სულგუნი და "ქართული" ქალაქი ზელანდიაში - კვირის პალიტრა

სულგუნი და "ქართული" ქალაქი ზელანდიაში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს. ამის მიუხედავად, წლევანდელ ჩემპიონატს მაინც გამორჩეულად ველით: ჯერ ერთი, ახალ ზელანდიაში ახალი სამწვრთნელო შტაბითა და განახლებული გუნდით (მასპინძელი ქვეყნის სახელიდან გამომდინარე, სხვაგვარად ვერც იქნებოდა - ავტ.) მივდივართ, მერე კიდევ, 2011 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას, რაგბის ქართველ მოყვარულებს მხოლოდ სატელევიზიო რეპორტაჟებით დაკმაყოფილება აღარ მოუწევთ - ისტორიაში პირველად უდიდეს სარაგბო ფორუმს ქართველი ჟურნალისტიც გააშუქებს! რაგბის წინა ორი მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ "ტელევიზორიდან" გვახსოვს, მაგრამ ამ უსიამოვნო ტრადიციას გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტი ბესიკ ჯანგავაძე დაარღვევს. მას შემდეგ, რაც ზელანდიის გზაზე დამდგარ საქართველოს ნაკრებს დუბაის აეროპორტში შეუერთდება, ის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ბორჯღალოსნების გვერდით იქნება და "ლელოს", სპორტული საიტის სპორტალლ.გე-ს მკითხველების გარდა, რადიო "პალიტრის" და "Pპალიტრა თV"-ს მსმენელ-მაყურებლების ინტერესსაც დააკმაყოფილებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი მსოფლიო თასისადმი მიძღვნილ წიგნზე მუშაობასაც დაიწყებს. ბესიკ ჯანგავაძე დღეს ჩვენი სტუმარია.

- საქართველოს ნაკრები ჯერ ისევ საფრანგეთშია და მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობს. თითქმის ორთვიანი მოსამზადებელი შეკრებისა და ორი საკონტროლო მატჩის მოგების შემდეგ, რიჩი დიქსონმა იმ 30 მორაგბეს, ვინც საზელანდიოდ შეარჩია, ერთკვირიანი შვებულება მისცა და ისინიც სხვადასხვა ქალაქში მიმოიფანტნენ. 29 აგვისტოს ნაკრები ისევ შეიკრიბება, 3 სექტემბერს კი დუბაის გავლით სიდნეიში გაემგზავრება. ახალი ზელანდიის პირველი ქალაქი, რომელსაც ბორჯღალოსნები ნახავენ, ქვინზთაუნი იქნება. იქ ექვს დღეს დაჰყოფენ, მერე კი ინვერქარგილს მიაშურებენ, სადაც 14 სექტემბერს პირველი მატჩი ელით შოტლანდიის ნაკრებთან. მე ეროვნულ გუნდს დუბაის აეროპორტში შევუერთდები და მსოფლიო თასის ბოლომდე მორაგბეებთან ვიქნები.

KvirisPalitra.Ge- პირველი ქართველი ჟურნალისტი ხართ, ვინც ერთი თვის განმავლობაში ამ უდიდესი სარაგბო ფორუმის ეპიცენტრში იქნება.

- საამაყო ნამდვილად არაფერია იმაში, რომ პირველად მხოლოდ წელს ხერხდება ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ქართველი ჟურნალისტის გაგზავნა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს. კარგია, რომ რაგბის ქართველი ქომაგები ამჯერად მაინც წაიკითხავენ და მოისმენენ იმ ყველაფერს, რასაც ახალ ზელანდიაში ვნახავ. ინფორმაციას არა მხოლოდ "ლელოსთვის", არამედ "პPალიტრა თV"-სთვისაც გამოვგზავნი, ჩართვები მექნება რადიო "პალიტრაშიც". დასანანია, რომ აქამდე მსოფლიო თასებზე საქართველოს ნაკრების გამოსვლისადმი მიძღვნილი ერთი ბროშურაც კი არ გამოცემულა. ეს ტრადიციაც უნდა დავარღვიოთ - უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ზელანდიაში ჩემ მიერ ნანახი და მოსმენილი წიგნადაც გამოიცემა. მსოფლიო თასის პერიპეტიების გარდა, ფოტომასალასთან ერთად, წიგნში მოთხრობილი იქნება ახალი ზელანდიის, მისი ხალხის, ტრადიციების შესახებ. თან ვიდეოკამერაც მიმაქვს, უამრავ საინტერესო რამეს გადავიღებ და შეიძლება პატარა დოკუმენტური ფილმიც გაკეთდეს.

- მატჩებს შორის რამდენიმედღიანი შუალედია და ბევრი რამის ნახვის შესაძლებლობა გექნებათ.

- გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად გამოვგზავნი სიახლეებს საქართველოს ნაკრებისა და მისი მეტოქეების შესახებ, ბუნებრივია, მსოფლიო თასის სხვა მატჩებზეც ვიმუშავებ. ტურნირი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ახალი ზელანდია უკვე დიდი ხანია მომავალი ჩემპიონატის მოლოდინით ცხოვრობს და მასპინძელ ქალაქებში ყოველდღიურად იმართება სხვადასხვა ღონისძიება.

- ცნობილია, რომ ქალაქ მასტერტონში საქართველოს ნაკრების დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან.

- ჩვენს გუნდს ამ ქალაქში თამაში არ უწევს, მაგრამ მასტერტონში ინგლისსა და რუმინეთთან მატჩებს შორის ათდღიანი შუალედისას ჩავა. საქართველო ერთადერთი გუნდია, რომელიც ამ ქალაქს ესტუმრება, ამიტომაც ჩვენი ნაკრების დასახვედრად დიდი ამბით ემზადებიან - მთელ ქალაქს საქართველოს დროშები ამშვენებს, ავტომანქანები აჭრელებულია სტიკერებით I  Love Georgia და ა.შ. სხვათა შორის, 1987 წლის მსოფლიო თასისთვის ახალი ზელანდიის ნაკრები სწორედ ამ რეგიონში ემზადებოდა და მაშინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იმ გუნდის მწვრთნელი დღემდე იქ ცხოვრობს და ქართველი მორაგბეები მასაც შეხვდებიან. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების პატივსაცემად მასტერტონში უამრავი ღონისძიება იგეგმება: სპეციალურად ჩვენთვის გადაიკეტება ქალაქის მთავარი ქუჩა, მოეწყობა აღლუმი, მორაგბეებს მიიწვევენ პიკნიკზე, რომელსაც "ჰანგა" ჰქვია და მაორების სამზარეულოს გაცნობას ითვალისწინებს, გვიჩვენებენ საბრძოლო ცეკვა "ჰაკას" და ა.შ. სხვათა შორის, ინტერნეტის მეშვეობით ზელანდიაში ქართველი დები - კანდელაკები აღმოვაჩინე, რომლებიც ოკლენდში ცხოვრობენ და... სულგუნს აწარმოებენ!

- როგორ გგონიათ, როგორი იქნება წლევანდელი მსოფლიო თასი საქართველოს ნაკრებისთვის?

- ზელანდია შორეული და განსხვავებული კლიმატის მქონე ქვეყანაა. ამის გამო შეიძლება ბევრმა გუნდმა საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერც გამოავლინოს და მოულოდნელი შედეგებიც დაფიქსირდეს. სენსაციური მატჩები ყველა ტურნირს ალამაზებს, მაგალითად, 2007 წელს საქართველომ კინაღამ მოუგო ირლანდიას და იმ მატჩზე დღემდე ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, წელს საქართველოს გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავს, ვიდრე ოთხი წლის წინ. ჩვენი მორაგბეების თითქმის ნახევრისთვის ეს პირველი მსოფლიო თასია, მაგრამ გვყავს შვიდი ისეთი მოთამაშეც, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. ასე რომ, ზელანდიაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს.