ელიტრაუნდი ვადაზე ადრე - კვირის პალიტრა

ელიტრაუნდი ვადაზე ადრე

ქართული საფეხბურთო გუნდები ნაადრევად თუ გაინაღდებენ ხოლმე რამეს, ან ბოლო ადგილია, ან ჯგუფიდან გაუსვლელობა.თუმცა, იშვიათი გამონაკლისებიც არის და ამჯერად, 17-წლამდელთა ნაკრებმა გაგვახარა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაში შესარჩევი ეტაპის საწყისი ორი მატჩის შემდეგ გაინაღდა. მოლდავეთში ჩატარებული ტურნირის პირველ შეხვედრაში ქართველებმა ბულგარეთს მოუგეს (3:2), მეორე ტურში კი მასპინძელთა ნაკრებიც დაამარცხეს და ჯგუფიდან გამსვლელი საგზური ვადაზე ადრე დაიბევეს.

კვირას, შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, ჩვენები შვედეთის ნაკრებს ეთამაშებოდნენ და წაგების გარდა, ნებისმიერი შედეგი პირველ ადგილზე დატოვებდა. ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, მატჩის ანგარიშზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, მთავარი ის არის, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდისთვის მეორე ადგილიც ჰყოფნის, ის კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვადაზე ადრე გავინაღდეთ.