გეგუჩაძე ავსტრიის ნაკრებში? - კვირის პალიტრა

გეგუჩაძე ავსტრიის ნაკრებში?

ავსტრიული "შტურმის" თემა ქართულ ფეხბურთში ისევ აქტუალურია:ჯერ ერთი, ამ კლუბის ღირსებას ქართველი მცველი - გიორგი ფოფხაძე იცავს, გარდა ამისა, სწორედ "შტურმი" გადაეღობა საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა საქმეს ისე ეტყობა, "შტურმისა" და "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელების გზები ისევ გადაიკვეთება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ავსტრიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გადამდგარი დიტმარ კონსტანტინის ნაცვლად, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს "შტურმის" თავკაცი - ფრანკო ფოდა ჩაიბარებს, მის სავარაუდო თანაშემწედ კი... სწორედ გია გეგუჩაძეს ასახელებენ! საქართველოს ერთ-ერთმა წარმატებულმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ავსტრიის ნაკრებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ნამდვილად იყო, თუმცა, ისიც დასძინა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

უკვე ცნობილია, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ფოდას დებიუტი 15 ნოემბერს, უკრაინელებთან ამხანაგური მატჩის დროს შედგება, იმას კი, იქნება თუ არა მის გვერდით ქართველი მწვრთნელი, დრო გვიჩვენებს. როგორც ჩანს, გია გეგუჩაძეს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება, და სანამ რომელიმე ევროპული კლუბის მწვრთნელად ვიხილავთ, ახალ გარემოსა და სტანდარტებთან შეგუებას თანაშემწის რანგში დაიწყებს.