"მედიაპალიტრას" ევრობასკეტზე სპეცკორესპონდენტი ეყოლება - კვირის პალიტრა

"მედიაპალიტრას" ევრობასკეტზე სპეცკორესპონდენტი ეყოლება

NBA-ში მოხვედრილმა პირველმა ქართველმა კალათბურთელმა ვლადიმერ სტეფანიამ სლოვენიელ ჟურნალისტებს საგულისხმო რამ უთხრა: "სპორტი მხოლოდ გართობა არ არის. ქვეყნის იმიჯის განმსაზღვრელიცაა - როცა ესა თუ ის სახელმწიფო სპორტულად წარმატებულია, მით უფრო დაფასებულია პოლიტიკურადაც. როცა ამა თუ იმ ქვეყნის გუნდები ევროტურნირებზე, ევროპის ჩემპიონატებზე რეგულარულად წარმატებით ასპარეზობენ, ყველა ხედავს, რომ იმ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრებაა".

ქართველებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არც ფეხბურთში მიგვიღწევია საკლუბო თუ სანაკრებო წარმატებისთვის და არც კალათბურთში. მხოლოდ მორაგბეები ავიდნენ გარკვეულ სიმაღლემდე და რეგულარულად ასპარეზობენ მსოფლიო თასის გათამაშებებში. რაგბიში ევროპის პირველობები არ იმართება, შესაბამისად, კალათბურთელთა ნაკრები პირველია (გუნდურ სახეობათა შორის), რომელმაც ევროპის ჩემპიონატს მიაღწია. ასე რომ, ქართულ სპორტს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 21 წელი მოუწია ცდამ. 31 აგვისტოს ლიტვაში ევრობასკეტზე 24 ევროპულ დროშას შორის ხუთჯვრიანიც აფრიალდება და თბილისის დროით 16:30 საათზე ქართული ჰიმნიც აჟღერდება.

პოლიტიკურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ევროინტეგრაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იქნება. მაშინ, როცა მთელი ევროპის ყურადღება ლიტვისკენ იქნება მიპყრობილი, საზოგადოების წინაშე ქართველები მხოლოდ კალათბურთით როდი წარვდგებით, ევროპას ჩვენს კულტურას გავაცნობთ - ლიტვაში მიემგზავრებიან: ანსამბლი "სუხიშვილები", "ქართული ხმები", კლაიპედაში დაგვხვდება ჩვენებური ღვინო. მოკლედ, მოეწყობა ქართული კულტურის დღეები.

KvirisPalitra.Geასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების ევროპული სტანდარტებით გაშუქება მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ კალათბურთელთა ნაკრებთან ერთად მეც მოთმინებით ველოდი ჯერ მეორე დივიზიონიდან თავის დაღწევას, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას. ამასობაში საკმარისი გამოცდილება მივიღე და ვფიქრობ, ევრობასკეტს მეც ფორმაში ვხვდები. გაზეთ "ლელოს", რადიო "პალიტრის", ინტერნეტ-ტელევიზია "palitratv.ge-ს"  და პორტალ sportall.ge-ს მეშვეობით ოპერატიულად მოგითხრობთ როგორც მოედანზე, ასევე კულისებში მიმდინარე მოვლენებზე. საქმე, როგორც იტყვიან, თავზე საყრელად იქნება. მადლობა მინდა ვუთხრა შპს "ნიკორას", რომელიც ჩემი რეპორტაჟების სპონსორი იქნება.

ლიტვაში იმ იმედით მივემგზავრები, რომ 8 სექტემბრიდან ნაკრებს კლაიპედიდან ვილნიუსში გავყვები და იქიდან შეგეხმიანებით. სწორედ ვილნიუსში გაიმართება მეორე ეტაპი, სადაც საქართველოს ნაკრები იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ საწყის ეტაპზე ჯგუფში (სლოვენია, რუსეთი, ბელგია, ბულგარეთი, უკრაინა) სამეულში მოხვდება.

ვაჟა სიმონიშვილი