"ანჟის" ჯერარდი და ლამპარდიც მოუნდა - კვირის პალიტრა

"ანჟის" ჯერარდი და ლამპარდიც მოუნდა

მახაჩყალის "ანჟი" სატრანსფერო ბაზრის დაპყრობას განაგრძობს. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაღესტნური კლუბის ამბიციას ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა, კლუბის მილიარდერმა მეპატრონემ დაამტკიცა, რომ სერიოზული გეგმები აქვს. როგორც ცნობილია, "ანჟის" მაისურით უკვე თამაშობენ რობერტო კარლოსი და სამუელ ეტოო, თუმცა, სავარაუდოდ, მოკლე ხანში მახაჩყალურ კლუბს კიდევ რამდენიმე მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი შეემატება. მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიოსა და ფაბიო კაპელოს გადაბირების უშედეგო (ჯერჯერობით) მცდელობის შემდეგ, კლუბის მეპატრონე ისევ ფეხბურთელებზე გადაერთო და ამჯერად ინგლისის ნაკრების ლიდერებზე - ფრენკ ლამპარდსა  ("ჩელსი") და სტივენ ჯერარდზე ("ლივერპული") შეაჩერა არჩევანი. მახაჩყალელები მზად არიან, თითოეულ მოთამაშეს წელიწადში 15 მილიონი ევრო გადაუხადონ. აღსანიშნავია, რომ ეს ხელფასი იმაზე მეტია, ვიდრე ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ იღებენ, მაგრამ - ნაკლები, ვიდრე ჯერარდისა და ლამპარდის პოტენციური პარტნიორი - სამუელ ეტოო იღებს: "ანჟიში" მისი წლიური გასამრჯელო 20,5 მილიონი ევროა! თუმცა, მთავარი ფული რომ არ არის, ეს ჟოზე მოურინიომაც დაადასტურა, როცა მახაჩყალელთა შეთავაზება - წელიწადში 25 მილიონი ევრო - ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა.