ახლა წუთის დაკარგვა წლების დაკარგვას უდრის - კვირის პალიტრა

ახლა წუთის დაკარგვა წლების დაკარგვას უდრის

ახალკაცის წასვლის შემდეგ ქართულ ფეხბურთში ისევ ახალი კაცი მოვიდა. გასულ კვირას ფედერაციაში გამართული არჩევნების შედეგად ზუგდიდის "ბაიას" პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა უკვე სრულიად საქართველოს საფეხბურთო თემის მესაჭე გახდა.

პოსტი, რაღა თქმა უნდა, საპატიოა, მაგრამ პასუხისმგებლობა, რაც ამ სავარძლის პატრონს აწევს, იმდენად მძიმე და რთულად სატარებელია, რომ მილოცვა და ხვევნა-კოცნა, როგორც თანამდებობებზე მოხვედრილ ქართველ კაცს ხვდება ხოლმე წილად, უადგილოა და გაუმართლებელი.

სიჭინავას კონკურენტი არ ჰყავდა ამ არჩევნებზე და ამდენად არც გამარჯვება გასჭირვებია, თუმცა ეს მის ღირსებებს სრულიადაც არ აკნინებს. ოპონენტებიც, რომლებმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართული ფეხბურთის დღევანდელობაზე მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ, სიჭინავას კრიჭაში არ ედგნენ. ისინი ამ პოსტზე თავისუფალი არჩევანის მომხრენი არიან, რადგან საფეხბურთო სამყაროს თავკაცი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის სპეციალისტების ასარჩევია და არა ისეთი სამთავრობო ჩინოვნიკის დასანიშნი, ბურთი და საზამთრო რომ ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან.

ზვიად სიჭინავა ფედერაციის თავკაცის პოსტზე მუშაობას სუფთა ფურცლიდან იწყებს. ეს ფაქტორი და ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ გაწეული მისი მუშაობა ის დადებითი მომენტია, რაც იმედით აღავსებს გულშემატკივარს. ეს კაცი არ ყოფილა საფეხბურთო ჩინოვნიკი, საქართველოს ფარგლებს გარეთ თავისი ნიჭით დააგროვა კაპიტალი, ჩამოვიდა მშობლიურ ზუგდიდში და მშვენიერი საფეხბურთო ბაზა გააშენა. რა თქმა უნდა, ეს ობიექტი მხოლოდ სათავისოდ არ აუგია და არც ექნებოდა იმის ილუზია, რომ მასში ჩადებული ფინანსებიდან ორიოდე წელიწადში მიიღებდა დივიდენდებს. ფეხბურთი რომ უყვარს, აქედანაც ჩანს. თუმცა, რაც უანგარო და თავისთავადი ჩანდა პროვინციაში, შესაძლოა, თავსატეხად ექცეს დედაქალაქში, რადგან აქამდეც გვინახავს სპორტის განვითარებისთვის დიდი ფულის გამღები ადამიანები, რომლებსაც მერე ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდნენ  ფულზე ჭილყვავებივით ჩასაფრებული მედროვენი. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სპორტის სფეროში ინვესტიციების ჩამდებ ხალხს მთავრობა შეღავათებს უწესებს და სტიმულს აძლევს ამ დარგის განსავითარებლად. ჩვენში ყველაფერი უკუღმა ხდება: კაცს ფულს შეაგულებენ და იწყება გაუთავებელი ""მაიტა, მაიტა!".." საქმეში ფულის ჩამდები ადამიანი ასეთ დროს იმაზე კი აღარ ფიქრობს, როგორ განავითაროს საქმე, არამედ იმაზე, რა გზით დააღწიოს თავი მის ფულზე დახარბებული ჩინოვნიკების ხაფანგებს. მსგავსი ფაქტები არაერთი იყო საქართველოში და ძნელი წარმოსადგენია, რომ სიჭინავას ამაზე არაფერი სმენოდეს. რაკი მაინც დათანხმდა აქ მუშაობას, გამოდის, გააზრებული აქვს ის შესაძლო მახეებიც, რაც ფეხბურთის გადასარჩენად მიმართულ გზაზე ელოდება.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ზვიად სიჭინავა გადაწყვეტილებების მიღებისას. ბევრი ამბობს, რომ ფედერაციის ახალი თავკაცი ამ პოსტზე მთავრობის ფარული მხარდაჭერით მოხვდა. ეჭვი მეპარება, 13 მაისის სამარცხვინო არჩევნებში თავხედურად ჩარევის შემდეგ, მთავრობა ერთი ხელის მოსმით გაკეთილშობილებულიყო, მაგრამ თუ მართლაც მათი "ხელის წაკვრით" გაიკაფა გზა ფედერაციის პრეზიდენტობამდე სიჭინავამ, მაშინ გამოდის," ზევით" ტაქტიკა შეუცვლიათ. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად, - არჩევნებზე აღარც მობილურებით სირბილი ყოფილა და არც "ვენებში "ვილკების" გაყრა" - არჩევანი ჩვენ და არადანი თქვენო... თუმცა არაფერია დამალული და, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამჟღავნდება. ისიც, თუ ვინ ვის ლობირებს.

სიჭინავა საკმაოდ ფრთხილი იყო დაპირებების გაცემისას და არც არჩევნების შემდეგ გაუცია ავანსები. როგორც ჩანს, ქვეყანაში ასე გამეფებული ბაქიბუქობა და ბუზის ტოლა სიკეთის სპილოს ზომამდე გაპიარება მისი სტილი არ არის. ტაშიც და აღიარებაც მერე უფრო მოვა, ფუჭი იმედით კი გულშემატკივარს ვეღარავინ დააპურებს, რადგან პურს სანახაობაც სჭირდება და სანახაობა კი ისეთია ქართულ ფეხბურთში, რომ დიდი ხანია აღარ დაინახვება(!).

ის, რომ სიჭინავამ გვერდში ჩივაძე, ხურცილავა, გაბელია და ფეხბურთის ვეტერანები დაიყენა, მის გამჭრიახობას უსვამს ხაზს. ვის-ვის და დიდი "დინამოს" ხელში გაზრდილ უმცროს ახალკაცს ამ ფაქტორის მნიშვნელობა სხვაზე უკეთ უნდა სცოდნოდა. ფეხბურთის სახეს უპირველესად საფეხბურთო ავტორიტეტები ქმნიან და არა თუნდაც უცხოეთში უმაღლესდამთავრებული მენეჯერები, რომლებსაც ამ ავტორიტეტების შესახებ მხოლოდ სხვისი მონაყოლით სმენიათ. ფიფა-უეფაში ხურცილავაზე სმენიათ, რომელიც ეუსებიოსა და პელეს ეპაექრებოდა ტოლ-სწორად და არა ქავთარაძე-უგულავაზე ან სხვა ჰალსტუხმორგებულ თინეიჯერზე. ინვესტიციაც და ფულიც ამ ავტორიტეტების სახელმა უნდა მოიტანოს.

მივადექით მთავარ თემას: არის სურვილი ფეხბურთის აღორძინებისა, არსებობს ინვესტიციების მოზიდვის პერპექტივაც, მაგრამ რა პოზიციას დაიკავებს ხელისუფლება? ავტორიტეტებს რომ არ ცნობენ, ახალი ამბავი არ არის. ეს ჩვენთვის - რიგითი გულშემატკივრებისთვის არიან სათაყვანებელი ხურცილავაც, ჩივაძეც და გაბელიაც, თორემ სამთავრობო ჩინოვნიკების უმრავლესობისთვის სახელი და დიდება 2003 წლის შემდეგ იწყება. ძნელი წარმოსადგენია, მათ თავი შეიკავონ ფეხბურთზე ტორის დადების ცდუნებისაგან, მაგრამ თუკი მართლაც უნდათ ქართული ფეხბურთის გამარჯვება, მოუწევთ აზროვნების შეცვლა. შემოსული ინვესტიცია იქნება თუ უეფას მიზნობრივი დახმარებები, ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ წილის მიღების სიამოვნებაზე უარის თქმა მოუწევს. და არა მარტო ხელისუფლებას, თვით ფედერაციაში მომუშავეთათვისაც ფულის მოტეხას ისეთი ტაბუ უნდა დაედოს, რომ მასზე გაფიქრებაც ღალატის ტოლფასად აღიქმებოდეს. თითოეული თეთრი, რაც კი მობილიზებული იქნება ფეხბურთში, უნდა მოხმარდეს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას, საფეხბურთო კლუბების განვითარებას, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სხვა ათას მსხვილმან-წვრილმანს. ისეთ დღეშია ახლა ქართული ფეხბურთი, რომ წუთის დაკარგვა წლების დაკარგვას უდრის. ეს სიტყვები სწორედ სიჭინავამ გაახმაურა პირველივე პრესკონფერეციაზე და თუ სიტყვას საქმეც მოაყოლა, სასიკეთოს იმედი მართლა შეიძლება გვქონდეს.

ჩვენი მხრივ რა შეგვიძლია ვთქვათ: ცოტა ბანალურად კი გამომდის, მაგრამ ამ ქვეყანაში ისეთი აბრაკადაბრაა, რომ მარტივი ჭეშმარიტების მტკიცებაც გიძნელდება ადამიანს. რა გასაკვირია, რომ ჟურნალისტობას საფუძვლიდანვე ობიექტურობისა და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდების ფუნქცია აქვს. თუკი ზვიად სიჭინავას სიტყვა და საქმე ერთმანეთის ადეკვატური იქნება, სიამოვნებით დავუდგებით გვერდში, მით უმეტეს, რომ ჩვენც არანაკლებ ამოგვივიდა ყელში ქართული ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა და მავანთაგან თვალში ნაცრის შეყრა. გულწრფელად გვსურს ფედერაციის ახალ თავკაცს წარმატებები ვუსურვოთ, რადგან ჩასაფრება ჩვენი მოწოდება არ არის და სხვაზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქართულ ფეხბურთზე. თუკი მწარე სიმართლეს ვამბობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე ჩვენი სიტყვა შევაწიოთ ფეხბურთის გადარჩენის საქმეს და ბოლოს და ბოლოს, გვეღირსოს ისეთივე განუმეორებელი სიხარულის წუთები, რომლის მომსწრენიც 1981 წლის 13 მაისის ღამეს გახლდით.

იქამდე გრძელი გზაა... მატიანე კი ყველას პირუთვნელად მიაგებს თავისას, - ქართული ფეხბურთის უანგარო ჭირისუფალთაც და მის გარშემო ტურებივით მოსუნსულე მედროვეთაც...