"დაუშვილის დაუშვებელი" - კვირის პალიტრა

"დაუშვილის დაუშვებელი"

გასული კვირა მეტისმეტად დატვირთული და ემოციური აღმოჩნდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისთვის". ევროპის ლიგის ფლეი-ოფის საშინაო მატჩს იმერული კლუბი დიდი დანაკლისით - გია გეგუჩაძისა და ბუბა დაუშვილის გარეშე შეხვდა. "ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა (ასეთია ოფიციალური ვერსია. - ავტ.), კლუბის ერთ-ერთი ლიდერი კი მოტივაციის ნაკლებობისა და არასასურველ ფორმაში ყოფნის გამო დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. მიუხედავად ამისა, იმერულმა კლუბმა ეროვნულ სტადიონზე მისული ქომაგი შინ გაოცებული გაუშვა - ქართული კლუბებისგან ასეთ შემტევ, ლაღ თამაშსა და უტეხ ხასიათს (ეს ყველაფერი მეორე ტაიმში. - ავტ.) დიდი ხანია გადავეჩვიეთ. თავად განსაჯეთ, პირველი ტაიმის ბოლოს "ზესტაფონი" "ბრიუგესთან" 0:2 აგებდა, 73-ე წუთზე კი 2:3 ჩამორჩა, თუმცა, საქართველოს ჩემპიონებმა საოცარი სულის სიმტკიცე გამოავლინეს და ბელგიაში არცთუ სახარბიელო, მაგრამ მაინც საყაიმო ანგარიში - 3:3 მიაქვთ.

და დაუშვილი? "მოტივაციის ნაკლებობა და არასასურველ კონდიციაში ყოფნა" რომ მხოლოდ საბაბია, ყველას კარგად მოეხსენება. 22 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს უმთავრდება, "ზესტაფონთან" ხელშეკრულების გაგრძელება კი აღარ სურდა და დუბლშემადგენლობაშიც ამიტომ აღმოჩნდა. საბოლოოდ, ამ "სასჯელისგან" არაფერი გამოვიდა - დაუშვილმა ფიფას მიერ მინიჭებული უფლება გამოიყენა, ანუ ის გააკეთა, რაც აქამდე საქართველოში დაუშვებლად მიიჩნეოდა - კონტრაქტი აღარ გააგრძელა და ლვოვის "კარპატისთან" გააფორმა ოთხწლიანი ხელშეკრულება.