაჩულიამ ალალად თქვა, ასეთი დონის მატჩებისთვის მოუმზადებელი ვიყავით როგორც მოთამაშეები, ისე ქართველი ჟურნალისტებიო. მით უმეტეს, ძნელი იქნება კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპი. თუმცა, დიდ გამოცდილებასაც შეგვძენს.

- იმედია, ეს ყველაფერი მხოლოდ კლაიპედაში ყოფნით არ შემოიფარგლება და გამოცდილების მიღებას მეორე ეტაპზე - ვილნიუსშიც გააგრძელებთ.

- თუ ჩვენი ნაკრები ბრძოლის გაგრძელებას მოახერხებს, ქვეჯგუფებიდან გასულ დანარჩენ 11 ნაკრებთან ერთად ვილნიუსში მოუწევს თამაში. შეიქმნება ორი 6-6-გუნდიანი ჯგუფი. ჯგუფიდან ჩვენთან ერთად გასული ორი ნაკრები კი ისევ ჩვენთან ერთად მოხვდება, ოღონდ ერთმანეთთან აღარ ვითამაშებთ და პირველ ეტაპზე ერთმანეთის წინააღმდეგ დაგროვილი ქულები `გადაგვყვება". ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ კლაიპედაში ჯგუფის ლიდერებთან კარგად ვითამაშოთ.

- ჯგუფიდან რომც ვერ გავიდეთ, დებიუტანტ ნაკრებს ამისთვის არავინ დაძრახავს.

- რა თქმა უნდა. სულ რაღაც სამი წლის წინ  B დივიზიონში ისლანდიასთან ვაგებდით, ახლა კი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლას ვითხოვთ. აკი თქვა იგორ კოკოშკოვმა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ლუქსემბურგთან მქონდა, ახლა კი ევროპის ჩემპიონატზე ისეთ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, ლუქსემბურგი მათთან რა მოსატანიაო.

- საქართველოს ნაკრებმა უკვე ცხრა საკონტროლო მატჩი ჩაატარა, საიდანაც ხუთი მოვიგეთ, ოთხში დავმარცხდით. ასეთ დროს შედეგი მეორეხარისხოვანია, მაგრამ თქვენ, როგორც კალათბურთზე მომუშავე ჟურნალისტმა, რა სიახლე დაინახეთ ჩვენი გუნდის თამაშში?

- უპირველესად ის, რომ ახლა გაცილებით უფრო გუნდურ კალათბურთს ვთამაშობთ. წინათ მატჩის მთელი სიმძიმე სამ-ოთხ, ზოგჯერ კი სულაც ერთ კალათბურთელზე გადადიოდა, მიხვდებოდით, ზაზა ფაჩულიას ვგულისხმობ. ახლა კი სათამაშო დროც, ქულებიც და ფუნქციებიც თანაბრად ნაწილდება. კარგად შეეწყო ნაკრებს ახალწვეული მარკიზ ჰეინსიც. შეიძლებოდა ევროპულ კალათბურთთან უფრო ადაპტირებული ან უფრო ცნობილი მოთამაშე მოგვეწვია, მაგრამ ასეთებს პრეტენზიაც მეტი აქვთ. ჰეინსი კი მორიდებული ადამიანია, სამაგიეროდ, ძალიან ძლიერია ფიზიკურად, სროლაც ეხერხება და რაც მთავარია, თამაშიდან თამაშამდე უმატებს. თავადაც ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ერთი ოჯახივით არის და ისიც ცდილობს მისი სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

- ბოლოს, იმ ალმანახზეც ვთქვათ, რომელზეც კარგა ხნის განმავლობაში იმუშავეთ და რომელშიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ ჩატარებული ყველა მატჩია შესული.

- 1994 წლის 20 მარტს ვერის ბაღში ქართული კალათბურთის ელიტა შეიკრიბა და სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ეროვნული ნაკრების შექმნა. ნაკრები კი დაარსდა, მაგრამ მასაც, ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, ძალიან უჭირდა. საგრძნობი იყო ინფორმაციის ნაკლებობაც. გასვლითი მატჩების შესახებ სტატისტიკა არ არსებობდა, მხოლოდ ანგარიშს თუ გავიგებდით. საბედნიეროდ, 2000-იანი წლების დასაწყისიდან ფიბა-ევროპის ვებგვერდზე ყველა მატჩის სტატისტიკა გახდა ხელმისაწვდომი, რამაც შესაძლებლობა მოგვცა თითოეული თამაშის ოქმი გამოგვექვეყნებინა. კრებულში ნაკრების მიერ 1994-2011 წლებში ჩატარებული ყველა მატჩის შესახებ არის სრული ინფორმაცია, თან ახლავს ფოტოგალერეა, მოთამაშეებისა და მწვრთნელების კომენტარები, ასევე სახალისო კარიკატურებიც. მაღალი ხარისხის, ინფორმაციული და საინტერესო ალმანახი გამოვიდა, რომელიც `ლელოსა" და "მედიაპალიტრის" თანამშრომლობის შედეგია. სხვათა შორის, ალმანახმა დიდი ინტერესი გამოიწვია ეროვნული ნაკრების კალათბურთელებშიც, რომელთაც ლატვიაში გამგზავრების წინ დავურიგეთ.

- როგორც ცნობილია, ალმანახი უკვე "ლელოს" მკითხველებისთვისაც ხელმისაწვდომია.

- 20-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ის "ლელოსთან" ერთად გაიყიდება და გაზეთთან ერთად 3,80 ლარი ეღირება. 27 აგვისტოს შემდეგ კი კალათბურთის მოყვარულებს ალმანახის შეძენა პრესის ჯიხურებში შეეძლებათ.

- წარმატებას გისურვებთ თქვენც და საქართველოს ნაკრებსაც.

- დიდი მადლობა. იმედია, სადებიუტო ევრობასკეტი ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული იქნება. თუმცა, ქვეჯგუფური ეტაპის დაძლევა რომც ვერ მოვახერხოთ, ქართველ კალათბურთელებს ამისთვის არავინ დაძრახავს. მთავარია, რომ ბიჭები გვპირდებიან, ყველა მატჩში ისე ვიბრძოლებთ, თითქოს ფინალს ვთამაშობთო. სწორედ ეს უთხრა კალათბურთელებს პატრიარქმაც - მოიგებთ თუ წააგებთ, ღმერთს მადლობა შესწირეთ, თქვენი ქვეყნის სახელს ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე რომ დაიცავთო...