ბოლო მატჩი მსოფლიო თასამდე - კვირის პალიტრა

ბოლო მატჩი მსოფლიო თასამდე

ქართველმა მორაგბეებმა ბურგუნდიულიც დალიეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კარგა ხანია საფრანგეთშია და მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობს. ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე რიჩი დიქსონის სამწყსომ ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ისევ გაიმარჯვა. ამჯერად ბორჯღალოსნები საფრანგეთის მეორე დივიზიონის ბინადარ "ბურგუენს" დაუპირისპირდნენ და 28:15 დაამარცხეს. მატჩამდე ფრანგული კლუბის მოთამაშეები დიდ გულზე იყვნენ - მერე რა, რომ საქართველო მსოფლიო თასისთვის ემზადება, ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს და გვინდა, "გრენობლთან" მოგებით გაუმჯობესებული ხასიათი ქართველთა ძლევით უფრო გამოვიკეთოთო. ფრანგთათვის სამწუხაროდ, მათი ოპტიმიზმი ოპტიმიზმად დარჩა - წინა, "ორიაკთან" მატჩის მსგავსად, ქართველებმა ისევ ოთხი ლელო გაიტანეს, თანაც, ამჯერად თავად მხოლოდ ორი გაუშვეს.

ჩვენი გუნდიდან თავი მამუკა გორგოძემ, დავით კაჭარავამ და ირაკლი მაჩხანელმა გამოიჩინეს, ერთხელ საჯარიმო ლელო მივითვალეთ, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ოთხივეჯერ ზუსტად შეასრულა. წინა მატჩის მსგავსად, ქართული შერკინება ამჯერადაც შეუჩერებელი იყო, თანაც ბორჯღალოსნებმა დაცვაშიც უკეთ ითამაშეს და უკანა ხაზიც შედარებით ნაკლებს სცოდავდა. როგორც ვთქვით, ჩვენი ნაკრებისთვის ეს ბოლო საკონტროლო მატჩი იყო. საქართველოს ნაკრები ახლა კანშია, "ბურგუენთან" მატჩის შემდეგ კი რიჩი დიქსონმა უკვე შეარჩია ის 30 მორაგბე, ვინც 4 სექტემბერს ახალი ზელანდიისკენ აიღებს გეზს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის პირველი მატჩი ბორჯღალოსნებს 14 სექტემბერს, შოტლანდიის ნაკრებთან ელით.