კლაიპედა ჯორჯიაა?! - კვირის პალიტრა

კლაიპედა ჯორჯიაა?!

ლიტველების შემყურეს გამიჩნდა ერთი კითხვა: საიდან ჰყავთ მეტ-ნაკლებად წარმატებული საფეხბურთო ნაკრები? კლაიპედაში ნაბიჯს ვერ გადადგამთ, კალათბურთის ბურთი რომ არ შეგხვდეთ: სასტუმროების ფანჯრებში, აბრებზე, ხელსახოცებზე... მოედნებზე ხომ დიდი და პატარა თავაწეული შესცქერის კალათისკენ მიმავალ ბურთს. იქ საფეხბურთო კარი ჯერ ვერსად ვნახე.

ტყუილად როდი თქვა ლიტველთა ლეგენდარულმა მოთამაშე არვიდას საბონისმა, კალათბურთი ლიტვაში რელიგიასავითაა და "ევრობასკეტის" მასპინძლობას ნამდვილად ვიმსახურებდითო.

ქუჩიდან დარბაზისკენ გადავინაცვლოთ, სადაც D ჯგუფის მატჩები იმართება. ერთმანეთს უმკლავო ჩოხებით “ეჭიდავებიან” ქართველები, რუსები, ბულგარელები, ბელგიელები, უკრაინელები და სლოვენიელები.

- საქართველოს ნაკრები სწრაფ პროგრესს განიცდის, შესანიშნავი გუნდია და მას ყველა უნდა უფრთხოდეს. ჩვენთან მოსაგებად ქართველებს მცირე გამოცდილება არ ეყოთ, ბოლო მომენტში თამამი ნაბიჯი ვერ გადადგეს, - მითხრა ჯგუფში ყველაზე სახელოვანმა კალათბურთელმა რუსმა ანდრეი კირილენკომ, რომელიც სასტუმრო "ამბერტონში" მოვიხელთე. კიბეზე წიგნებით ხელში ჩამოჯდა, მაგრამ გადასაშლელად ვერ მოიცალა, გულღიად მელაპარაკა (სრული ინტერვიუ "ლელოში" იხილეთ).

- ჩვენი ნაკრები ევროსაკალათბურთო კავშირში უკვე გაწევრდა. ასევე სრულყოფილად ჩაეწერა საკალათბურთო ოჯახში ქართველი ქომაგი, რომელიც ძალიან ხმაურიანი და მოწესრიგებულია. რუსეთთან მატჩის შემდეგ სპეციალურად მობილიზებულ ლიტველ სპეც-რაზმელებს საქმე არ მისცემიათ.

ნამატჩევს რუსმა ქომაგმა გაოცებულმა გვკითხა, საიდან გყავთ ასეთი ძლიერი ნაკრები, ქართულ საკლუბო კალათბურთზე ხომ ევროპაში არავის არაფერი სმენიაო. ამ თემის გაგრძელებად ზაზა ფაჩულიას მწვრთნელის, ზურაბ სამხარაძის სიტყვებს მოვიშველიებ: იმაზე მეტი რუსი თამაშობს კალათბურთს, რაც საქართველოში მოსახლეობააო.

ნიჭის, მონდომებისა და გულის წყალობით ქართველმა კალათბურთელებმა ბევრი სპეციალისტისა და ქომაგის სიმპათია დაიმსახურეს. ეს ქართველი მედიელებისთვისაც დადებითი მომენტია: 2 სექტემბერს, კალათბურთისგან მოცალეობის ჟამს, ყველა ქვეყნის ჟურნალისტი შეგვკრიბეს და კლაიპედა დაგვათვალიერებინეს. ყველა კოლეგა ღიმილით გვხვდებოდა და ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა, ჯორჯია ჯგუფში ერთ-ერთი ფავორიტიაო.

KvirisPalitra.Ge...და გულშემატკივრების აზრს არ იკითხავთ? ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მითხრა,  მთელი ლიტვა საქართველოს ქომაგობს, ოღონდ ჩუმად, არავინ გამიგოსო. უბრალო გულშემატკივრები კი ემოციას არ მალავენ: ზემონახსენები ექსკურსიის დროს ერთ ვიწრო ქუჩაში ყველას ლიტვური ღვინო შემოგვთავაზეს. ოხშივარი კი ასდიოდა, მაგრამ არ მეგონა, ისეთი ცხელი თუ იქნებოდა, პირს დამწვავდა. სული რომ მოვითქვი, შეფასებისთვისაც მოვიცალე: ჭიქაში ფორთოხალი და სხვა ხილი ეყარა - ხილის ღვინო იყო, უალკოჰოლო და რატომღაც ძალიან ცხელი. სწორედ ამ დროს ქუჩაზე ქართულ მაისურში გამოწყობილი ლიტველი გამოჩნდა, ბურთი ჰაერში ააგდო და დაიძახა: "ჯორჯია!"

უკრაინელმა ჟურნალისტმა გადმომხედა: ვერაფერი გავიგე, საქართველოში ვარ თუ ლიტვაში, ყველგან ქართული  დროშებია, აქაურებიც გაქართველდნენო.

ვაჟა სიმონიშვილი, სპეციალურად "კვირის პალიტრისთვის" კლაიპედადან