ჯვაროსნები და ლიტვური ციხესიმაგრე - კვირის პალიტრა

ჯვაროსნები და ლიტვური ციხესიმაგრე

კლაიპედის შემდეგ ქართული კულტურის დღეები ვილნიუსშიც გაგრძელდა. "სუხიშვილების" კონცერტის შემდეგ ერთმა ველოსიპედისტმა გვითხრა, ძალიან მინდა ქართველებთან ფოტოს გადაღება. იმიტომ მიყვარხართ, რომ ასეთი გულით ცეკვავთ და თამაშობთო.

მართლაც, ქართული ცეკვით რატუშის მოედანზე შეკრებილი უამრავი მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა. პეტერბურგელი ჟურნალისტი ბორის ხოდოროვსკი "სიმენს არენის" მედია-ოთახში მომიჯდა და ჩვენი გუნდის შესახებ თავისი მოსაზრება გამანდო: "ძალიან საინტერესო ნაკრები გყავთ. ფაჩულია და ცინცაძე ჯანმრთელად რომ იყვნენ, უკრაინასა და ბელგიასთან საოცარი თამაში უჩვენეთ, ჩვენთან და სლოვენიასთან ღირსეულად იბრძოლეთ. მეორე ეტაპზე მაკედონიასთან კი ამ ორი ტრავმირებული კალათბურთელის გარეშე ითამაშეთ და გამოჩნდა, რომ რესურსი კიდევ გაქვთ. მაკედონიელებთან ბოლო წამზე იმიტომ წააგეთ, რომ მათ თქვენზე უკეთესი ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავთ".

სწორედ ეს არის დასანანი: მაკედონიის ნაკრებში მოთამაშე ბო მაკალების დონის მოთამაშე რომ ჩამოგვეყვანა, ახლა თამამად ვიფიქრებდით მეოთხედფინალზე. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და ევრობასკეტის დაწყებამდე დებიუტანტის სტატუსით მხოლოდ ღირსეულად გამოსვლას ვითხოვდით, პირველ მატჩში ბელგიას რომ მოვუგეთ, მეორე ეტაპზე ავლაპარაკდით, ახლა - მეოთხედფინალზე.

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრები ევროპის საუკეთესო 12 გუნდშია, რაც ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა. რაც მთავარია, პრესლოჟაში საქართველოს ნაკრების მაისურით ჯდომა მეამაყება - კოლეგები ცერის აწევით მანიშნებენ, კარგი გუნდი გყავთო. ჩვენმა კალათბურთელებმა ქვეყანასაც დიდი საქმე გაუკეთეს, ქართულ კალათბურთსაც და თანამემამულე ჟურნალისტებსაც - აბა, ევრობასკეტზე რომ არ მოხვედრილიყვნენ, როგორ ვნახავდით კირილენკოს, ნოვიცკის, გასოლების, პარკერისა და სხვა ევროვარსკვლავების თამაშს? ვილნიუსის ""სიმენს არენა"" პატარა საკალათბურთო სამოთხეა: მოედნიდან ესპანეთის ნაკრები რომ გამოდის, საფრანგეთი შედის, საფრანგეთი გადის - ლიტვა იწყებს.

ქართველების თამაშთან ერთად დიდი სიამოვნებაა ლიტველთა გამოსვლის ხილვა: დარბაზი მთლიანად მწვანეშია ჩამჯდარი და ბალტიის ზღვასავით ღელავს.

9 სექტემბერს პირველ თამაშზე (ესპანეთი-სერბეთი) ცოტა დავაგვიანე. გაგიკვირდებათ და, არ მინანია, რადგან ტრაკაიში ვიყავი. ეს ლიტველთა მთავარი ღირსშესანიშნაობაა - ტბის შუაგულში, კუნძულზე აშენებული ციხესიმაგრე. გარედან ხომ ლამაზი სანახავია, შიგნიდან - ნუ იკითხავთ, აქ თითოეული ოთახი მუზეუმია: ერთში მონეტების კოლექციაა, მეორეში - ჭურჭლის, მესამეში - სანადირო იარაღისა და ცხოველთა ფიტულების, მეოთხეში - საბრძოლო აღჭურვილობის. იცით, საკალათბურთო სტატიაში ტრაკაი რატომ ჩავურთე? იმიტომ, რომ თეთრი შურით შემშურდა - საქართველოში ასეთი ციხესიმაგრე უამრავია და ათასობით წლით ძველიც, მაგრამ ნაცვლად იმისა, ტურისტულ შემეცნებით-გასართობ ცენტრებად იქცეს, დახეთქილ კედლებს შორის ხვლიკები დათარეშობენ.

ტრაკაის ციხესიმაგრეში, ერთ ბნელ ოთახში, ღრმა ჭის ფსკერზე მონეტები ეყარა. გვითხრეს, ხურდა ჩააგდეთ და ჩაიფიქრეთო. საქართველოს ნაკრების მეოთხედფინალში გასვლა და ვანის ნაქალაქარის სრულად აღდგენა ჩავიფიქრე.

ვაჟა სიმონიშვილი

სპეციალურად "კვირის პალიტრისთვის" ვილნიუსიდან