რატომ არ უყვართ დანიდინში ინგლისელები? - კვირის პალიტრა

რატომ არ უყვართ დანიდინში ინგლისელები?

საქართველოს ნაკრების ისტორიაში ახალი ზელანდიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქი ინვერქარგილი სამუდამოდ შავ ლაქად დარჩება.არადა, ქვინზთაუნის თვალწარმტაცი სანახებისა და ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე ხალხის ხილვის შემდეგ, ამ ქვეყანაში თუ ასეთი უსახური და ცივი ქალაქი არსებობდა, ვერც კი წარმოვიდგენდით.

შოტლანდიასთან მარცხი რა მოსატანია იმ გაწბილებასთან, რაც ინვერქარგილში სტუმრობისას გველოდა. მუდამ წვიმიანი, ღრუბლიანი და პირქუში ქალაქი საკმაოდ ცივად დაგვხვდა. “ბორჯღალოსნების სტუმრობა სასტუმრო "ასკოტ პარკ ოტელის" თანამშრომლების გარდა, სხვას არავის გაუგია. ეს სასტუმრო ლამის ამავე სახელწოდების პარკის შუაგულში დგას და მთელ ინვერქარგილში ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ლამაზი ადგილია.

ყოველივე ამან, ცხადია, ქვინზთაუნიდან გამოყოლილი ამაღლებული განწყობა ოდნავ გაგვიფუჭა, მაგრამ სხვა გზა რომ არა გაქვს, ადამიანი ყველაფერს ეჩვევი და რა უნდა გვექნა - ოთხი დღე მთელი დელეგაცია გაძლებაზე იყო. თუმცა, საკმაოდ პირქუში ქალაქი, იმავდროულად, საკმაოდ წყნარიც იყო. ქუჩაში ადამიანები კანტიკუნტად დადიოდნენ და ისიც, ძირითადად, ქალაქის ცენტრში მდებარე ჰიპერმარკეტის კლიენტები იყვნენ.

ინვერქარგილში მოსაწონი მხოლოდ ის ვნახეთ, რომ სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ: ქალაქის ცენტრში, დაახლოებით ორასი მეტრის რადიუსში, ოთხი სხვადასხვა კონფესიის ეკლესია დგას: კათოლიკური, პრესვიტერიანული (ანუ შოტლანდიელების, ინვერქარგილი შოტლანდიური ანკლავია. - ავტ.), ლუთერანული და ბაპტისტური. მათგან თითქმის თანაბარ მანძილზე, ფაქტობრივად, კვადრატის ცენტრში, საუთლენდის მასონური ლოჟის შენობაა, რომელიც ოთხივე ეკლესიაზე უფრო მაღალია და რომაულ სტილშია აგებული.

დადგა ის ბედნიერი დღეც, როცა ინვერქარგილი დავტოვეთ და ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის სიდიდით მეორე ქალაქ დანიდინში გადავბარგდით. აქაურები ინვერქარგილელებზე ბევრად ყურადღებიანი აღმოჩნდნენ. ძალიან გვიკვირდა, მაგრამ ქუჩაში გამვლელები თვალს რომ მოგვკრავდნენ, ინგლისთან მატჩში წარმატებას გვისურვებდნენ. თუმცა მერე ისიც გავიხსენეთ, ქვინზთაუნში მაორების ბელადმა რომ გვთხოვა, პატივი დაგვდეთ და ინგლისელები დაამარცხეთო. მოკლედ, ახალ ზელანდიაში რომელ ქალაქშიც უნდა ჩახვიდეთ, ინგლისელები არ უყვართ. ამიტომ რაგბიში ოღონდ ინგლისის ნაკრები დაამარცხონ და ვისაც გინდათ, უქომაგებენ. დანიდინში, ისევე როგორც ინვერქარგილში, ძალიან ბევრი ეკლესიაა. ისინი თითქმის ყოველ ას მეტრში გვხვდება და თითოეული არქიტექტურული შედევრია.

რაგბის მატჩს შინ გამოკეტილი არც დანიდინელები უყურებენ. ამ დროს ქალაქის ბარებსა და კაფეებში ტევა არ არის. ადგილი წინასწარ უნდა დაჯავშნო, თუ არა და ორი ტაიმი ფეხზე დგომა მოგიწევს. სხვათა შორის, საქართველოსა და  ინგლისის მატჩის დასრულებამდე გასართობ დაწესებულებებში ამ ორი ქვეყნის დროშები სჭარბობდა.

ბესიკ ჯანგავაძე სპეციალურად "კვირის პალიტრისთვის" ახალი ზელანდიიდან