"ქართველის წინააღმდეგ სეკუნდანტად ვერავის დავუდგები" - კვირის პალიტრა

"ქართველის წინააღმდეგ სეკუნდანტად ვერავის დავუდგები"

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ორი წლის წინ გათავისუფლებული შოთა ხაბარელი ახლახან ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.გასულ კვირას კი ევროპის ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა კინაღამ ძველი თანამდებობაც დაიბრუნა. თუმცა, რადგან "კინაღამ" არ ითვლება, ნაკრების გაწვრთნას ისევ ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი გააგრძელებს. არადა, ცნობა ყველა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა და თავად ხაბარელიც ირწმუნებოდა, რომ ნაკრების მწვრთნელად მისი ოფიციალურად წარდგენა მხოლოდ დროის ამბავი იყო, მაგრამ... როგორც ხშირად ხდება ხოლმე ქართულ სპორტში, ეს გადაწყვეტილება ამჯერადაც "ზემოდან" დაიბლოკა, "თურაშაულის" პატრონები ისევ "პანტის" ძიებას ვაგრძელებთ და საქმეს ისე ეტყობა, კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ძებნა, ყოველ შემთხვევაში, შოთაB ხაბარელი ამბობს, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელობაზე აღარასოდეს დათანხმდება:

- ბატონო შოთა, ბოლო დღეებმა დაადასტურა, რომ ის ხალხი, ვისაც ნაკრებში თქვენი მუშაობა არ სურს, ჯერ კიდევ მძლავრ ბერკეტებს ფლობს.

- შესაძლებელია. მით უმეტეს, იმ მოვლენების შემდეგ, რაც 2009 წელს ქართულ ძიუდოში მოხდა, მაგრამ რამდენად იყო ჩართული ეს ხალხი ბოლო დღეებში მომხდარ ამბებში, არ ვიცი.

- ფაქტია, რომ ყველა საინფორმაციო საშუალება ნაკრების მწვრთნელად თქვენს დაბრუნებაზე ლაპარაკობდა. თავადაც დაადასტურეთ, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო, მაგრამ მალე ძიუდოს ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2012 წლის ოლიმპიადისთვის ნაკრებს ისევ პეტერ ზაიზენბახერი მოამზადებს. რა მოხდა?

- რომ გითხრათ, ნაკრების მწვრთნელად დაბრუნების დიდი სურვილი მქონდა-მეთქი, არ იქნება მართალი. მეტიც, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა. ჯერ ერთი, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარ, თანაც, ჩამოყვანილია კაცი და კონტრაქტი აქვს გაფორმებული ოლიმპიურ თამაშებამდე. როგორც ჩანს, ვიღაცას გაახსენდა, რომ არსებობს შოთა ხაბარელი, რომელსაც შეუძლია დღეს არსებული ვითარება როგორღაც გამოასწოროს, მაგრამ როგორც ჩანს, მერე ისევ გადახედეს კონტრაქტს, ვიღაც ჩაერია, როგორც თქვენ თქვით და...

- თქვით, რომ დაბრუნებაზე არც კი ფიქრობდით, თუმცა, რადგან ეს თემა გახმაურდა, ე. ი. გქონდათ ინფორმაცია...

- მითხრეს, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ნაკრების მწვრთნელი. სხვათა შორის, დიდი მსჯელობის საკითხი იყო ეს. იმ დროს, როცა ოლიმპიადამდე მხოლოდ ათი თვეა დარჩენილი, არ არის ადვილი გუნდის ჩაბარება. ყველა პროფესიონალი დაფიქრდებოდა და ბუნებრივია, მათ შორის - მეც. იქნებ როგორმე ჩავეტიოთ ამ ათ თვეში და სიტუაცია გამოვასწოროთო, ამაზეც იყო ლაპარაკი.

- გამოდის, დაბრუნებაზე თანახმა იყავით.

- ისე წავიდა საქმე, შველა იყო საჭირო და არა ვარ ის კაცი, დავიმალო, როცა ჩემი გამოცდილება ქვეყანას სჭირდება. ასე რომ, მიუხედავად იმისა, დიდი სურვილი არ მქონდა, მაინც დავთანხმდი.

- რამდენჯერმე ახსენეთ, სურვილი არ მქონდაო... ეს, ალბათ, იმ გულისტკენისა და დაუფასებლობის განცდის ბრალია, 2009 წელს თქვენს გათავისუფლებას რომ მოჰყვა.

- რა თქმა უნდა, გული გეტკინება, როცა ათი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაგასახელებენ ევროპის საუკეთესო მწვრთნელად, როცა მოგებული გაქვს ყველა რეგალია, რაც კი მსოფლიოში არსებობს, როცა შენს მოჭიდავეებს არაერთხელ აქვთ მოპოვებული ინდივიდუალური და გუნდური ჩემპიონობა და სამი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელიც ხარ და უცებ ვიღაცას აღარ მოსწონს შენი მწვრთნელობა. ბოლო დღეების მოვლენებმა კი დამარწმუნა, რომ აღარასდროს უნდა დავთანხმდე საქართველოს ნაკრებთან მუშაობაზე.

- არადა, ცოტა ხნის წინ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაგნიშნეს.

- ახლა, რაღაცების დასარეგულირებლად გაცილებით მეტი შესაძლებლობაა და ფედერაციაში ბევრი რამის გამოსწორება ამ პოსტითაც შეიძლება. სამივე ასაკობრივ ნაკრებს: უფროსებს, ახალგაზრდულსა და ჭაბუკთა გუნდებს ვკურირებ და ვფიქრობ, მოჭიდავეებსა და მწვრთნელებთან მჭიდრო ურთიერთობით მდგომარეობა გამოსწორდება.

- ვიცოდით, რომ ზაიზენბახერს ფედერაციასთან კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატამდე აკავშირებდა. სწორედ მსოფლიო თასზე გვპირდებოდა ავსტრიელი მწვრთნელი მედლებს, თუმცა, რა შედეგიც ჰქონდა ნაკრებს, ყველამ ვნახეთ. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ზაიზენბახერთან ხელშეკრულება ოლიმპიადამდე ყოფილა გაფორმებული.

- მეც ასე ვიცოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ჰქონდა კონტრაქტი და არა ოლიმპიადამდე. ისე კი, რომ მოვიდა, მაშინვე ოლიმპიადამდე უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება, რადგან მოკლე პერიოდში შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. ოლიმპიურ თამაშებამდე ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ იმ მეთოდს, რასაც ავსტრიელი სპეციალისტი იყენებს, რაღაცებში არ ვეთანხმები.

- სწორედ მეთოდიკას მივადექით. თითქოს ძიუდოისტების ფიზიკური მომზადება გაუმჯობესდა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად, პირიქით, გადაღლილი ჩანან.

- ფიზიკურად შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ ძიუდოში თუ ვერ გამოიყენე, რად გინდა? ფიზმომზადება სპორტის სახეობასთან უნდა იყოს მისადაგებული. პეტერს რაღაც-რაღაცების შეცვლა მართებს და ვფიქრობ, შეძლებს სიტუაციის სწორად გაანალიზებას.

- აშკარაა, რომ ზაიზენბახერი ნაკრების ახალ სტილზე გადაწყობას ცდილობს. სიახლე კარგია, მაგრამ აუცილებელია, ძველის ჩანაცვლების ხარჯზე? თუ ქართულ ილეთებს აღარ გამოვიყენებთ, რომლის ხარჯზეც გვქონდა შედეგი და რომელთა შესასწავლადაც საქართველოში ძიუდოს შემქმნელები - იაპონელებიც კი ჩამოდიან ხოლმე, რა გამოვა?

- ყველა ქვეყანას თავისი საჭიდაო სტილი აქვს, ახალ სტილზე გადასვლას კი ათწლეულები სჭირდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტილი, რომელიც მომგებიანი იყო და ამის დაკარგვა დიდ შეცდომად მიმაჩნია. ახლის შესწავლას რომ ხუთ წუთს დაუთმობ, არსებულის, ტრადიციულის გამეორებას ერთი საათი უნდა გამოუყო, თორემ თუ ახალს გადაჰყევი, 2-3 წელიწადი მაინც არ გეყოფა მის შესასწავლად და ამასობაში ძველსაც დაკარგავ. ჩვენი სტილის ხარჯზე ვხდებოდით ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონები და ჩვენი სკოლა ერთ-ერთი წამყვანი იყო მსოფლიოში. ბავშვი დაბადებიდანვე მშობლებს, წინაპრებს ემსგავსება. ასეა ჭიდაობაშიც - რასაც ჩვენი მამა-პაპა აკეთებდა, ის გვაქვს სულში, ამას ვერ დაგვაკარგვინებენ!

- მართალია თუ არა, რომ ძიუდოისტების ნაწილს არ მოსწონს ახალი მეთოდიკა და ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით ვარჯიშს უარობენ?

- მეც მაქვს ასეთი ინფორმაცია და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა კორექტირება გაკეთდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ბიჭები წლების განმავლობაში ასე მუშაობდნენ და მოკლე დროში ვერ გადავაკეთებთ. მათი აზრი უნდა გავითვალისწინოთ, მათაც უნდა გაითვალისწინონ სხვისი და შეთახმებამდე მივიდეთ.

- ნაკრების ჩაბარება ისევ რომ შემოგთავაზონ, აღარ დათანხმდებით?

- არა! ბავშვი არა ვარ, დღეს ერთი ვთქვა და ხვალ - მეორე. ჯერ ორი წლის წინ რამხელა დარტყმა მივიღე, ახლა კი...

არადა, როდესაც ჩემი "დაბრუნების" ამბავი შეიტყვეს, ქუჩაში მაჩერებდნენ, მირეკავდნენ, ჟურნალისტებსაც შევატყვე, რომ გაუხარდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში რაღაც გამიკეთებია და ხალხს ჩემი იმედი ჰქონდა, თუმცა, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ უჩემოდ ქართული ძიუდო დაიღუპება... მაგრამ აშკარად ჩანს იმ პირთა ჯგუფი, რომელიც ნაკრებთან ჩემს მუშაობას აფერხებს. შეაფერხონ და იყონ...

- ვიცით, რომ შემოთავაზებები გქონდათ. ამ ორი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მუშაობაზე არ გიფიქრიათ? ან ბოლო დღეების ამბებმა საბოლოოდ ხომ არ გაგიტეხათ გული?

- მთელი ცხოვრება ქართულ ძიუდოს ვემსახურები და არც გამივლია გულში ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ ვინმე მოვამზადო. ზოგიერთი იმასაც იფიქრებს, შეთავაზება რომ ჰქონოდა, წავიდოდაო, მაგრამ ასეთებს, ალბათ, ისე ძალიან არ უყვართ სამშობლო, როგორც მე. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ხალხი და რაც უნდა გაბრაზებული ვიყო, არ შემიძლია, ქართველის წინააღმდეგ ვინმეს სეკუნდანტად დავუდგე!