"ისინი საქართველოს არასდროს დაივიწყებენ" - კვირის პალიტრა

"ისინი საქართველოს არასდროს დაივიწყებენ"

საქართველოს ნაკრების ვიზიტი ახალ ზელანდიაში საკურორტო ქალაქ ქვინზთაუნის აეროპორტში ადგილობრივების საკმაოდ ამაღელვებელი დახვედრით დაიწყო. საქართველოს დროშებით შეიარაღებული ბავშვები და არა მარტო ისინი, გულმხურვალედ ესალმებოდნენ ჩვენს გუნდს.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი“ბორჯღალოსანთა” ახალ ზელანდიაში ყოფნის მეორე დღე გამოდგა. ჩვენს მორაგბეებს "სკაი ლაინზე" ოფიციალური მიღება - "ველქამ ფართი" გაუმართეს. ამ ღონისძიებაზე უშუალოდ მოგვეცა საშუალება აბორიგენი ხალხის, მაორების კულტურას გავცნობოდით. მაორები მებრძოლი, მეომარი ხალხი იყო და მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. არცთუ დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ კანიბალები იყვნენ. მას შემდეგ, რაც ანგლოსაქსების გავლენით ქრისტიანობას ეზიარნენ, მაორები ადამიანური ცხოვრების რიტმში ჩაებნენ და დღეს ეს ხალხი სტუმართმოყვარე, გულღია და ალალი ადამიანები არიან.

ცხადია, მასპინძლებს არც ქართველი სტუმრები ჩამორჩნენ და დელეგაციის ერთ-ერთ წევრთან, “ქართული ხმების” მომღერალ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, "ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა" იმღერეს, რამაც, ცხადია, მასპინძლებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

საქართველოს ნაკრებს სიტყვით მიმართა მაორების ტომის ბელადმა: "ვიცით, რომ ქვეყანას, საიდანაც თქვენ ჩამოხვედით, ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. იმედია, მოგწონთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი წინაპრები აქ 600 წლის წინ დასახლდნენ. დამეთანხმებით, ფანტასტიკური ადგილია. ჩვენ ბევრი საერთო გვქონია, - თანაბარი მოსახლეობა გვყოლია. ქართველები, ისევე როგორც ჩვენც, ლუდით მხოლოდ მტრების სადღეგრძელოს ამბობენ. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტს ვკითხულობ ვიკიპედიაში საქართველოს შესახებ, მით მეტად მომწონს ეს ქვეყანა.

იმედია, მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ერთი გუნდის გარდა, ყველას მოუგებთ. განსაკუთრებით კარგად უნდა დაუხვდეთ ავსტრალიელებს, ინგლისი კი, პატივი დაგვდეთ და აუცილებლად დაამარცხეთ".

სიტყვით გამოსვლებისა და სუვენირების გაცვლის შემდეგ, ტრადიციისამებრ ფურშეტი გაიმართა. ის იყო, შეკრებილი საზოგადოება დაშლას აპირებდა, რომ გივი ჭიჭინაძემ იტალიური“"სოლე მიო" იმღერა, რის შემდეგაც დარბაზი ლამის დაინგრა.

ქვინზთაუნი ძალიან ლამაზი ადგილია, მაგრამ კიდევ უფრო თვალწარმტაცი სანახაობა ამ ქალაქიდან 80 კილომეტრში, ვანაკაში გველოდა. იქაური მშვენიერების გარდა, ბავშვებთან სკოლაში გამართული შეხვედრა სამუდამოდ დარჩება თითოეული მორაგბის მეხსიერებაში. ვანაკას სკოლის მოსწავლეები, მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა და ციოდა კიდეც, მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს გამოჩენას. როგორც სკოლის დირექტორმა მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმისას გვითხრა, თითოეული მოსწავლე თვეზე მეტია საქართველოს შესახებ ინფორმაციას აგროვებს და ჩვენს ქვეყანაზე უკვე ბევრი რამ იციან.

იმ ბავშვებიდან ორნი მოგვიანებით უფრო ახლოს გავიცანით. ვანაკა ფერმერების დასახლებაა. ჯუმაიმა იმ ერთ-ერთი ფერმერის 11 წლის გოგონაა, რომელმაც მთაში კურდღლებზე სანადიროდ დაგვპატიჟა, აროენა კი მისი მეზობელი და თანაკლასელი, ასევე ერთ-ერთი ფერმერის შვილი გახლდათ. ჯუმაიმა ანგლოსაქსი იყო, აროენა - მაორი.

მეგობრები ჩვენი სტუმრობის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. უფროსებთან ერთად, ყველანაირად ცდილობდნენ, რაც შეიძლება კარგი მასპინძლობა გაეწიათ. ვანაკელების სითბო შეუძლებელია ოდესმე დაგვავიწყდეს. ეს ენით აუწერელი გრძნობა იყო. განსაკუთრებით კი ის ცრემლები, რომლებიც იმ ორი პატარა გოგონას თვალებში აკიაფდა გამომშვიდობებისას.

ქვინზთაუნში დაბრუნების შემდეგ კი საქართველოს ნაკრებს ჩვეული, რუტინული შრომა დაეწყო. 14 სექტემბერს ბორჯღალოსნები ინვერქარგილში შოტლანდიის ნაკრებს ხვდებიან. ქვინზთაუნიდან მივემგზავრებით, მაგრამ ჩვენი გული იქ რჩება. თუმცა, იმედია, წინ არანაკლებ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები გველის.

ბესიკ ჯანგავაძე

სპეციალურად "კვირის პალიტრისთვის" ახალი ზელანდიიდან