"საქართველოს თასი" - ქართველებს - კვირის პალიტრა

"საქართველოს თასი" - ქართველებს

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე ჩატარებული ქალთა საერთაშორისო ტურნირი - "საქართველოს თასი - 2011" მასპინძლების ტრიუმფით დასრულდა. ქართველი ჩოგბურთელების გარდა ტურნირში უკრაინელი, რუსი, სომეხი, ბელორუსი, ყაზახი, იტალიელი, გერმანელი და თურქმენი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ, თუმცა, როგორც წყვილთა, ისე ერთეულთა თანრიგში, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. როგორც ჩანს, ყველაზე კარგ ფორმაში 10.000-დოლარიანი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირს თათია მიქაძე და სოფო ქვაცაბაია შეხვდნენ - წყვილებს შორის სწორედ ამ დუეტმა გაიმარჯვა (ფინალში ანასტასია პრენკოს (თურქმენეთი) და ვიქტორია იემილიანავას (ბელორუსი) დუეტს აჯობეს - 6:1, 6:3. - ავტ.) და ერთეულთა ფინალშიც პირისპირ აღმოჩნდნენ. წყვილთა ფინალის მსგავსად, ბრძოლა არც ამ მატჩში ყოფილა - მიქაძემ პარტნიორი არ დაინდო და საკმაოდ იოლად - 6:0, 6:2 დაამარცხა.