საქართველოს მწარედ CAUNI სკარტეს - კვირის პალიტრა

საქართველოს მწარედ CAUNI სკარტეს

ქართული ფეხბურთისთვის წლევანდელი შემოდგომა ძალიან ცუდად დაიწყო - სექტემბრის პირველივე დღეს ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოგვჭრა თავი და ქართველ თანატოლებს ქუთაისში 7:2 მოუგო (35-ე წუთზე უკვე 0:5 ვაგებდით! - ავტ.), მეორე დღეს კი თემურ ქეცბაიას გუნდი შეეცადა ლატვიური ნავსის გატეხას, მაგრამ... მოგებას ვინ ჩივის, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ქულის აღებაც ვერ მოახერხა და ის თეორიული შანსიც ვერ შეინარჩუნა, "ევრო-2012"-ზე მოხვედრის იმედს რომ უტოვებდა.

ახალგაზრდული ნაკრების "თამაშზე" რა უნდა ვთქვათ? ესპანეთის ნაკრები ამ ასაკშიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და ქართველებთან მატჩშიც ფავორიტად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, პირენეელთა თავკაცი მატჩამდე მაინც ფრთხილობდა და მასპინძლებისთვის კომპლიმენტებს არ იშურებდა. თურმე, სულ ტყუილად... რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, შეხვედრის დაწყებამდე ოთარ გაბელიაცა და მისი სამწყსოც თავდაუზოგავ ბრძოლას დაგვპირდნენ. ბრძოლისა რა გითხრათ, მაგრამ ის შეხვედრა "ცალკარას" უფრო ჰგავდა, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ქართულმა მხარემ მხოლოდ სათამაშო მაისურების ფერს "გაარტყა" ზუსტად, - შავი ფერი ზუსტად შეესაბამებოდა მასპინძელთა თამაშსაც და იმ განწყობასაც, რამაც ქართველი ქომაგის გულში უკვე პირველი ტაიმის ბოლოს დაისადგურა.

ისე, მაისურის ფერს რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თუ ითამაშა თეთრი ფორმით, იმიტომ ვერ წააგო უმოტივაციო ლატვიასთან. ეს გუნდი თბილისს მესამედ ესტუმრა და მარცხის სიმწარე ჯერაც არ უგემია. მეტიც, საქართველოში ჩატარებულ სამ მატჩში ლატვიის ნაკრებმა უკვე მეორედ მოგვიგო. მასპინძლებს არც სტადიონის შეცვლამ უშველა, - ორჯერ "ეროვნულზე" ვეთამაშეთ, ამჯერად კი მიხეილ მესხის სტადიონზე დავუხვდით, მაგრამ რად გინდა? გოლი თუ ვერ გაუტანე, გინდა "ლოკომოტივზე" დაუხვდი და გნებავს - რკინიგზის სადგურზე...

არადა, ლატვიელთაგან განსხვავებით, რომლებმაც ჯგუფიდან გასვლის შანსი კარგა ხნის წინ დაკარგეს, ქართველებს მოგება სატურნირო თვალსაზრისითაც სჭირდებოდათ, უნდოდათ და შეეძლოთ კიდეც, მაგრამ მეკარე ვანინსის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს. არადა, ასეთი შემტევი შემადგენლობა თემურ ქეცბაიასგან პირველად ვნახეთ. აკი თქვა კიდეც ნამატჩევს საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ამდენი საგოლე მომენტი, მგონი, ათ შეხვედრაში არ გვქონია ერთად აღებულიო. ასეც იყო, მასპინძლები მუდმივად უტევდნენ და გოლის გატანაც რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ, მაგრამ ბალტიელები ორჯერ კარის ძელმა გადაარჩინა, სხვა შემთხვევებში კი ვერ ივარგეს ქართველმა შემტევებმა. ასეთები კი, იცოცხლე, ბლომად გვყავდა - თარგამაძე და მარცვალაძე ფლანგებიდან უტევდნენ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე იაშვილი, თავდამსხმელების უკან კი ჯანო ანანიძე თამაშობდა. მატჩის პირველი სახიფათო მომენტიც სწორედ ამ უკანასკნელმა შექმნა - საჯარიმოს ხაზთან რამდენიმე მეტოქეს დაახვია თავბრუ, თუმცა, დარტყმის ნაცვლად ბოლო მცველსაც მოტყუება დაუპირა და ბურთი დაკარგა. ბოლო დროს ჯანო იშვიათად ხვდება მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში და ეს სანაკრებო მატჩშიც დაეტყო, ჩვეულად აქტიური ნამდვილად არ ყოფილა.

მატჩის პირველ ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო. შემტევთა სიმრავლეზე უკვე ვთქვით და გარდა ამისა, ძნელი გასახსენებელია მატჩი, რომლის დროსაც ჩვენი გუნდი ასე ადვილად ახერხებდა მეტოქის საჯარიმომდე მისვლას. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ფლანგებზე მოთამაშე ოთარ მარცვალაძე და ნაკრების ახალი წევრი - დავით თარგამაძე, რომელიც ეროვნულ გუნდში მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა. თუმცა, საგოლე ეპიზოდის შექმნა ერთია, ბურთის კარში გატანა კი მეორე. თუ მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრას სულ ერთი და იმავე გზით (მეორე ტაიმში ქართველთა ლამის ყველა შეტევა მხოლოდ მარცხენა ფლანგიდან იწყებოდა. - ავტ.) ცდილობ, როცა მოედნის შუაგულში ვერც ბურთის დაჭერას ახერხებ და შესაბამისად, ვერც ცენტრიდან იწყებ შეტევებს, მხოლოდ გამართლების იმედად მოგიწევს დარჩენა, იღბლიანი კი ამჯერადაც ლატვია აღმოჩნდა.

ზეწოლის გაძლიერების ნაცვლად, მეორე ტაიმში ქართველთა შეტევებს ერთფეროვნება დაეტყო და ჰაერში 0:0-ის სურნელიც დატრიალდა, მაგრამ ლატვიელთა გოლს ნამდვილად არაფერი მოასწავებდა. თუმცა, როცა მოედანზე ალექსანდრ ცაუნიაა, ქართველებს მოდუნების უფლება არა აქვთ: მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველმა მარცხენა ფლანგიდან ერთი შეხედვით უწყინარი საჯარიმო პირდაპირ კარის წინ ჩააწოდა, გიორგი ლორიამ კი, რომელიც კარიდან ოდნავ წინ იყო გამოსული, უცნაური მოძრაობით ბურთი საკუთარ კარში "მოიგერია" და... თუმცა, წაგებაში მხოლოდ მეკარის დადანაშაულება უსამართლობა იქნება - ქართველები გოლის გამტანებს არ ჰგავდნენ, ფრეს და წაგებას კი ჩვენთვის ერთი ფასი ჰქონდა... სხვათა შორის, ეს სწორედ ის ცაუნიაა, ჩვენს გუნდს შარშან, ლატვიაშიც რომ "ცაუნისკარტა" და მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე უმნიშვნელოვანესი სამი ქულა "აგვაფცქვნა".

გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძელთა ისედაც მინავლებული შეტევები მთლად ჩაიფერფლა. ორიოდ სახიფათო ეპიზოდს ჩვენები ბოლო წუთებზეღა გამორჩნენ: ჯერ ლადო დვალიშვილმა გააცუდა ხელსაყრელი მომენტი, მერე კი სტუმართა მეკარე მისწვდა ჯაბა კანკავას ძლიერად დარტყმულ ბურთს. საბოლოოდ - 0:1, მიმდინარე შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე პირველად წააგო.

ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სამი მატჩიდან, რომლებშიც მხოლოდ გამარჯვება გვაძლევდა ხელს, პირველივე წავაგეთ, თანაც, საკუთარ მოედანზე. გასულ პარასკევს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები იმ მატჩებში უფრო აღწევს წარმატებას, სადაც "მეორე ნომრად" თამაში, ანუ შეტევაზე მეტად თავდაცვაზე ფიქრი უწევს. აი, "აუცილებლად" მოსაგებ შეხვედრებში კი... მართალია, წინა წლებთან შედარებით გაცილებით გვიან, მაგრამ უკვე საქართველოს ნაკრებიც ოფიციალურად შეუერთდა იმ გუნდებს, რომელთაც ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგეს.

ეროვნულ გუნდში მუშაობის განმავლობაში პირველად კი, თემურ ქეცბაია ახლო წარსულისთვის ჩვეული სურათის მოწმე გახდა - სტადიონზე მისულმა ქომაგმა საკუთარი გუნდი სტვენით გააცილა.

P. S. წაგებული მატჩის შემდეგ, როგორც სჩვევია, პასუხისმგებლობა ქეცბაიამაც გაინაწილა, თუმცა, ისიც აღნიშნა, წაგების მიუხედავად, ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ (?!), რაც შეეძლოთ, გააკეთესო. მაშინ კი, როცა ნაკრებთან ფსიქოლოგის მუშაობის აუცილებლობაზე დაეკითხნენ, ეროვნული გუნდის თავკაცმა ასე უპასუხა, ნაკრებს ფსიქოლოგი კი არა, ფეხბურთელები სჭირდებაო.

ძნელია, არ დაეთანხმო.