"არ ჩაერიოთ ჩემს საქმეში!" - კვირის პალიტრა

"არ ჩაერიოთ ჩემს საქმეში!"

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას დანიშვნის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ეს ინფორმაცია თემურთან დაახლოებული პიროვნებისგან შევიტყვეთ.

იყო შიში, რომ ქეცბაიას საქართველოში დაბრუნება არ სურდა, რადგან ბევრად უფრო აწყობილ ქვეყნებში სარფიან წინადადებებს სთავაზობდნენ. ბოლო დროს ყველაზე რეალური შეთავაზება 41 წლის სპეციალისტს ბერძნული "პაოკისა" და რუმინული "კლუჟისგან" ჰქონდა.

თუმცა თემურში სპორტულმა აზარტმა იძალა და საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე თანხმობა განაცხადა, ოღონდ, ერთი პირობით - მის საქმიანობაში არავინ არ უნდა ჩაერიოს! იმედია, ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ამ გარანტიის გაცემა არ გაუჭირდება.

რაკი ნაკრებში ქართველი მწვრთნელის დანიშვნაზეა ლაპარაკი, სხვა კანდიდატურებს ამ პოსტზე ვერც მოვიაზრებთ, იმის მიუხედავად, რომ ამ სამუშაოზე თავი ბევრ არაკომპეტენტურ პერსონას წარმოუდგენია. ეტყობა, ბევრი შეცდომაში შეიყვანა სიჭინავას საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთმა პუნქტმა, რომელშიც ლაპარაკი იყო ვეტერანთა როლის გააქტიურებაზე. იქ წერია: "აუცილებლად მივიჩნევთ ვეტერანების მიწვევას ნაკრებ გუნდებში, ოფიციალური შეხვედრების წინ მასტერკლასების ჩასატარებლად".

სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ბუნდოვანი შინაარსის პუნქტია. ვეტერანებს უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ... ამ სტატუსის გამო მაინცდამაინც ნაკრებში უნდა იმუშაონ? კი, მაგრამ რა დააშავეს მათ, ვისაც დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, თუმცა მწვრთნელობაში ბევრად დიდ ფეხბურთელებს აჯობეს?!

დავუბრუნდეთ ქეცბაიას. ვფიქრობთ, შეხედულება, რომ ემოციური ქეცბაია ნაკრების ფეხბურთელებთან საერთო ენას ვერ გამონახავს, უსაფუძვლოა. ეს ფეხბურთელებმა უნდა გამონახონ მწვრთნელთან საერთო ენა და არა - პირიქით. და რაც მთავარია, გაიხსენეთ - ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწიეს იმ მწვრთნელებმა, რომლებიც სიმკაცრით გამოირჩეოდნენ - ანდრო ჟორდანია და ნოდარ ახალკაცი სულაც არ იყვნენ მწვრთნელები, რომლებიც მოთამაშეებთან ძმაკაცობდნენ. მათ სიმკაცრეზე ლეგენდები დადიოდა და ეტყობა, ქართველ ფეხბურთელებთან ასეთი ენა უფრო ჭრის.

იმედია, მოლაპარაკება მალე დასრულდება და საქართველოს ნაკრებს პერსპექტიულ ქართველ სპეციალისტს დაუნიშნავენ. შოთა არველაძე ""ალკმაარშია"" დაკავებული და ეტყობა, საქართველოს ნაკრებში მუშაობა ამ ეტაპზე არ სურს; კახა ცხადაძე ბაქოს ""ინტერშია"" და ჯერჯერობით, კლუბიდან წამოსვლას არ აპირებს; ალექსანდრე ჩივაძე ფედერაციის მოხელე ხდება და ისედაც, სამწვრთნელო საქმიანობას შეეშვება.

სხვათა შორის, ""ოლიმპიაკოსიდან"" ქეცბაიას წამოსვლის შესახებ საინტერესო ამბავი შევიტყვეთ: როგორც ცნობილია, თემურის წასვლა ბერძნული კლუბის გულშემატკივრებმა მოითხოვეს. 6 მატჩიდან (ოფიციალურიც და ამხანაგურიც), ქეცბაიამ 5 მოიგო, მათ შორის, ""ლარისასთან"" გასვლაზე, სადაც პირეოსელებს 21 წლის განმავლობაში არ მოეგოთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდი ისე მოხვდა, ერთი გოლიც არ გაუშვია. ამას გარდა, კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე გასვლით 25 მილიონი დოლარი მიიღო. და ვინღა უნდა ყოფილიყო ქეცბაიას წინააღმდეგი? ამბობენ, მას ფეხბურთელობის დროს "ოლიმპიაკოსის" კონკურენტ "აეკში" თამაში ვერ აპატიეს. პირველივე შეხვედრის დაწყებამდე, გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე გამოაკრეს პლაკატი - "ქეცბაია, შენ ვერასდროს გახდები "ოლიმპიაკოსელი""! გულშემატკივართა ჯგუფმა კი ერთ-ერთი შეხვედრის დროს ის ქართველობის გამო შეურაცხყო...

თემურმა ეს ყველაფერი ვერ აიტანა და პრეზიდენტს გადადგომაზე შეუთანხმდა, ახლა კი უნდა გადაწყვიტოს, იმუშავებს თუ არა საქართველოს მთავარ გუნდში.

მერაბ მამულაშვილი, "ლელო"